ონლაინრომანი "დაქირავებული დიასახლისი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
X ნაწილი (იხილეთ დასაწყისი)
საღამო ხანი იყო. ვანო ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. აფორიაქებული ჩანდა. ვერიკომ მაშინვე შეამჩნია, რომ ვერ იყო მთლად კარგი ამბავი.
- ხომ მშვიდობაა? - პარმაღზე შეეგება ოჯახის უფროსს.
- თქვენთან საქმე მაქვს, - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა, თან მობილურზე გაცხარებული ეკამათებოდა ვიღაცას.
ქალს გული გადაუქანდა. ამისთანა რა უნდა მომხდარიყო?
- ცუდი ხომ არაფერია? - იკითხა შეშფოთებულმა, როცა ვანომ საუბარი დაამთავრა.
- თქვენი დახმარება გვჭირდება, - თხოვნა გაისმა მის ხმაში.
“გვჭირდება” არ მოეწონა ქალს. თამთას ჯერ კიდევ ეძინა. ვანო ოთახში შევიდა, დაღლილი სავარძელში ჩაესვენა და ვერიკოს ანიშნა, დაჯექიო. ისიც ჩამოჯდა.
- ვერონიკა, მე თქვენთან სამი სურვილი მაქვს წაგებული, არა? - დაიწყო მამაკაცმა.
ქალს გული მოეწურა. რაღაც ენიშნა. თქმით არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია.
- ჰოდა, ახლა უნდა შემისრულოთ ერთი. თუ გნებავთ, სამივეს ერთ სურვილში გაგიქვითავთ, - გაღიმება სცადა ვანომ, მაგრამ რატომღაც არ გამოუვიდა, - ოღონდ შემპირდით, რომ უარს არ მეტყვით. მე იმ პუნქტებს არ დავარღვევ, რომელსაც ჩვენი “კონტრაქტი” ითვალისწინებდა, - საჩვენებელი თითი გაფშიკა ოჯახის უფროსმა.
- გისმენთ, - ვერიკო დაიძაბა.
- არა, ჯერ პირობა მომეცით, - ჯიუტად ითხოვდა იგი.
ქალი შეყოყმანდა. რა არის ამისთანა, ასე დაჟინებით პირობას რომ ითხოვს?
- ნუ გეშინიათ, ცუდი არაფერი გემუქრებათ, - გაამხნევა ვანომ.
- მითხარით, ბატონო ვანო, რა საჭიროა ასეთი შესავალი. თუკი შემიძლია, ხომ იცით, უეჭველად გავაკეთებ.
- შეგიძლიათ. მაძლევთ პირობას?
- კი ბატონო, - დაყაბულდა, როგორც იქნა, თან ინტერესი კლავდა.
- სანდროს ხომ იცნობთ. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. სწორად გამიგეთ, რასაც ახლა გეტყვით. მე თქვენ პატივს გცემთ, ამავე დროს გენდობით, თანაც ბოლომდე. ამაში, მგონი, ეჭვი არ გეპარებათ. ჰოდა, იმას ვამბობდი, სანდროს შაბათს ქორწილი აქვს, დღეს პარასკევია, მაგრამ… - აქ ვანო შეჩერდა, შუბლი მოისრისა, თითქოს უჭირდა საუბრის გაგრძელება, - მაგრამ იმ გოგომ დაჰკრა ფეხი წუხელ და გათხოვდა, სხვას გაჰყვა ცოლად. გესმით?
ვერიკოს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა, თუმცა ვერ მიხვდა, თვითონ რა შუაში იყო ამ ყველაფერში.
- ორმაგად შერცხვენილია კაცი. ერთი, რომ ქალი გაუთხოვდა და მეორეც - ხვალ სტუმრებს ელოდება, - ვანოს ხმა ჩაუწყდა, - ვის უთხრას, საცოლემ მიღალატაო? ამას ვერ იტყვის… გამოსავალი მხოლოდ ერთია…
ვერიკო თითქოს რაღაცას მიხვდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. აცალა ვანოს, ბოლომდე ეთქვა სათქმელი.
- გამოსავალი მხოლოდ ერთია. ახალი პატარძალი უნდა ვიშოვოთ. პატარძალი ყველა ერთნაირია. ამას ვერავინ მიხვდება.
ახლა ყველაფერი ნათელი იყო. ვერიკოს ფერი ეცვალა და მისდა უნებურად ფეხზე წამოიჭრა.
- ძალიან გთხოვთ, ვერონიკა, ჯერ მომისმინეთ. უაზრობა იქნება იმის თქმა, გაიძულოთ, ცოლად გაჰყვეთ მამაკაცს, რომელიც არ გიყვართ და რომელსაც არ უყვარხართ. სულ სხვა რამე მინდა გითხრათ. გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი გულისთვის, ოდნავ მაინც თუ გაქვთ ჩემი ხათრი, მხოლოდ ერთი საღამო ითამაშოთ პატარძლის როლი. სანდრო დიდ ფულს გადაგიხდით, თუ უარს არ იტყვით.
“არავითარ შემთხვევაში!” - იკივლა ვერიკომ გულში. ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაუფერულდა. შეეშინდა, აღშფოთებისაგან არ ეყვირა. ეს როგორ გაუბედა! ამას ვერიკო ვინ ჰგონია! უკანასკნელი ქუჩის ქალი? მაგნაირებით სავსეა ქალაქი, წავიდეს და ეძებოს!
ვანომ მის ანთებულ თვალებს რომ შეხედა, მიუხვდა, რასაც ფიქრობდა და გააგრძელა:
- იაფფასიანი ქალის შოვნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოვა. იქ ისეთი ხალხი იქნება, ქუჩიდან მოყვანილ ქალს ვერ დასვამ, გამიგეთ? შეგიძლიათ გამიწიოთ ანგარიში? მთელი ცხოვრება თქვენ წინაშე დავალებული ვიქნები. მთხოვეთ, რაც გსურთ. ჩემი თავი გენაცვალოთ. ახლა ნურაფერს მეტყვით. საღამომდე იფიქრეთ. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
ვანო მძიმედ წამოდგა და ისე გავიდა ოთახიდან, ვერიკოსთვის არ შეუხედავს.
გაოგნებული ქალი კარგა ხანს გაუნძრევლად იჯდა.
***
თვითონაც არ იცის, რატომ დასთანხმდა. რაც უფრო იწურებოდა მოსაფიქრებელი დრო, მით უფრო რბილდებოდა მისი “არავითარ შემთხვევაში”; როცა ვანო საბოლოო პასუხის მისაღებად მის ოთახში შევიდა, უარის თქმის ძალა უკვე აღარ ჰქონდა. მამაკაცი კიდევ კარგა ხანს ესაუბრა. ბოლოს, როგორც იქნა, დაიყოლია. შეთანხმდნენ - ჯვრისწერა არ შედგებოდა, რათა მართალი ყოფილიყვნენ ღვთისა და სტუმრების წინაშე. ხელს ფორმალურად მოაწერდნენ, სხვების დასანახავად. ქორწინების სახლში საქმე უკვე მოგვარებული იყო. სანდროს თავისი მეგობრები არ გათქვამდნენ, ვერიკოს - მით უმეტეს. იგი თავისიანებიდან ხომ არავის დაპატიჟებდა.
ვერიკომ მთელი ღამე ნერვიულობაში გაატარა. კი დათანხმდა, მაგრამ ფულის აღებაზე უარი თქვა. ამასთან, არ უნდოდა გამართლებულიყო ვანოს სიტყვები - ყველა ქალს შეეძლო ჩემი დახმარება, მაგრამ მახვეწნინებდნენ, რათა ჩემი უმწეობისთვის ხაზი გაუსვათო. ვერიკოს არ უნდოდა, იმ “ყველა ქალს” დამსგავსებოდა. რამდენჯერმე წარმოიდგინა თავისი თავი საპატარძლო კაბაში, როგორი შესახედავი იქნებოდა, როგორ მოეწონებოდათ სტუმრებს “ვერიკო-პატარძალი” და ღმერთს შესთხოვდა - პატარძალიც კი განსხვავებული ყოფილიყო იმ “ყველა ერთნაირისაგან”.
იმ ღამეს ვანო ესიზმრა. უკვე მესამეჯერ ესიზმრებოდა. შიშველი იწვა ლოგინში, ვანოს გვერდით. მამაკაცი სასიყვარულო სიტყვებს ეჩურჩულებოდა და მთელი გრძნობით უკოცნიდა ყელს, ტუჩებს, მკერდს… ვერიკოს სიამოვნებისაგან თვალები მიბნედილი ჰქონდა. სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. იმდენად განიცდიდა ყოველივეს, თითქოს ეს ძილში კი არა, ცხადში ხდებოდა. თამთას ხველებამ გამოაღვიძა. ბავშვს საბანი გადაეხადა. სათუთად შემოუკეცა გვერდიდან საბნის კიდე და კვლავ დახუჭა თვალები. დაძინება სცადა, უნდოდა, ისევ გაგრძელებულიყო სიზმარი. სხეული უხურდა. ახლაც კი გრძნობდა ვანოს მკლავების სიმხურვალეს. ძილი გაუკრთა. სხვა გზა არ ჰქონდა, გათენებას უნდა დალოდებოდა. “კი მაგრამ, მე რომ უარი მეთქვა, ეს ხალხი ამ ერთ დღეში რას აპირებდა?” - გაახსენდა უცებ. გაუჩინეს თავსატეხი. ნეტავ საპარიკმახეროში წაიყვანენ? საქორწინო კაბას ჩააცვამენ თუ ჩვეულებრივს? ვინმე ნაცნობი რომ შეხვდეს ქორწილში? არა, ეს გამორიცხულია… მაგრამ ხომ შეიძლება ვერიკოს რომელიმე კურსელთაგანი სანდროს ნათესავი აღმოჩნდეს? ან მისი მეგობრის მეუღლე? არა, ეს შეუძლებელია. ღმერთმა ნუ ქნას, თორემ თავი მოეჭრება. ჰმ, დედამთილი რომ “გაეჩითოს” ქორწილში, აი, სასწაული ეს იქნება. იქ ამბები დატრიალდება-აა! ჩაეღიმა. რაც იქნება, იქნება. ვინ იცის, სანდროს შეიძლება ჭკუაშიც დაუჯდეს მერე და მერე ვერიკოს შერთვა. არც არაფერს წააგებს. სანამ უნდა იყოს სხვისი დიასახლისი? საკუთარ ქმარს მაინც მოემსახურება. მაგრამ რომ არ უყვარს? მაგას რა ჭკუა აქვს? სამაგიეროდ, მოსწონს. თანდათან სიყვარულიც მოვა. ლოგინი აახლოებს ქალსა და მამაკაცს. ასე არ იყო, ტარიელმა რომ მოიტაცა? სულ არ უყვარდა, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია და ბოლოს მათი ურთიერთობა სიყვარულშიც გადაიზარდა.
არა, ასე არ გამოვა. მაშინ სხვა სიტუაცია იყო, არავინ უყვარდა. ახლა კი… ახლა კი ყურებამდეა შეყვარებული. ვანოს რა დაავიწყებს! მით უმეტეს, იმისთანა რამეები ესიზმრება! სანამ ამ სახლში მოვიდოდა, ერთხელაც არ უნახავს ეროტიკული სიზმარი. მაგრამ რაც ვანოზე დაიწყო ფიქრი, უკვე მესამედ თუ მეოთხედ ესიზმრება ერთი და იგივე. სასწაული არ არის? ნეტავ სინამდვილეში როგორი მოფერება იცის? საინტერესოა, რა სიტყვებს იშველიებს, როცა საყვარელ ქალს ეფერება. ეჰ, ოცნებაში ამოხდება სული! ვერიკომ გვერდი იცვალა და ხელი ისე გადაუსვა ბალიშის ზედაპირს, თითქოს ვიღაცას ეფერებაო. “მე ასე მალე გავრეკავ”, - ხმადაბლა თქვა და ღრმად ამოიოხრა.
ის იყო, ვანომ თამთა თავის სიდედრთან წაიყვანა, რომ ჭიშკარს სანდრო მოადგა მანქანით. ვერიკოს მის დანახვაზე ელდა ეცა. გაწითლდა თუ გამწვანდა, ვერ გრძნობდა.
- დიდი მადლობა, ქალბატონო. მოკლედ, თქვენი ვალიდან ვერ ამოვალ, - გულზე ხელები დაიკრიფა “სიძემ”, - ჩვენზე იყოს თქვენი პატივისცემა. ჩაიაროს ამ ყველაფერმა და მერე მე ვიცი.
“შენ იცი და შენმა კაცობამ”, - გააგრძელა მისი სიტყვები ქალმა და მამაკაცს თვალებში შეხედა. უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, იმხელა შიში და შეშფოთება გამოსჭვიოდა სანდროს მზერიდან. “ამას რა გამოიყვანს მდგომარეობიდან, წასულია ხელიდან ამის საქმე”, - იმედი გადაუწურა გულში მამაკაცს.
ამასობაში ვანოც დაბრუნდა. მოილაპარაკეს: ჯერ საქორწილო კაბა აერჩიათ და სილამაზის სალონში მერე წაეყვანათ “პატარძალი”. სამივენი სანდროს მანქანაში ჩასხდნენ. ვანომ მძღოლი დანიშნულ დროზე სანდროს ბინაში დაიბარა.
კაბის ამორჩევა არ გასჭირვებიათ. სანდროს ნაცნობმა, ვინმე ნათიამ სულ რამდენიმე წუთში მოაგვარა ყველაფერი. სამოსი მართლაც რომ ულამაზესი იყო. კაკაოსფერ აბრეშუმის კაბას მხრები მოშიშვლებული ჰქონდა, ხოლო უკან თასმებით იკვრებოდა. ვერიკოს ხორბლისფერ კანს სწორედ რომ მოუხდებოდა. ტანსაცმელს ფეხსაცმელი ადვილად მიუსადაგეს. სადღაც, გულის სიღრმეში, უხაროდა კიდეც, პატარძლის როლი რომ უნდა ეთამაშა, ამავდროულად, რაღაც ქვეშეცნეულად აწუხებდა. გადაწყვიტა, აღარ ეფიქრა ამაზე…
პარიკმახერი ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა
- სტილისტი დოდი, - გაეცნო იგი ქალს და ხელი ჩამოართვა.
შეცბუნებულმა ვერიკომ ხელი ჩამოართვა და უხერხულად გაიღიმა.
- რამდენ ხანს დაველოდოთ? - იკითხა სანდრომ.
- სანდრიკ, შენ რაში მჩირდები, ზმაო, ორ საათში გამოიარე. აქ მე ვიცი, ვსიო. მაკიაჟს კარინა მიხედავს. ნი ნერვნიჩაი. ვერ იცნობ შენს კნეინას, ტაკაია ბუდეტ, - დოდიმ თვალი ჩაუკრა სიძეს და ხელები მოისრისა.
- მერე გავსწორდებით. აბა შენ იცი, შენი იმედი მაქვს, - მხარზე ხელი მოუთათუნა სანდრომ პარიკმახერს.
- ვერონიკა, ორ საათში აქ ვართ. იმედია, არ დამაღალატებთ, - ვანო ვერიკოს მოუბრუნდა, - და არ გაიქცევი ჩვენს არყოფნაში.
- ვეცდები, - ნაღვლიანი ხმით უპასუხა ქალმა. დიდრონი თვალები საწყალობლად მიანათა “პატრონს”.
…დოდი დიდხანს არჩევდა ვარცხნილობას.
…ორ საათში პატარძალი “მზად იყო”. ვანო უკვე ყოველ წუთში ურეკავდა ვერიკოს, გარეთ გელოდებითო.
- აბა, ჩაიხედეთ სარკეში, - შესძახა კარინამ, როცა ვერიკოს მაკიაჟის კეთებას მორჩა, - ნახეთ, როგორი სხვანაირი გახდით. ეს კაბა პირდაპირ გაკვდებათ ტანზე.
ვერიკომ თვალები გაახილა. წამოდგა და სარკეს მიუახლოვდა. გული აუჩქროლდა თავისი ორეულის დანახვაზე. სარკიდან ენით აუწერელი სილამაზის ქალი იცქირებოდა. მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა.
- ხომ მაგარია? - კარინამ უკნიდან ხელი მოხვია მოშიშვლებულ მხრებზე და გვერდიდან გამოხედა, - ყველაზე ლამაზი პატარძალი ხართ, ვინც ჩემთან ოდესმე ყოფილა.
- გმადლობთ, - დაიმორცხვა ვერიკომ და ისე მოიღერა ყელი, აშკარა იყო, ქათინაური შეიფერა.
გარეთ გამოვიდა. მსუბუქი ნაბიჯებით დაუყვა კიბის საფეხურებს. თვალებით ვანოს “მერსედესი” მოძებნა. გზისპირას, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურთან უცდიდნენ მამაკაცები.
ამ დროს ვერიკოს მობილური აწკრიალდა.
- ვერონიკა, ვაგვიანებთ, - გაისმა ვანოს ხმა.
- მე უკვე აქ ვარ, ჩამოვდივარ, - თქვა ქალმა და ხელი დაუქნია მანქანაში მსხდომთ.
“მერსედესის” კარი ორივე მხრიდან გაიღო და ორი გაოგნებული მამაკაცი ერთდროულად გადმოვიდა მანქანიდან. სანდრო მისკენ გამოქანდა, ვანო ადგილიდან არ დაძრულა.
- რა ლამაზი ხართ, ულამაზესი, - აღფრთოვანებას ვერ მალავდა სანდრო და ხელებგაშლილი წრეებს ურტყამდა ქალს.
ვანოს არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თითქოს ვერიკო მისი საკუთრება ყოფილიყო და პირველად ეჩვენებინოს სხვისთვის “ძვირფასი ქონება”.
ვერიკოს გული ძლიერად უცემდა. უხაროდა, ძალიან უხაროდა, ასეთი ლამაზი რომ იყო. მისი მხრებისა და ნახევრად შიშველი გულმკერდის შემხედვარე ვერც ერთი მამაკაცი ცდუნებას ვერ გაუძლებდა.
- რა ვქნა, მართლა ხომ არ დავიტოვო ეს ანგელოზი ჩემთვის? - სანდრო ისე გამხიარულდა, საერთოდ გადაავიწყდა თავისი გასაჭირი.
ვანომ ნაძალადევად გაიღიმა. რამდენადაც სანდრო გამხიარულდა, იმდენად მოიწყინა ვანომ. ვერიკოს ეს არ გამოჰპარვია. “ეჭვიანობს”, - ნიშნის მოგებით დაასკვნა ქალმა და გულში გაიღიმა.
მანქანა დაიძრა. საჭეს ვანო მიუჯდა.
- ახლა თქვენს მეჯვარეს გავუაროთ, - მიუბრუნდა სანდრო ვერიკოს.
ქალმა მორიდებით გახედა. სიძეც მშვენიერ ფორმაში იყო. შავი ფერის პიჯაკსა და თეთრ პერანგში გამოწყობილს ვერიკოს კაბისფერი ჰალსტუხი ეკეთა.
- მაგარი წყვილი ვართ, არა, ვანო? შენ რას იტყვი, ძმაო, - ზურგზე ხელი დაჰკრა სანდრომ მეგობარს. ვანომ სარკეში შეხედა უკან მსხდომთ.
ვერიკომ მისი მზერა დაიჭირა. თითქოს საყვედური თუ სინანული იკითხებოდა მამაკაცის თვალებში, თითქოს შურდა ძმაკაცის.
- უკაცრავად, მაგრამ იქნებ მითხრათ, მე რა მქვია სახელი? - გაახსენდა უცებ ვერიკოს.
- სახელი? - სახელის ხსენებაზე სანდროს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, - როგორ დამავიწყდა ეგ, არც გამხსენებია. თაკო გქვიათ, თაკო დათუნაშვილი.
ვერიკოს მზერა კიდევ ერთხელ წააწყდა სარკეში ვანოს თვალებს. ქალმა დაჟინებით შეხედა. წამწამიც კი არ დაუხამხამებია. ისევ ვანოს მოუწია თვალის არიდებამ. სხვაგვარად შეიძლება რამეს დაჯახებოდა…
***
საქორწინო სახლის წინ უამრავ სტუმარს მოეყარა თავი. საკმაოდ ციოდა. სანდრო ამაყად გადმოვიდა მანქანიდან და ვერიკოს ხელი გაუწოდა. “პატარძლის” დანახვაზე ზოგიერთს მოწონების შეძახილიც კი აღმოხდა. თითქოს ხმაურის ტალღამ გადაუარა შეკრებილ ხალხს. მხოლოდ რამდენიმემ, ისიც სანდროს მეგობრებში, მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს, რადგან იცოდნენ, რაშიც იყო საქმე. თუმცა იმ წუთში ყველას ერთი აზრი მოუვიდა თავში - ბარემ დაეტოვებინა ეს ლამაზი ქალი, ვინღა უნდა შეერთო უკეთესი?
- სად გაჩითე, შე მხეცკბილა, ამისთანა ქალი? - სხვებისგან შეუმჩნევლად გადაულაპაარკა ვილიმ სანდროს.
- არ გეცნობა? - ზედ ყურთან უჩურჩულა იმანაც ძმაკაცს.
- არა?! - წარბები ასწია გაოცებულმა ვილიმ და ახლა უფრო ინტერესით შეათვალიერა ვერიკო.
- ძალიანაც კარგი, არც არის საჭირო, - სანდრომ სიცილი ვერ შეიკავა და სახეგაბადრულმა სიცივისგან მობუზულ ვერიკოს მხარზე თამამად მოხვია ხელი. აბა რა, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ნამდვილ სიძეს შეეფერებოდა.
საბანკეტო დარბაზში თბილოდა.. ვერიკოს უკვე აძაგძაგებდა სიცივისგან. კიდევ კარგი, ვანომ მაინც მოიფიქრა და თავისი პიჯაკი გზაშივე მოახურა, თორემ აქ მოსვლამდე გაიყინებოდა. ნელ-ნელა გათბა. დარბაზში ისედაც არ ციოდა, თანაც ვანოს პიჯაკს პატრონის სხეულის სითბო გამოჰყოლოდა. მალულად დაყნოსა სამოსი. საყვარელი ადამიანის სასიამოვნო სურნელი შეიგრძნო. სიზმარი გაახსენდა. მისდა უნებურად თვალები დახუჭა. “ნეტავ ამ წუთში ჩემ გარდა სხვაც თუ ფიქრობს სექსზე?” - თვალი მოავლო დარბაზს. სტუმრები ერთმანეთს ებაასებოდნენ, ზოგი მათგანი უკვე ადგილს ეძებდა დასაჯდომად.
ქეიფიც მალე გაჩაღდა. ვერიკო თვალებგაფაციცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ვინმე ნაცნობს არ გადავაწყდეო. ცოტა ხანში დამშვიდდა, მიხვდა, რომ ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრებოდა.
სანდროს ხელისმომკიდეს ვერიკო პირველად ხედავდა. იგი დაბალი იყო, ჯმუხი და, ყველა სიკეთესთან ერთად, ოდნავ ელამიც. მარცხენა თვალი განზე გაურბოდა ხანდახან და ამიტომ ცალი თვალის მოხუჭვა უხდებოდა შიგადაშიგ, სიელმე რომ დაეფარა. ისე, არ ჩანდა ცუდი კაცი.
ვანო მარჯვენა მხარეს, განაპირა მაგიდის კიდეში იჯდა, პირით ვერიკოსკენ და მთელი საღამო ქალს მიშტერებოდა. სასმელს მიეძალა, თანაც თვალს არ აშორებდა “პატარძალს”. ჩანდა, ხასიათი წახდომოდა. ვერიკოს გული შეეკუმშა. თვითონაც გაუფუჭდა ხასიათი. უნდოდა როგორმე შეხმიანებოდა მამაკაცს, ბოლოს მოიფიქრა და თვალებით ანიშნა, პიჯაკი ხომ არ გინდაო. არაო, ხელი დაუქნია ვანომ უარის ნიშნად და ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა.
როგორ მოუვიდა! ალბათ, ღვინომ გაათამამა. რა სხვანაირი ხდება სიმთვრალეში! ამის გაფიქრებაზე სასიამოვნო სითბომ დაუარა სხეულში.
- რაც იქნება, იქნება, დარჩი ჩემთან, - მოულოდნელად ზედ ყურთან უჩურჩულა სანდრომ, - მაგრად მომწონხარ, - დააყოლა და ტუჩებით ოდნავ შეეხო ყვრიმალთან. ვერიკო არ განძრეულა. ვანოს მისჩერებოდა, რომელიც ამ სცენის დანახვაზე კიდევ უფრო დაიბოღმა…
…სადღეგრძელოს სადღეგრძელო ცვლიდა. ვერიკო (იგივე თაკო) და სანდრო თამადის ყოველ მორიგ “გამოსვლაზე” მადლობას იხდიდნენ ფეხზე ადგომით. მალე ცეკვებიც გაჩაღდა. ჯერ “პატარძალი” გაიწვიეს, მერე “სიძესაც” დასდეს პატივი. სტუმრები ნელ-ნელა შეზარხოშდნენ. თანდათან ხმაურმაც იმატა. რამდენიმე ჭიქა ვერიკომაც დალია. თვალები გაუბრწყინდა, გათამამდა. უკვე აღარ სციოდა. ხასიათზე მოსული მამაკაცები რიგრიგობით იწვევდნენ “პატარძალს” საცეკვაოდ. ბოლოს ვანოს რიგმაც მოაღწია. ქალს უცნაურმა ტალღამ დაუარა ვანოს შეხებაზე. მოშიშვლებული მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა. ასე ახლოს პირველად აღმოჩნდა “პატრონთან”. გრძნობდა, როგორ მოიწევდა მამაკაცი მისკენ.
- მოგწონთ მასკარადი? - “თქვენობით” საუბარს არ იშლიდა ვანო.
- არა უშავს. მთავარია, “არ ჩავიჭერი”, - გაიღიმა ქალმა.
- იმედია, ყველაფერი რომ ჩაივლის, შინ წამოხვალთ, - ვანომ უფრო მჭიდროდ მოხვია წელზე ხელი და თითები ოდნავ მოუჭირა.
- რა თქმა უნდა, აბა, სად წავალ? შინ მირჩევნია, - ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოთქვა სიამოვნებისაგან მოთენთილმა, მხრები აიჩეჩა და წამით მიეყრდნო “პატრონის” მკერდს.
- რა ვიცი, იქნებ აქ დარჩენის სურვილი გაგიჩნდათ, - მომნუსხველად ჩააშტერდა თვალებში.
- არა, ეგ გამორიცხულია, - თავი გადააქნია “დაქირავებულმა დიასახლისმა” და ვილისთან მოსაუბრე “მეუღლეს” გახედა.
- კიდევ კარგი, თორემ კინაღამ გული გამიჩერდა.
ამის გაგონებაზე კინაღამ ვერიკოს გაუჩერდა გული. გაისუსა.
- იცით, ახლა რას ვნატრობ? - ვანოს ხმა შეეცვალა.
- არ ვიცი… რას?
- სულ ერთი წუთით შუქი ჩაქრებოდეს.
- რატომ?
- რატომღაც ძალიან მომინდა თქვენი კოცნა, - მამაკაცმა კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში.
- მერედა, ვინ გიშლით, მაკოცეთ, - ეშმაკურად გაუღიმა ქალმა.
- ესე იგი, კოცნის უფლებას მაძლევთ? - გამოცოცხლდა ვანო.
- თქვენ ორი სურვილი კიდევ დაგრჩათ, როგორც მახსოვს.
- ჰო, მაგრამ “ინტიმური პუნქტები” რომ არ შედის ჩვენს კონტრაქტში?
- ჩვენი ნება არაა? ძველი გავაუქმოთ და ახალში შევიტანოთ, - მაცდურად გაუღიმა ვერიკომ და თავი გვერდზე გადახარა.
- გაჩუმდით, თორემ მართლა გაკოცებთ, - “მუქარაზე” გადავიდა მამაკაცი.
- ვერ შემაშინებთ, - “ვაჟკაცურად” მიიღო გამოწვევა ქალმა.
- კარგი. მაშინ, შინ რომ მივალთ, მყისვე განვახორციელებ ამ “პროცედურას”. ოღონდ არ ვიცი, მერე რა იქნება, ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ, - თავი დაიზღვია “პატრონმა”.
- არა უშავს, კიდევ ერთხელ შევასრულებ პატარძლის როლს. მგონი, არ გამომდის ცუდად, - ქალი აშკარად იწვევდა მამაკაცს.
სათქმელი ბოლომდე ითქვა. მოსახდენი უნდა მომხდარიყო.
- იცით? არ მეგონა, ასეთი ლამაზი თუ იყავით. დღეს რომ დაგინახეთ, ენა ჩამივარდა. თვალებს არ დავუჯერე. რას ვიფიქრებდი, იმ უბრალო კაბების მიღმა ასეთი სხეული თუ იმალებოდა, - თითქოს თავს იმართლებდა იგი.
- აჭარბებთ, ბატონო ვანო! - გაინაზა ვერიკო, თუმცა ქათინაური შეიფერა.
მუსიკა შეწყდა. ვანომ ხელი უშვა ქალს, მადლობა გადაუხადა და საპატიო მაგიდამდე მიაცილა.
სანდრო კარგა გვარიანად შემთვრალიყო. როგორც ჩანდა, სასმელმა გაქცეული საპატარძლო გაახსენა, ღრმა სევდა აღბეჭდოდა სახეზე, მაგრამ ვერიკოს იგი უკვე აღარ აინტერესებდა.
ქორწილი გვიან ღამემდე გაგრძელდა. მერე სტუმრები ნელ-ნელა დაიშალნენ. დარჩენილებმა ნეფე-პატარძლის მაგიდასთან მოიყარეს თავი.
- სანდრო, რა ვქნათ? - ვანო “სიძეს” მიუახლოვდა, - არ წავიდეთ სახლებში?
- მოიცა, სად გეჩქარება. ხვალაც კი არ მექნება ქორწილი. დილით საქორწილო მოგზაურობაში მივფრინავ… ვითომ, - დააყოლა სევდიანად და ვერიკოს თვალი ჩაუკრა.
- წავიდეთ, რა, - ქალს ერთი სული ჰქონდა, აქედან დროზე წასულიყო.
- დარჩი, ვერიკო და ხვალ მართლა წავიდეთ საქორწილო მოგზაურობაში. შენ მაინც ნუ გამექცევი, კარგი? - სანდრომ გულის მომკვლელად გაიღიმა.
- ე-ე-ჰ, სანდრო, სანდრო… მგონი, ბევრის დალევა მოგივიდა, მეგობარო. უკვე წასვლის დროა. რა ვქნა, შენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ ეს ქალი უნდა წაგართვა, - ვანომ ვერიკოს მაჯაში წაავლო ხელი.
“სიძემ” ხელები გაასავსავა, აქაოდა, თავს ზევით ძალა არა მაქვსო.
- აქედან მაინც ერთად უნდა გავიდეთ, რას იფიქრებენ სხვები, - დაამუნათა სანდრომ მეგობარი.
- კი ბატონო, ეგრე იყოს, - დათანხმდა ვანო.
- წავედით და წავედით! - სანდრო ბარბაცით წამოდგა და “ცოლს” ხელი მოხვია.
- მე ჯერ კაბა უნდა გამოვიცვალო, ასე ხომ არ წამოვალ, - ტანზე დაიხედა ვერიკომ.
- გეცვას, კაბას ხვალ დავაბრუნებთ, - არ დაანება ვანომ და ქალის ამობურცულ მკერდს ხარბად დააშტერდა.
ვანომ სანდრო სახლამდე მიიყვანა და ვერიკოსთან ერთად გზა გააგრძელა. ხმას არც ერთი არ იღებდა. თითქოს უბრად იყვნენ. მანქანის სალონში მხოლოდ ბორბლების ხმაური ისმოდა.
ვანომ მანქანა ეზოში შეიყვანა, ავტოფარეხთან გააჩერა, მერე წინა სალონის კარი გამოაღო და ვერას გადმოსვლაში მიეხმარა. პირისპირ აღმოჩნდნენ ერთმანეთთან. მამაკაცმა წელზე მოხვია ხელი, მკერდზე მოწყურებულად მიიხუტა. ქალს სუნთქვა შეეკრა.
- ვარღვევ პირველ პუნქტს, - ჩაიჩურჩულა მამაკაცმა, თავი გადაუწია ქალს და ტუჩებზე დააცხრა.
თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთმანეთს. როგორ უნდოდა ვერიკოს, უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს წუთები. ენით აუწერელ სიამოვნებას განიცდიდა, მუხლები ეკვეთებოდა. მამაკაცს აღარაფერი ახსოვდა, ტუჩებიდან ქალის ყელზე გადაინაცვლა, ბოლოს მის მკვრივ მკერდს გადასწვდა. აცახცახებული ვერა მთელი სხეულით ეკვროდა “პატრონს”. ვნებამორეული მოეშვა, თავი გვერდზე გადააგდო და მთლიანად მიენდო მამაკაცის მკლავებს…
მოულოდნელად ვანო მოსწყდა ქალს, ხელი შეუშვა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ცივად თქვა:
- წადით, ახლა, ვერონიკა, დაიძინეთ, უკვე გვიანაა.
ვერიკო გაშრა. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს ყოველივე. კარგა ხანს იდგა გახევებული. მერე ადგილიდან დაიძრა და სახლს უკნიდან მოუარა. აუზთან მივიდა. ხელის ერთი გაკვრით შეიხსნა კორსეტის თასმები. კაბა მიწას დაეფინა. მერე მთლიანად გაშიშვლდა. შესცივდა. მთვარის შუქზე სხეული თეთრად ულაპლაპებდა. გაირინდა. ცვილის ქანდაკებას ჰგავდა. ოდნავ დაიხარა და წყალი ფეხით მოსინჯა. ყინულივით ცივი ეჩვენა. არა, ახლა რომ აუზში ჩავიდეს, ყველაზე ცოტა, ფილტვების ანთებას დაიმართებს. ღირს კი? რისი ან ვისი გულისთვის?..
მოიხედა. მეორე სართულს ახედა. ბნელ ფანჯარაში ვანოს სილუეტი დალანდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, მამაკაცი უთვალთვალებდა. უყუროს, კარგად უყუროს! ნახოს, რა ქალზე თქვა უარი. შეხედოს, რა ასხლეტილი ტან-ფეხი აქვს, როგორი სალუქი მკლავები, გლუვი მუცელი, მაღალი თეძოები, მკერდი… გასკდეს გულზე! ახლავე დაურეკავს სანდროს და… ბოლოს მოუღებს ამ ყოფას. ამის გაფიქრებაზე მსწრაფლ გადაიცვა კაბა და სირბილით თავისი ოთახისკენ გაქანდა. ცრემლები ახრჩობდა. შესვლისთანავე გამოიცვალა სამოსი და სარკეში ჩაიხედა. როგორ სძულდა საკუთარი თავი.
უცებ კაკუნი გაისმა. შეკრთა. კარი გააღო. ზღურბლზე ვანო იდგა. თვალები უცნაურად უელავდა.
- ვერონიკა, მე მგონი, თქვენი, როგორც მოსამსახურის ფუნქცია, ამოიწურა ამ ოჯახში, - პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო მამაკაცმა და ოთახში შევიდა, - თქვენ რას იტყვით? არ მოგბეზრდათ ამდენ ხანს დაქირავებული დიასახლისობა?
სუნთქვაშეკრულ ვერიკოს კინაღამ წამოსცდა, არაო, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი. თვალები დახარა, ვანომ შეცბუნება არ შემამჩნიოსო.
- თქვენს პასუხს ველოდები.
- როგორც საქმისთვის აჯობებს, ისე მოიქეცით, ბატონო ვანო. მე თქვენი ნებართვით მოვედი აქ და თქვენივე ნებართვით წავალ.
- იცით, რაშია საქმე? უკვე დადგა დრო, ცოლი შევირთო. თამთას დედა სჭირდება. მინდა ღამით დედა აძინებდეს და დილითაც დედა აღვიძებდეს, აჭმევდეს და ასეირნებდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, არა ვარ მართალი?
ვერიკომ უსიტყვოდ დაუქნია თავი. ხმის ამოღების თავი არ ჰქონდა. ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, ცრემლად დაიღვრებოდა.
- მე… როდიდან ვარ თავისუფალი?
- რაც მალე, მით უკეთესი, - ვანო გამომცდელად მისჩერებოდა მოსამსახურეს.
ქალს გული შეეკუმშა. ვერ მიხვდა, ისეთი რა ჩაიდინა, ასე რომ გაწირა “პატრონმა”. საყვედურით სავსე მზერა მიაპყრო მამაკაცს და კარისკენ შეტრიალდა.
- ვერონიკა, - ხმადაბლა დაუძახა ამ დროს ვანომ.
შეჩერდა.
- გახსოვთ, ერთხელ რომ გითხარით, ვინც პირველი დამიძახებს ვანოს, ცოლად იმას შევირთავ-მეთქი?
- დიახ, მახსოვს.
- მერე?
- რა მერე? - ვერ მიხვდა.
- არა გაქვს სურვილი, ვანო დამიძახო? - უცებ “შენობითზე” გადავიდა მამაკაცი, თუმცა ვერას ეს არც შეუმჩნევია, ისე იყო დაძაბული.
- არა, რას ამბობთ! - შორს დაიჭირა.
- რატომ?
- არ შემიძლია და იმიტომ. თქვენ ჩემი დამქირავებელი ხართ, მე თქვენ გემსახურებით.
- რას ნიშნავს არ შეგიძლია, ნუთუ ასე ძნელია?
- არ შემიძლია, ვანო, გემუდარები, ნუღარ მელაპარაკები ამაზე! - განწირული ხმით იყვირა ვერამ.
- აი ხომ ხედავ, რა ადვილი ყოფილა, - გადაიხარხარა ვანომ, - მოდი ჩემთან, სულელო, მოდი… შენ უკვე აღარ ხარ სხვისი დიასახლისი, შენ დღეიდან ჩემი დიასახლისი ხარ.
ვერიკოს ყურები დაუგუბდა. თითქოს რაღაც გუგუნის ხმა ჩაესმოდა მხოლოდ. არ ახსოვს, როგორ მიუახლოვდა მამაკაცს, როგორ ჩაესვენა მის მკლავებში, არც ის ახსოვს, მერე რა მოხდა… გონს რომ მოვიდა, ვანოს გვერდით იწვა ლოგინში - შიშველი, მოთენთილი, კმაყოფილი, გაბრუებული… თითქოს წინა ღამით ნანახი სიზმარი განმეორდა…
…რამდენიმე დღეში ვერიკო ვანო მუმლაძის დიდი სახლის დიდი დიასახლისი გახდა… ყველაზე ბედნიერი დიასახლისი სამყაროში…
თვითონ ამბობს ასე...
დასასრული