ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას და რის გამოყენებასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, თუ გვსურს, ზრდასრულ ასაკში საღი აზროვნება, მეხსიერება და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ:
- ყველა ის ინფორმაცია, რომლებსაც გაგიზიარებთ, პრაქტიკულად უნივერსალურია. გაგახსენებთ, რომ ნერვული სისტემა ჩვენი ორგანიზმის მართვის პულტია. ყველა ორგანო, სისტემა არის ორკესტრი, რომელსაც ერთი დირიჟორი ჰყავს, თავის ტვინის სახით. იმუნური სისტემა ჩვენი ორგანიზმის დაცვაზე მთლიანადაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ნერვულ სისტემაზე, შესაბამისად, კავშირის ხელოვნურად ძებნა არც გვჭირდება. ასეთი კავშირი ბუნებრივად არსებობს. მაგრამ, მოსაძებნია კავშირი კვებას, ნერვულ სისტემასა და იმუნურ სისტემას შორის.
დადგენილია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ანთებას ხელს უწყობს, ბავშვის ნერვულ სისტემას, თავის ტვინსა და მის განვითარებასაც აზარალებს. მეორე მხრივ, ასუსტებს იმუნიტეტს. შესაბამისად, ასუსტებს ბავშვის იმუნურ პასუხს სხვადასხვა გამოწვევაზე. ყველა ის პროდუქტი, რომლებიც კალორიებითაა დატვირთული, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბია, პრობლემაა ნერვული სისტემის განვითარებისთვის, თავის ტვინისთვის, შემეცნებისა და რასაკვირველია, იმუნური სისტემისთვის.
როდესაც კვება კალორიებით მდიდარია, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ რომელი ნივთიერებებით იტვირთება ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმი. ესენია:
ასეთ პროდუქტები უდავოდ გემრიელია, ბავშვებს უყვართ, მათ ურჩევნიათ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტის ნაცვლად, რომელსაც თუნდაც მოხარშული ხორცით მოვუმზადებთ, ძეხვი, სოსისი, დაბრაწული, შემწვარი, დაშაშხული, მარილსა და კვამლში გამოყვანილი პროდუქტები მიირთვან. იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური გემოები ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა ხოლმე.
ბავშვებს უყვართ წახემსება ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა: ჩიფსი, ბურბუშელა, ხრაშუნა პოპკორნი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, პურ-ფუნთუშეული, სწრაფი კვების პროდუქტები. ეს ტვინის განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის ერთხელ მოხმარებით პრობლემას არ შექმნის. ჯანმრთელი ბავშვებისთვის ხანდახან ასეთი პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია. მაგრამ როდესაც სისტემატურ, არარაციონალურ, დიდი რაოდენობით გამოყენებაზე ვსაუბრობთ, მაშინ რისკი ცალსახაა. ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობაზე, თავის ტვინსა და იმუნურ სისტემაზე აუცილებლად აისახება.
ამისთვის რამდენიმე პროდუქტი გვაქვს და მათ შორის, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელო ცილა, რომელსაც "სიცოცხლის მოლეკულას"ეძახიან. ცილა სჭირდება იმუნიტეტსაც და თავის ტვინსაც. ყველა ამინომჟავა რომ შედის, ისეთი ცილა. ცილა, სწორად შერჩეული ნახშირწყლები, თუთია იმუნიტეტსაც და თავის ტვინის განვითარებასაც სჭირდება.
ასევე, უნდა გავითვალისწინოთ B ჯგუფის ვიტამინები. გავითვალისწინოთ A ვიტამინი და მისი წინამორბედი ნივთიერებები, რომელთა არსებობაც საკვებში ტვინსაც სჭირდება და იმუნიტეტსაც. მაგრამ, დღეს 2 ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი მინდა, გამოვყო, რომლებზეც ნაკლებად ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას. არადა, მათზე ხშირად არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება ბავშვის თავის ტვინი და რამდენად დაცული იქნება ჩვენი ორგანიზმი, რამდენად მტკიცე იქნება ჩვენი იმუნიტეტი. ეს არის რკინა და ქოლინი. როგორც ირკვევა თავის ტვინის, ბავშვის ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარების, იმისათვის, რომ ზრდასრულ ასაკში საღი, ადეკვატური აზროვნება, სწორი შემეცნება გვქონდეს, რკინა და მისი შესაბამისი მოხმარება გვჭირდება.
რკინა , ძირითადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშია. მაგალითად, წითელი ხორცის შემადგენლობაში არსებული რკინა, რომელშიც საქონლის, ფრინველის ხორცი იგულისხმება. რკინა გარკვეული რაოდენობით თევზსა და კვერცხშიცაა. უნდა გავითვალისწინოთ მცენარეული წყაროც. რკინა გვხვდება გამომშრალ პროდუქტებში. მაგალითად, ლობიოში, სხვადასხვა სახის თესლში, გაღვივებული ხორბლის პროდუქტებში, მაგალითად, ახალგაზრდა ჯეჯილში, ან გაღვივებისთანავე გამოყენებულ ხორბალში. გასათვალისწინებელია სხვადასხვა მარცვლეულ-ბურღულეული, გამომშრალი ხილი, რომელშიც იგულისხმება, მაგალითად, გამომშრალი ყურძენი - ქიშმიში. ქლიავის ჩირი, გარგრის ჩირი. მათთან ერთად, ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ისპანახი, ან სეზონურად მიწასთან ახლოს მზარდი ბოსტნეული, რომლების დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, ეს კი რკინის შეთვისებაში გვეხმარება.
თუ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ პროდუქტებს დავაწყვილებთ, მაგალითად, სეზონურ ხილთან ერთად, როგორიცაა ციტრუსი, ან დავაწყვილებთ ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით მდიდარ კენკრასთან, ავოკადოსთან - კარგი ცხიმის, ცილისა და დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველ პროდუქტთან, იდეალურ კომბინაციას მივიღებთ, რომელიც ტვინსაც წაადგება და იმუნიტეტსაც.
ქოლინი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც დიდი რაოდენობითაა წითელ ხორცსა და ფრინველის ხორცში. რეკორდულად დიდი რაოდენობითაა კვერცხში, მცირე რაოდენობითაა თევზშიც. მისი მიღება მიზანშეწონილია C ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების შემცველ პროდუქტებთან ერთად. ანტიოქსიდანტები სხვადასხვა ფერად პროდუქტშია გაბნეული და სწორედ ფერად-ფერად პიგმენტს უკავშირდება. ამიტომ, რაც უფრო მეტი ფერის, რაც უფრო მრავალფეროვნებით გამოვიყენებთ პროდუქტებს, მით მეტ ანტიოქსიდანტს მივიღებთ. წყლის ადეკვატური მოხმარება, მცენარეული ბოჭკოს გამოყენება, მით უფრო, ნაზარდის, მიკრობიომისა და მიკრობიოტას მოწესრიგება, რძის ნაწარმის სწორად მიღება ბავშვის ტვინისა და იმუნიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცხადია, ეს ყველაფერი იმ პროდუქტებთან კომბინაციით, რაც უკვე მოვათავსეთ თეფშზე პრინციპით: დღე-ღამის რაციონის ნახევარი ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს, ხოლო მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად, რძის ნაწარმისა და წყლის გათვალისწინებით.