ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს და ასახელებს იმ მიზეზებს, რომლებიც შესაძლოა თითების უნებლიე კანკალს, ანუ ტრემორს იწვევდეს:
- ზოგიერთი ადამიანი, როცა მტევანს წინ გამოსწევს, შენიშნავს, რომ მისი თითები უნებლიეთ მოძრაობს. მოგიყვებით, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა, რისგანაა გამოწვეული და ღირს თუ არა დაპანიკება.
როცა ხელს გამოსწევთ და ამ დროს თითები კრთის, ეს არ ნიშნავს, რომ პარკინსონის დაავადება გაქვთ. ფიზიოლოგიურ ტრემორს შესაძლოა, რაღაც ამწვავებდეს და კიდევ უფრო გამოხატული იყოს. ასეთ დროს, ხელს რომ გამოსწევს ადამიანი, თითები საგრძნობლად კრთის. ეს შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, ოჯახის სხვა წევრს და არ იციან, რა გააკეთონ, ვის მიაკითხონ. თუ ივარჯიშეთ, ან რაღაცას აკეთებდით და ამის შემდეგ გაქვთ ტრემორი, ნორმაა. ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ფიზიოლოგიური ტრემორი ხშირადაა გამოხატული. თუ ბავშვს აქვს ხელის კანკალი, ძალიან ხშირად, ეს შფოთვის ნიშანია. შესაძლოა გამოცდები აქვს, სტრესულ პირობებშია... იგივე შეიძლება, ზრდასრულსაც ჰქონდეს. შფოთვის დროს თითების ტრემორი ხშირია.
გარდა ამისა, თითების ტრემორი ძალიან ხშირად შესაძლოა, სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირებით, ანუ ჰიპოგლიკემიით იყოს გამოწვეული. არ არის აუცილებელი, გლუკოზის რაოდენობა 70-ს ქვემოთ იყოს, რომ ტრემორი განვითარდეს. თუ თითები გიკრთით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს სხეულს გლუკოზა აკლია და სწორედ ამიტომაა, რომ სიმპათიკური ნერვული სისტემა ირთვება და ტრემორი იწყება. ამიტომ, გლუკოზის რაოდენობა დროულად უნდა შეავსოთ.
ასევე, თითების ტრემორი შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობით იყოს გამოწვეული. ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ მისი ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე უფრო მეტ ჰორმონს გამოჰყოფს. ამას ჰიპერთირეოზი ჰქვია. ჭარბი რაოდენობით ჰორმონები სწორედ რომ ტრემორს იწვევს.
მოხუცებში თითების ტრემორი ხშირად იმიტომ გვხვდება, რომ ისინი გარკვეული ტიპის მედიკამენტებს მედიკამენტებს სვამენ.
მე ვარ ონკოლოგი, ონკოლოგიაში ხშირად გვიწევს ისეთი სტეროიდების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, დექსამეტაზონი. დექსამეტაზონის ფონზე, თუ პაციენტს თითების ტრემორი აქვს, ამის გამო პანიკა არ ღირს. ზოგადად, ამ პრობლემას წამლები ხშირად იწვევს. მათ შორისაა, ანტიდეპრესანტები, წნევის მარეგულირებლები. ასე, რომ თუ თითების კანკალი დაგეწყოთ, გაიხსენეთ, რაიმე ახალ მედიკამენტს ხომ არ იღებთ. მათ შორის, შარდმდენებსაც.
გარდა ამისა, თითების ტრემორი შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული რაღაცებითაც იყოს გამოწვეული. ზოგჯერ, თითების უნებლიე კანკალს, შეიძლება, მძიმე მეტალები იწვევდეს, როგორიცაა, მაგალითად, ვერცხლისწყალი, ტყვია და დარიშხანი. თითების კანკალი სწორედ ერთ-ერთი ადრეული ნიშანია იმისა, რომ სხეულში ეს მძიმე მეტალები ბევრია და დროული რეაგირებაა საჭირო, რომ სხვა ორგანოები, განსაკუთრებით, ცენტრალური ნერვული სისტემა არ დაზიანდეს.
გარდა ამისა, უნებლიე ტრემორი შესაძლოა, ზოგიერთი ელექტროლიტის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. განსაკუთრებით, კალიუმის, უფრო ხშირად კი - მაგნიუმის. როცა ადამიანის სხეულში კალიუმის ან მაგნიუმის შემცველობა დაბალია, თითები კრთის. ფაღარათის, შარდმდენის მიღების შემდეგ, ღებინების შემდეგ, თუ ბავშვი საკვებით ელექტროლიტებს ვერ იღებს, ტრემორი მოსალოდნელია.
ფიზიოლოგიური ტრემორი შესაძლოა, საკვებითაც იყოს გამოწვეული. ძალიან ბევრი ადამიანი დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ყავასა და ენერგეტიკულ სასმელებს მოიხმარს. ამიტომ, თუ ტრემორი ახალგაზრდებში შეინიშნება, ხშირად ვფიქრობთ, რომ მიზეზი შესაძლოა, ან შფოთვა იყოს, ან კიდევ კოფეინის ჭარბი დოზა.
ასევეა ალკოჰოლის მიღებაც - თუ წინა დღით ალკოჰოლი ჭარბად მიიღეთ და მეორე დღეს თითები კრთის, ეს ასევე შედეგია იმისა, რომ ალკოჰოლმა სხეულიდან ელექტროლიტები გამოაძევა. ასე, რომ ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციეთ.