მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ყველა წესსა და რეკომენდაციას ვიცავდეთ, კვებას, კალორიებს ვაკონტროლებდეთ, არის შემთხვევები, როდესაც წონა არ იცვლება და სასწორზე კვლავ ძველი მონაცემია. გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" საუბრობენ, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს და რა პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ციფრები შეიცვალოს:
რეზო ომიაძე: სამწუხაროდ, არ ვაკვირდებით იმ ფაქტს, თუ რატომ არ ვიკლებთ წონაში.
ლევან რატიანი: მაგალითად, არ ვაკვირდებით იმას, არის თუ არა ადამიანის ორგანიზმში ანთებითი პროცესები. ასევე, არის თუ არა ჰორმონალური დისბალანსი. არის თუ არა საკვების მონელება ადეკვატური. ამ მიზეზების მიგნება დაგეხმარებათ, შეარჩიოთ ის საკვები, რომლებიც კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში, გაყინული წონის დაკლებას ხელს შეუწყობს.
განხილვა ანთებითი პროცესით დავიწყოთ. დააკვირდით, თუ ამ სიმპტომებს საკუთარ თავში ამოიცნობთ: სახე შეშუპებულია, ღაწვები გამოკვეთილი არ არის, თითიდან ბეჭდის მოხსნა გიჭირთ, ცხიმი გიგროვდებათ წელის ან მუცლის არეში - ეს შესაძლოა, ორგანიზმში ანთებითი პროცესების ბრალი იყოს.
რეზო ომიაძე: საკვები, რომელსაც მიირთმევთ, შესაძლოა, ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას ხელს უწყობდეს. როდესაც ორგანიზმი მიმდინარე ანთებით პროცესებზე სიგნალს იღებს, ის სტრესის ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელიც ეუბნება ჩვენს ორგანიზმს, რომ ცხიმის წვა უნდა შეწყვიტოს და პირიქით, უნდა დაიგროვოს. ამიტომაა სახე შეშუპებული და ღაწვები თითქმის არ ჩანს.
ლევან რატიანი: ასეთ შემთხვევაში, ისეთი საკვების მიღებაა მართებული, რომელიც ანთებით პროცესებს ,,მიზანში ამოიღებს“. ანთებითი პროცესი შეიძლება, სხეულის ნებისმიერ ნაწილში იყოს. ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, შესაძლოა იყოს აუტოიმუნური და ასე შემდეგ.
ანთებითი პროცესი ადამიანის ორგანიზმში წონის გაყინვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, იყოს.
რეზო ომიაძე: ასეთ დროს უნდა მიირთვათ: ნიგოზი, ნიახური, მოცვი, ოხრახუში. ასევე, ძალიან კარგი და სასარგებლოა ბოსტნეულის წვნიანი.
ლევან რატიანი: წონაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ეს მეტაბოლიზმის პრობლემები ახლავთ.
რეზო ომიაძე: თუ ჭამის შემდეგ შებერილობის შეგრძნება გაქვთ და გულძმარვას გრძნობთ, თუ გაწუხებთ კანის ქავილი და სიწითლე, ამ დროს შესაძლებელია, ენაზე თეთრი ნადები გქონდეთ, აღგენიშნებათ ზოგადი სისუსტე და ხშირად ხართ გაბრუებული - ამის მიზეზი შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები იყოს.
ლევან რატიანი: მეტაბოლიზმი შეიძლება იყოს შენელებულიც და აჩქარებულიც. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მეტაბოლიზმი შენელებულია, გადამუშავების პრობლემა იქმნება. საკვები დიდხანს ყოვნდება, არ გამოიყოფა ის ფერმენტები, რომლებიც ამ საკვებ ნივთიერებებს შლის და ამის გამო ორგანიზმი შეიწოვს. ასეთ დროს ორგანიზმი მიმართულია იმისკენ, რომ ცხიმი კი არ დაწვას, არამედ რაც შეიძლება, მეტი შეიწოვოს და დააგროვოს.
გაყინული წონის ერთ-ერთი მიზეზი შეფერხებული და ნელი მეტაბოლიზმია.
რეზო ომიაძე: როდესაც ნივთიერებათა ცვლის პროცესი დარღვეულია, მნიშვნელობა აღარ აქვს იმ ჯანსაღ საკვებს, რომელსაც მიირთმევთ. ლიმონი, ვაშლი, განსაკუთრებით მწვანე ვაშლი მჟავე გარემოს გამო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ ფუნქციონირებას ასტიმულირებს და პერისტალტიკას აძლიერებს. ასევე, აუცილებელია, რომ მივიღოთ გოგრის თესლი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ნაწლავის პარაზიტებთან ბრძოლის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ასევე, რეჰანი ღვიძლის მიერ ფერმენტების გამომუშავებას ხელს უწყობს. ამ დიეტაში სასარგებლოა კიტრი, ჯანჯაფილი და სელის თესლი. გარდა ამისა, წვნიანი, რომელიც წითელი კომბოსტოთია დამზადებული. მართალია, ხშირად ამბობენ, რომ კომბოსტო შებერილობას იწვევს, მაგრამ წითელი კომბოსტო საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა პრობლემისთვის საუკეთესოა. შებერილობის შეგრძნებას კი არ მოგანიჭებთ, პირიქით, ბრტყელი მუცელი გექნებათ.
ლევან რატიანი: მესამე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება, სასწორზე წონა გაიყინოს, თქვენი ჰორმონებია. თუ თმა და კანი გამომშრალი გაქვთ, ან გისკდებათ, ცხიმი იმ ადგილზე გიგროვდებათ, სადაც მანამდე არ გქონიათ. თუ დიდი რაოდენობით იღებთ შაქარსა და ტკბილეულს და თავს ენერგიულად გრძნობთ, შემდეგ კი, როცა შეგრძნება გაივლის, ცუდი განწყობა გეუფლებათ და ძილი გერევათ, ეს ყველაფერი შესაძლოა, ჰორმონალური ბალანსის დარღვევით იყოს განპირობებული.
ჰორმონალური დისბალანსის შედეგად, ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედები იქმნება , რომლებიც, თავის მხრივ, უფრო მეტი ჰორმონის გამომუშავებას ხელს უწყობენ. ეს კი ორგანიზმს აიძულებს, ცხიმი გამალებით დააგროვოს და შეინახოს.
რეზო ომიაძე: ჰორმონებთან დაკავშირებული წონა ბევრი ქალის პრობლემაა. ეს განსაკუთრებით გამოვლენილია კლიმაქსის პერიოდში, ასევე პრეკლიმაქსურ პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. სამიზნე დიეტა დაახლოებით 10 დღე უნდა გაგრძელდეს.
ამ დიეტაში გამოიყენება ჯანსაღი ცხიმები, მაგალითად, ქოქოსის ცხიმი. ციტრუსები, განსაკუთრებით, გრეიპფრუტი. ის ღვიძლისთვის სასარგებლოა და ცხიმის დაწვის პროცესს ხელს უწყობს. ასევე, ამ დიეტაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვნიანები, რომლებიც ტკბილი კარტოფილითაა დამზადებული. რაც უფრო მუქი ფერისაა ტკბილი კარტოფილი, მით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც რაციონში უნდა შევიტანოთ.