როდემდე შეგიძლიათ წაშალოთ ან ჩაამატოთ ჩასაბარებელი საგნები და როდემდე შეგეძლებათ არჩეული ფაკულტეტების შეცვლა - ცვლილებების შეტანის ვადები ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო ველებში - მშობლები

როდემდე შეგიძლიათ წაშალოთ ან ჩაამატოთ ჩასაბარებელი საგნები და როდემდე შეგეძლებათ არჩეული ფაკულტეტების შეცვლა - ცვლილებების შეტანის ვადები ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო ველებში

2024-03-29 13:52:30+04:00

2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 4 აპრილს, საღამოს 6 საათზე იწურება. ამ პერიოდში აბიტურიენტებმა პირადი მონაცემები უნდა შეავსონ, აირჩიონ საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უნდა აირჩიოთ ის საგნები, რომლებიც ბარდება თქვენთვის სასურველ პროგრამებზე, სხვა შემთხვევაში საგნის შედეგს ვერ გამოიყენებთ. იმ საგნის ჩაბარებით, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაზე დადგენილი არ არის, არც აბიტურიენტის ჩარიცხვის და არც დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს, როგორც წესი, თან ახლავს შფოთვა და აბიტურიენტებს შესაძლოა, მონაცემების შევსებისას გარკვეული დეტალები გამორჩეთ. მაგალითად, ყურადღება არ მიაქციონ იმ ქალაქს, რომელშიც სურთ, რომ გამოცდები ჩააბარონ. არ მონიშნონ კონკრეტული ლოკაცია, ან სიჩქარეში სხვა ქალაქი ისე მიუთითონ, რომ არც დააკვირდნენ.

ამიტომაც, გაითვალისწინეთ, რომ 2024 წლის 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება, სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) შეცვალოს.

აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა. 15 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ექნებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ 4 აპრილის შემდეგ, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლას ვეღარ შეძლებენ.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები), რომელთა დამახსოვრებაც აუცილებელია. თუ თქვენ არ გამოიყენებთ შენახვის ღილაკს, სისტემა ინფორმაციას ვერ დაიმახსოვრებს ინფორმაციას.

ამის შესახებ ინფორმაცია დეტალურად აბიტურიენტთა ცნობარშია გამოქვეყნებული.

როგორი იქნება წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები და რა უნდა გაითვალისწინოთ მეცადინეობის დროს, რომ გამოცდებზე კარგი შედეგი დააფიქსიროთ - საჭირო რჩევები აბიტურიენტებს
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო - ყველაფერი, რაც საგამოცდოდ უნდა იცოდეთ
რომელი პროფესიები იყო ყველაზე მოთხოვნადი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით - სტატისტიკური მონაცემები
რა შემთხვევაში შეუძლიათ მე-11 კლასის მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

თამარ იაკობაშვილი