კვანძოვანი ჩიყვის ავთვისებიანობის საეჭვო ნიშნები: "უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე" - მშობლები

კვანძოვანი ჩიყვის ავთვისებიანობის საეჭვო ნიშნები: "უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე"

2024-04-02 11:14:29+04:00

ბოლო პერიოდში საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება აწუხებთ და კვლევების ჩატარების შემდეგ, კვანძებსაც აღმოაჩენენ. დიაგნოზი, როგორც წესი, პაციენტებში შიშს იწვევს და ნეგატიური მოლოდინიც უყალიბდებათ. ამიტომაც, თემაზე სასაუბროდ გამოცდილ სპეციალისტს დავუკავშირდით. ენდოკრინოლოგი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამუნა გოდერიძე გვიყვება, რა იწვევს კვანძებს ფარისებრ ჯირკვალზე, რამდენად საშიშია და როგორ ხდება დიაგნოსტირება:

- ბოლო ათწლეულში საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოვლენის სიხშირემ საგრძნობლად იმატა. ეს, გარკვეულწილად, ადამიანების ცნობიერების ამაღლებასთანაა დაკავშირებული, რომლებიც პერიოდულად კლინიკებს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების მიზნით მიმართავენ. კვანძოვანი ჩიყვი უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არ არის დარღვეული, ადამიანს არანაირი ჩივილი არ აქვს. თითქმის ყოველ მესამე ადამიანს, მეტწილად – ქალებს, ფარისებრი ჯირკვლის ესა თუ ის პრობლემა აქვს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება კვანძოვანი დაავადებები, რომლებსაც უმეტესად შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.

კვანძოვანი ჩიყვი დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც დასმისთანავე პაციენტების პირველი შეკითხვაა, ესაჭიროებათ თუ არა ოპერაციული მკურნალობა. ეს დიაგნოზი ცხადია, სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც სასოწარკვეთილების საფუძველს იძლევა.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება?

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება შესაძლოა, არასწორმა კვებამ, იოდის ნაკლებობამ, ინფექციებმა ან ამა თუ იმ დაავადების დროს მიღებული წამლების გვერდითმა ეფექტებმა გამოიწვიოს. არსებობს სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიც: ეთნიკური ან გენეტიკური განწყობა, სტრესი და თამბაქოს მოხმარება.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ჯირკვლის ქსოვილისგან განსხვავებული სტრუქტურის წარმონაქმნია, უმეტესად კეთილთვისებიანი მიმდინარეობის, თუმცა არის შემთხვევები, რომ მცირე მოცულობის წარმონაქმნიც შეიძლება ავთვისებიანი ტრანსფორმაცია განიცადოს. კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევათა 80% არასიმსივნური დაავადებებით არის წარმოდგენილი, 10-15% კეთილთვისებიანი სიმსივნეების, ხოლო 5% პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების წილად მოდის.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძად ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი წარმონაქმნი მიიჩნევა, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება და ქალებში უფრო მეტი სიხშირით გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ასევე, ხანდაზმულებსა და იმ რეგიონების მაცხოვრებლებში, სადაც ნაკლებია იოდი. კვანძოვანი თუ მრავალკვანძოვანი ჩიყვის ექოსკოპიურ დადასტურებას დამოუკიდებელი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ გააჩნია, ის მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის აღწერილობას გვაძლევს და ცალკეული, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ექოსკოპისტს არ შეუძლია თქვას, ავთვისებიან მიმდინარეობასთან გვაქვს თუ არა საქმე.

კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია ჩამოყალიბდეს, რაც თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე მიგვიყვანს და სწორედ ამ დროს ვლინდება ხოლმე ჰიპერთირეოზისთვის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ფუნქციური აქტიურობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: გულის აჩქარება; გულისცემის მკვეთრი შეგრძნება; არტერიული წნევის მომატება; წონის კლება; სიცხის აუტანლობა; აღგზნებადობა; ასთენია (მოთენთილობა); კანკალი; კუნთების სისუსტე და სახსრების ტკივილი; ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერება, რაც დიარეით გამოიხატება ხოლმე; მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

- როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადების სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგ-მორფოლოგის (სპეციალისტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლიდან წვრილი ნემსით, ასპირაციის გზით იღებს ქსოვილოვან მასალას და შემდგომი შესწავლა ხდება პათომორფოლოგიური კვლევის შედეგად) ერთობლივი კომპეტენციაა.

ვიზიტის დროს ექიმი, უპირველეს ყოვლისა, შეკრებს ანამნეზს, რადგან არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია კვანძის ავთვისებიანობის განსაზღვრა: ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის სწრაფი ზრდა, ბავშვობაში თავისა და კისრის მიდამოს დასხივება. პაპილარული ან მედულარული კიბოთი დატვირთული ოჯახური ანამნეზი კვანძის ავთვისებიანობის ალბათობას ზრდის. ენდოკრინოლოგი ხელით გასინჯვით აფასებს ზოგად მდგომარეობას, ფარისებრის სიდიდეს, მტკივნეულობას და ა,შ. თუმცა აუცილებლად მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, გაგაგზავნით ექოსკოპიურ კვლევაზე. აღნიშნული კვლევის დროს თუ გამოვლინდა კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა, ხდება შეფასება კვანძის ან კვანძების ზომის, მათში სისხლის მიმოქცევის ინტენსივობის, მიკროკალციფიკატების არსებობა-არარსებობის, ცისტების ან სითხის არსებობა-არარსებობის.

ექოსკოპიით კვანძის კეთილთვისებიანობისა თუ ავთვისებიანობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა არსებობს რამდენიმე ექოსკოპიური ნიშანი, რომლებსაც საეჭვო კვანძების გამოსავლენად იყენებენ.

საეჭვო ექოსკოპიურ ნიშნებს განეკუთვნება:

  • ბუნდოვანი გამოსახულება, უსწორმასწორო კიდეები;
  • მიკროკალციფიკატების არსებობა, ჭარბი კვანძშიდა სისხლის მიმოქცევა, კვანძის უსწორმასწორო კიდეები.

კვანძის კეთილთვისებიანობაზე მიუთითებს მკაფიო გამოსახულება, კვანძშიდა მიკროკალციფიკაციისა და სისხლის მიმოქცევის არარსებობა, სწორი, გლუვი კიდეები.

ინსტრუმენტულ კვლევებთან ერთად მნიშვნელოვანია სისხლში ჰორმონების შემცველობის გამოკვლევაც. ჰორმონული გამოკვლევის გარეშე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება შეუძლებელია. ერთ-ერთი მთავარი ჰორმონია თირეოტროპული ჰორმონი (TSH).

TSH-ის დონე უნდა განესაზღვროს ყველა იმ პაციენტს, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადება აქვს.

თირეოტროპული ჰორმონის დაბალი მაჩვენებელი სუბკლინიკურ ჰიპერთირეოზზე მეტყველებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ კვანძი ჯირკვლის გაძლიერებული მოქმედების შედეგად წარმოიშვა და საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური კვლევა – ამ დროს ორგანიზმში იოდი შეჰყავთ და ფარისებრი ჯირკვლის კვანძში მის გადანაწილებას აკვირდებიან.

TSH-ის ნორმალური შემცველობისას საჭიროა დამატებითი ჰორმონის – FT4-ის, ანტი-TG-ისა და ანტი-TPO-ს განსაზღვრა.

თუ TSH-ის დონე მაღალია, საჭიროა პიპოთირეოზის შეფასება და წამლის დანიშვნა.

კვანძოვანი წარმონაქმნის შესახებ გადამწყვეტ ინფორმაციას მაინც ასპირაციული ბიოფსია გვაწვდის. ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან წვრილი ნემსით იღებენ ქსოვილის ნაწილს და შეისწავლიან. ბიოფსია უმეტესად მაშინ ტარდება, როდესაც კვანძის ზომა აღემატება 1 სმ-ს, მაგრამ თუ ექოსკოპიურმა მონაცემებმა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის თაობაზე ეჭვი გააჩინა, კვლევა ჩატარდება უფრო მცირე ზომის წარმონაქმნის დროსაც.

ბიოფსია ფარისებრი ჯირკვლის კვანძის თვისებრიობის შესახებ საკმაოდ ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად პირდაპირი მეთოდია. ამასთან, იგი ამბულატორიულ პირობებში ტარდება, 10-15 წუთი გრძელდება და გართულება თითქმის არ აქვს. არც პაციენტის სპეციალურ მომზადებას ან ნარკოზს მოითხოვს. მასალას ექოსკოპიური კონტროლით იღებენ. შესაძლებელია მისი კვანძის შუაგულიდან აღებაც, თუნდაც ის მცირე ზომისა იყოს. ასე რომ, შიშის საფუძველს ეს კვლევა არ იძლევა.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან ჩხვლეტით აღებული მასალის ანალიზით პასუხის 4 შესაძლო ვარიანტი მიიღება:

  • კეთილთვისებიანი (ყველაზე ხშირი ვარიანტი) – კვანძი კოლოიდურია;
  • საეჭვო, ანუ გარდამავალი – კვანძი ან პატარა ადენომა (კეთილთვისებიანი სიმსივნე, იგივე ფოლიკულური ნეოპლაზია), ან ჰარტლის უჯრედოვანი ნეოპლაზია.ამ შემთხვევაში მხოლოდ ბიოფსიის საფუძველზე შეუძლებელია იმის თქმა, კეთილთვისებიანია სიმსივნური წარმონაქმნი თუ ავთვისებიანი, რადგან მათ ერთმანეთის მსგავსი ქსოვილოვანი შენება აქვთ. განსხვავება ისაა, რომ ფოლიკულურ კიბოსა და ჰარტლის უჯრედოვან კიბოს კვანძის კაფსულისა და სისხლძარღვების დაზიანება ახასიათებს, რის აღმოსაჩენადაც კვანძის ქირურგიული ამოკვეთა ან მთელი კვანძის დეტალური შესწავლაა საჭირო, ამიტომ, თუ ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიამ გარდამავალი ვარიანტი აჩვენა, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად კვანძის ამოკვეთა აუცილებელია. თუმცა, თუ სტატისტიკას დავეყრდნობით, გარდამავალი კვანძების უმრავლესობას კაფსულისა და სისხლძარღვების ინვაზია არ აღენიშნება, ანუ კეთილთვისებიანი მიმდინარეობისაა.
  • ავთვისებიანი - ეს ნიშნავს, რომ წარმონაქმნი კიბოა, რომელიც უხშირესად პაპილარული კიბოს სახით არის წარმოდგენილი.
  • ასევე გვხვდება მედულარული ან ანაპლაზიური ფორმაც. ძალიან იშვიათად გვხვდება სხვა ორგანოების სიმსივნისგან მომდინარე მეტასტაზური კვანძებიც. ფოლიკულური კიბოს დიაგნოზს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიოპტატის საფუძველზე ვერ დავსვამთ, მას გარდამავალი სახე აქვს. მისი დიაგნოსტირება ხდება საეჭვო ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ.
  • შეიძლება ბიოფსიის პასუხად მოვიდეს, რომ მასალა არასაკმარისია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიაგნოზის დასმა შეუძლებელია ბიოფსიური მასალის უკმარისობის გამო. ამ შემთხვევაში საჭიროა ბიოპტატის განმეორებითი აღება.

- რა შემთხვევაში იგეგმება ბიოფსიის ჩატარება?

ბიოფსიის ჩატარება იგეგმება, თუ: პაციენტი ეუთირეოიდულია ანუ TSH-ის დონე ნორმალურია. ბიოფსია სასურველია ჩატარდეს ექოსკოპიური კონტროლით, რათა ზუსტად მოხერხდეს კვანძზე ნემსის დამიზნება; პაციენტი ჰიპოთირეოიდულია ანუ TSH-ის დონე მომატებულია, ამასთან, კვანძი დიდია და საეჭვო ულტრასონოგრაფიულ ნიშნებს ამჟღავნებს; პაციენტი ჰიპერთირეოიდულია ანუ TSH-ის დონე დაქვეითებულია, ხოლო კვანძი „ცივია“ ანუ არ ფუნქციონირებს.

თუ კვანძი პატარაა და არ ამჟღავნებს საეჭვო ულტრაბგერით ნიშნებს, ბიოფსია სავალდებულო არ არი. შესაძლებელია ლევოთიროქსინით მკურნალობის დაწყება და ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ხელახალი ულტრასონოგრაფიული შეფასება ჰიპოთირეოიდული მდგომარეობის აღმოფხვრის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პუნქციური ბიოფსიის სწორად და მიზნობრივად ჩატარებამ, ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების რიცხვი დაახლოებით 60%-ით შეამცირა.

- შესაძლებელია თუ არა კვანძოვანი წარმონაქმნის მკურნალობა მედიკამენტით, ისე, რომ ოპერაციის ჩატარება საჭირო არ გახდეს?

- კვანძოვანი წარმონაქმნის მკურნალობა მედიკამენტის დანიშვნის გზით ვერ ხერხდება. თუ ბიოფსიით აღებული მასალის შესწავლამ აჩვენა, რომ კვანძი კეთილთვისებიანია, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება და ამას უკვე ენდოკრინოლოგი საზღვრავს რამდენ ხანში ერთხელ ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა და ჰორმონალური ანალიზი. ასეთი კვანძი ქირურგიულად მაშინ შეიძლება ამოიკვეთოს, თუ პაციენტს თავად სურს ოპერაციული მკურნალობა, ან კვანძი დიდია და იწვევს ყლაპვის გაძნელებას, სახმო ნერვს აწვება და იწვევს ხმის შეცვლას ან ჩახლეჩას, დისკომფორტს კისრის არეში.

წლების წინ ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დასაპატარავებლად ფართოდ იყენებდნენ მედიკამენტურ მკურნალობას. გამოცდილებამ აჩვენა, რომ საამისოდ წამლის დიდი დოზებია საჭირო, ასეთი დოზები კი ხშირად იწვევს იატროგენულ (სამკურნალო პრეპარატებით გამოწვეული პათოლოგიური პროცესი) ჰიპერთირეოიდიზმს, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულის რითმის დარღვევების გამოვლენას, უხშირესად მოციმციმე არითმიას. ასევე იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.

ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას მკურნალი ენდოკრინოლოგი და ქირურგი ადგენენ. ოპერაციის შემდეგ საჭიროა ჰორმონული თერაპია, რომელსაც ჩანაცვლებით თერაპიას უწოდებენ მედიცინაში და რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ესაჭიროება ადამიანს.

არსებობს ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მკურნალობის შედარებით დამზოგველი მეთოდიც – ლაზერული თერმოაბლაცია და სკლეროდესტრუქცია, რომელთა გამოყენებისას ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა საჭირო არ არის. ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს, რათა დაიგეგმოს და ჩატარდეს სრულფასოვანი გამოკვლევა და დაადგინოთ კვანძის სტრუქტურული შენება. თუნდაც ავთვისებიანი კვანძის არსებობისას, პროგნოზი გაცილებით სასიკეთოა, ვიდრე სხვა ორგანოების ავთვისებიანი დაავადების დროს. ოღონდ დროულად უნდა იყოს დაწყებული სწორი მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი.

თამარ იაკობაშვილი