ამერიკელი მსახიობი მარლონ ბრანდო 1924 წლის 3 აპრილს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე გავლენიან მსახიობად ითვლება და კარიერის განმავლობაში არაერთი პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა. მათ შორის - ორი "ოსკარი", ორი "ოქროს გლობუსი", ბრიტანული კინოაკადემიის სამი ჯილდო, კანის კინოფესტივალის ჯილდოები და ასე შემდეგ.
მარლონ ბრანდო გერმანელი ემიგრანტის იოჰან ვილჰელმ ბრანდაუს შთამომავალია, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკში დასახლდა. მარლონ ბრანდო უფროსი, მარლონ უმცროსის მამა, 1895 წელს ომაჰაში დაიბადა. როგორც ცნობილია, მარლონ ბრანდო უფროსი 4 წლის იყო, როდესაც დედამ მიატოვა.ამან მის ხასიათზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. შვილებთან ყოველთვის მკაცრი იყო, ალკოჰოლზეც იყო დამოკიდებული და გარშემო მყოფებს უხეშად ექცეოდა. მომავალი ვარსკვლავის დედა, დოროთი "დოდი" პენიბეიკერი მსახიობი იყო. მამას კი პესტიციდების და საკვების დანამატების ბიზნესი ჰქონდა. მარლონს ორი უფროსი და ჰყავდა - ჯოსელინი და ფრენსისი.
მამა შვილებს, როგორც აღვნიშნეთ, მკაცრად ზრდიდა. საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ მარლონ ბრანდო უფროსი ყველას უხეშად ექცეოდა. განსაკუთრებით კი ვაჟი ჰყავდა ამოჩემებული. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ბავშვები მხოლოდ დაბადების დღეზე, ან ახალ წელს თუ მიიღებდნენ მისგან ჩახუტებას. მოგვიანებით, მსოფლიო კინოს ვარსკვლავმა გაიხსენა, რომ მამის მხრიდან შექება არ ახსოვდა და მთელი ბავშვობა ცივი, არამხარდამჭერი მშობლების გვერდით გაატარა... ამან მის ხასიათზეც ძალიან დიდი კვალი დატოვა. იმის გამო, რომ სახლში სითბოსა და ყურადღებას ვერ იღებდა, ასოციალური ქცევა ჩამოუყალიბდა და სკოლაში ყველანაირ წესსა და სტანდარტს უგულებელყოფდა. წლების შემდეგ მარლონის უფროსმა დამაც თქვა, რომ მშობლებისაგან შექება არასოდეს გაეგო. მათ მხოლოდ დასჯა, გალანძღვა და ცუდად მოქცევა შეეძლოთ.
მარლონ ბრანდო უმცროსი და მისი და-ძმები მამის მხრიდან ხომ ბულინგს იტანდნენ, ამას დედის ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც ემატებოდა. როგორც ცნობილია, მამაკაცი საკუთარ ცოლსაც ამცირებდა და ქალი ნუგეშს ალკოჰოლში პოულობდა. როდესაც მარლონი 6 წლის იყო, მამამ სამსახურის გამო მთელი ოჯახი ევანსტონში, ჩიკაგოს გარეუბანში გადაიყვანა. დოროთი სასტიკი წინაღმდეგი იყო, რადგან იქ არც ერთი თეატრი არ იყო, თეატრის გარეშე კი ცხოვრება ვერ წარმოედგინა. არც ბავშვებს უნდოდათ წასვლა, მაგრამ როგორც ცნობილია, ბრანდო უფროსმა არავის აზრი არ გაითვალისწინა და გადავიდნენ. ბავშვები აბრაამ ლინკოლნის სახელობის სკოლაში სწავლობდნენ. ფრენსისმა და ჯოსელინმა ახალი მეგობრების პოვნა მალევე მოახერხეს, რასაც მარლონზე ვერ ვიტყვით. ბავშვი კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტა. ყველაზე ახლო ურთიერთობა კი მათი სახლის დიასახლისთან, აფროამერიკელ ერმისთან ჰქონდა. მას ეთამაშებოდა, ეძინა კიდეც მასთან ერთად, ფაქტობრივად, მასზე მიჯაჭვული იყო. მოგვიანებით გაიაზრა, რომ გაგიჟებით უყვარდა ეს ქალი... ერთ დღესაც ერმისმა უთხრა, რომ სამოგზაუროდ მიდიოდა და მალე დაბრუნდებოდა... თუმცა, ის მათ სახლში აღარასოდეს გამოჩენილა... მარლონს თითქოს უკანასკნელი საყრდენიც გამოეცალა.
"ამის შემდეგ სამყაროსთან კონტაქტი დავკარგე." - ასე გაიხსენა მარლონმა ეს შემთხვევა.
მომავალი ვარსკვლავი 11 წლის იყო, როდესაც ფილმი "Mutiny on the Bounty" ნახა და ამ ფილმმა მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კინოსამყაროთი აქტიურად დაინტერესდა.
ერთი წლის შემდეგ მარლონ ბრანდოს მშობლებმა დაშორება და ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს. დოროთიმ შვილები კალიფორნიაში დედასთან წაიყვანა საცხოვრებლად, მარლონ ბრანდო უფროსი კი ჩიკაგოში დარჩა. ფრენსის ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა, ჯოსელინმა კი სამსახიობო ხელოვნების მიმართ ინტერესი გამოავლინა. მიხვდა, რომ ნიჭი დედისაგან ერგო მემკვიდრეობით. ამასობაში მარლონ ბრანდო ხელით აზიდვებით სერიოზულად დაინტერესდა და სკოლაში დიდ წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, როგორც ცნობილია, მოგვიანებით მას მასწავლებელმა ურჩია, რომ ინტენსიური ვარჯიში შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გულს დაიზიანებდა.
1938 წელს მარლონის მშობლები შერიგდნენ. ოჯახი ამჯერად ილინოისის გარეუბანში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი დიდ ფერმაში ცხოვრობდნენ. მამა საკუთარი ბიზნესით საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებდა, დოდიმ კი ადგილობრივ დრამატულ თეატრში სამსახური იშოვა. პარალელურად, ქალის ალკოჰოლზე დამოკიდებულების ხარისხი სულ უფრო საგანგაშო ხდებოდა. ფრენსისი და ჯოსელინი სასკოლო სპექტაკლებში მონაწილეობდნენ. მარლონ ბრანდო კი მეამბოხე თინეიჯერის იმიჯს იქმნიდა, დაინტერესებული იყო სპორტით, არ ემორჩილებოდა წესებს. ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობდა. პარალელურად, სასკოლო სკეტჩებშიც მონაწილეობდა, თუმცა მომავალ ვარსკვლავს ბოროტმოქმედების, აგრესიული გმირების განსახიერება მოსწონდა. ერთ-ერთ სკეტჩში ცნობილი განგსტერი ჯონ დილინჯერი განასახიერა და იმდენად შესანიშნავად ითამაშა, რომ კლასელები ოვაციებით შეხვდნენ. მარლონს პაროდიის დიდი ნიჭი ჰქონდა. მამას მისი მისწრაფებები არ მოსწონდა, ამიტომაც მარლონი სამხედრო სკოლაში გაგზავნა... 1941 წლის სექტემბერში 17 წლის ბრანდო სამხედრო სკოლაში აღმოჩნდა. ბრანდო უფროსს სჯეროდა, რომ ამ გზით შვილს პატრიოტულ მოტივებს გაუღვივებდა.
სამხედრო სკოლაში მკაცრი დისციპლინის დაცვა უწევდა. იყო ბიბლიოთეკა, შეეძლო ენახა სპექტაკლები, ესწავლა ლიტერატურა, პოეზია. მალე ის მეამბოხე აგრესიული ბიჭიდან ძალიან მშვიდ და გაწონასწორებულ ახალგაზრდად გადაიქცა, რომელიც განვითარებაზე იყო ორიენტირებული. შექსპირის ნაწარმოებიდან ნაწყვეტი იმდენად შთამბეჭდავად წაიკითხა, რომ მალევე მას ერთ-ერთ სპექტაკლში მთავარი როლი მისცეს. მასწავლებელი მარლონის გარდასახვის ნიჭით გაოცებული იყო, ამიტომაც მისი მშობლების სახელზე წერილი დაწერა და სთხოვა, ბიჭი სამსახიობო სკოლაში შეეყვანათ, რადგანაც მას საოცარი მონაცემები ჰქონდა. მამას ეს წინადადება არ მოეწონა, რადგანაც ფიქრობდა, რომ მსახიობობა არასერიოზული პროფესია იყო. 1941 წლის ნოემბერში მადლიერების დღეს მარლონს მშობლებმა სამხედრო სკოლაში მიაკითხეს და მის მასწავლებელს, ვაგნერს პირისპირ გაესაუბრნენ. ვაგნერი მათ არწმუნებდა, რომ მარლონი აუცილებლად უნდა წაეყვანათ სხვაგან და მისი ნიჭის განვითარებისათვის ხელი შეეწყოთ. თუმცა, მარლონ ბრანდო უფროსთან არაფერი ჭრიდა... ის ფიქრობდა, რომ მსახიობობა ჰომოსექსუალების პროფესია იყო და ამბობდა, რომ მის შვილს ან ბიზნესი უნდა აერჩია, ან სამხედრო საქმე, სხვა არ განიხილებოდა...
საბედნიეროდ, მამის სიმკაცრეს მარლონის ნიჭს ხელი ვერ შეუშალა და ბიჭმა აქტიური სამსახიობო კარიერა დაიწყო. მისი დებიუტი დიდ სცენაზე 1944 წელს შედგა. ის სპექტაკლში "მახსოვხარ, დედა" მონაწილეობდა. ფილმი "ტრამვაი სახელად სურვილი" კი მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რამაც მარლონ ბრანდოს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. 27 წლის ბრანდო ამ ფილმისთვის "ოსკარზე" იყო ნომინირებული. 1954 წელს ფილმში "ნავსადგური" ითამაშა. აღნიშნულ ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის მარლონ ბრანდომ "ოსკარის" ჯილდო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში მიიღო. პარალელურად, მარლონი ნამდვილ სექს-სიმბოლოდ გადაიქცა. მაყურებელი არა მხოლოდ მისი ნიჭითა და შესაძლებლობებით იყო აღფრთოვანებული, არამედ გამორჩეული გარეგნობითა და ქარიზმით. კარიერის მეორე "ოსკარი" საკულტო ფილმში "ნათლია" შერსულებული როლისათვის დაიმსახურა. წარმატებულ ფილმებად ითვლება "უკანასკნელი ტანგო პარიზში", "ვივა, საპატა!", "იულიუს კეისარი" და სხვა...
1980 წელს მარლონ ბრანდომ კინოდან წასვლის შესახებ განაცხადა. თუმცა, მეორეხარისხოვან როლებზე მაინც თანხმდებოდა. ბრანდოს ერთ-ერთი ბოლო ფილმი "ანგარიში" გახდა, სადაც 77 წლის ვარსკვლავმა რობერტ დე ნიროსთან და ედვარდ ნორტონთან ითამაშა. ფილმმა დიდი წარმატება და აღიარება მოიპოვა.
მარლონ ბრანდოს პირადი ცხოვრება არანაკლებ ცნობილი და ხმაურიანი იყო. მსახიობს 11 ბიოლოგიური და 3 ნაშვილები შვილი ჰყავდა. ყველა მათგანმა მამის გვარი მიიღო. მარლონი ამტკიცებდა, რომ მერილინ მონროსთან ხანმოკლე რომანიც აკავშირებდა.
ოფიციალურად 1957 წელს მსახიობ ანა კაშფიზე დაქორწინდა. 1959 წელს, შვილის კრისტიან ბრანდოს დაბადების შემდეგ, წყვილი დაშორდა.
1960 წელს ბრანდო მსახიობ მოვიტა კასტანედაზე დაქორწინდა, რომელიც მასზე რვა წლით უფროსი იყო. ისინი 1962 წელს დაშორდნენ. 1962 წლის 10 აგვისტოს მსახიობმა 20 წლის ტარიტა ტერიიპიაზე იქორწინა, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. ისინი 1972 წელს დაშორდნენ.
მისი უფროსი შვილი კრისტიანი კინოინდუსტრიას ბავშვობიდანვე გაეცნო, თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. მოგვიანებით ბიჭი მკვლელობაში ბრალდებით დააპატიმრეს - თავისი დის, შეინის მეგობარ ბიჭს ესროლა, რომელიც მის დაზე ძალადობდა.
კრისტიანს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ციხე 5 წლის შემდეგ დატოვა.
მოგვიანებით მარლონის ქალიშვილ შეინს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.1995 წელს მან დედის სახლში თავი ჩამოიხრჩო...
სიცოცხლის ბოლო წლებში მარლონ ბრანდოს სიმსუქნე აწუხებდა. მსახიობმა 136 კილოგრამს მიაღწია. დაემართა დიაბეტი, ჰქონდა ღვიძლის პრობლემები და გაუუარესდა მხედველობა. ის 2004 წლის 1 ივლისს ფილტვის ფიბროზით გარდაიცვალა.
ანდერძის თანახმად, მარლონ ბრანდოს ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს, მისი ფერფლი კი ტაიტიზე და სიკვდილის ველზე მიმოფანტეს. მარლონ ბრანდოს საუკეთესო მეგობარი ჯეკ ნიკოლსონი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ნიკოლსონმა თქვა:"მისი სიკვდილით ყველაფერი შეიცვალა."
მარლონ ბრანდოს ნიჭსა და შემოქმედებას დღემდე ძალიან დიდ პატივს სცემენ. ამერიკის კინოინსტიტუტმა ის მსოფლიოს 4 საუკეთესო კინოვარსკვლავთა სიაში შეიყვანა. Time-მა მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიან ადამიანთა ჩამონათვალში ჩაწერა და საუკეთესო მსახიობის ტიტული მიანიჭა.
შტეფან კანფერმა, ბრანდოს ბიოგრაფმა, მას ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი უწოდა და განმარტა: „იყო კინო ბრანდომდე და ბრანდოს შემდეგ, ისევე როგორც მხატვრობა იყო პიკასომდე და პიკასოს შემდეგ, ლიტერატურა ჰემინგუეიმდე და ჰემინგუეის შემდეგ და პოპ-მუსიკა სინატრამდე და სინატრას შემდეგ". მარლონ ბრანდოს სახელი არაერთ სიმღერაშია გამოყენებული. "ნათლიიდან" მისი გმირის ცვილის ფიგურა კი ლოს-ანჯელესში, მუზეუმში ინახება.