დაბალი წნევა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი გამომწვევი მიზეზები კი შესაძლოა, მრავალი იყოს, როგორც ცხოვრების სტილით, ასევე სერიოზული დაავადებებით განპირობებული. განსაკუთრებით საშიში წნევის სწრაფი ვარდნაა, რომელიც მწვავე შემთხვევებში შეიძლება, სიცოცხლისთვის საზიანო გახდეს. დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომ შეიძლება, გვქონდეს, დაბალი წნევა და რა სიმპტომებით ვლინდება ის:
-ჰიპოტენზია ანუ არტერიული წნევის შემცირება ადამიანებს ხშირად აწუხებთ ხოლმე. დაბალ წნევად შეიძლება ჩაითვალოს 90 სისტოლური და 60 დიასტოლური, ანუ ზედა და ქვედა მაჩვენებელი და ამაზე ნაკლები. თუმცა, შესაძლებელია, ადამიანი დაბალი წნევის მატარებელი იყოს და თავს კარგად გრძნობდეს. თუ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემაწუხებელი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გენეტიკურად მატარებელი ხართ. ასეთ დროს დაბალი წნევა საგანგაშო არ არის. თუმცა თუ ადამიანს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აწუხებს, ეს ნიშნავს, რომ საქმე პათოლოგიურ არტერიულ ჰიპოტენზიასთან გვაქვს. ეს სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა
- დაღლილობა (გონების უეცარი, დროებითი დაკარგვა)
- სისუსტე
- ბუნდოვანი ხედვა
- სწრაფი ან არარეგულირებული გულისცემა
- დაბნეულობა, როცა ადამიანი გაფანტულია
- გულისრევა, ან შეგრძნება, თითქოს ავად გახდება
- ზოგადი სისუსტე
თავის ტკივილი უპირატესად ჰიპერტენზიას, ანუ წნევის მატებას ახასიათებს. თუმცა შესაძლებელია, დაბალი წნევის დროსაც გამოიხატოს. ახსნის მექანიზმის არის ის, რომ თავის ტვინს სისხლი აკლდება, სისხლის მიმოქცევა ნაკლებია და ეს დისკომფორტს იწვევს.
რა იწვევს დაბალ წნევას?
- ყოველდღიური წნევის ცვლილების მიზეზები შეიძლება იყოს:
- დრო - წნევა ძილის პერიოდში ეცემა. შესაბამისად, თუ დილით გავიზომავთ, შეიძლება, დაბალი იყოს.
- ასაკი - ორთოსტატური და პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია ხანდაზმულებში ხშირია. ორთოსტატური ჰიპოტენზია არის, როდესაც ადამიანი მწოლიარე, ან მჯდომარე პოზიციაშია და რომ ადგება, ამ შემთხვევაში ეწყება ის სიმპტომები, რომლებიც ჩამოვთვალე. ადგომის მერე უცებ ხდება ცუდად. ახალგაზრდებშიცაა აღნიშნული სიმპტომები, მაგრამ ხანშიშესულებში უფრო ხშირი პრობლემაა. პოსტპრანდიალური ჰიპოტენზიის დროს, საკვების მიღების შემდგომ, ჰიპოტენზია იწყება. ეს იმით აიხსნება, რომ საკვების მიღების შემდეგ კუჭი უფრო მეტ სისხლს ითხოვს. სისხლის მიდინება კუჭისკენ ხდება და სხვა ორგანოებს აკლდება. თუ ორთოსტატურ ჰიპოტენზიაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად არ წამოვდგეთ. ხოლო, თუ პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია გვაქვს, ჯობს, ადამიანმა ჭარბი საკვები არ მიიღოს და ნელ-ნელა მიირთვას.
- სტრესი და რელაქსაცია - სტრესი ჰიპერტენზიას, ანუ წნევის მატებას იწვევს. თუ დამშვიდებული, რელაქსირებული ვართ, ამ შემთხვევაში წნევა დაბალია. იმ ადამიანის წნევა, რომელიც რეგულარულად ვარჯიშობს, მოსვენებულ მდგომარეობაში დაბალი იქნება. ასეთ ადამიანებს, მათ შორის, სპორტსმენებს, გულის ცემის სიხშირის, ანუ პულსის დაბალი მაჩვენებელი ახასიათებთ. დადგენილია, რომ ფიზიკური აქტივობით ჰიპერტენზიის შემცირება შეიძლება. ამიტომაც, კარდიოლოგები მაღალი წნევის მქონე ადამიანებს ურჩევენ, რომ ფიზიკურ აქტივობას მიმართონ.
- ტემპერატურა - თუ გვცივა, გული ნელა მუშაობას იწყებს და წნევა დაბალია. პირიქით, როდესაც ცხელა, შეიძლება წნევა მაღალი იყოს.
სხვა მიზეზები:
- მედიკამენტები - წნევის მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები შეიძლება, წნევას ამცირებდნენ;
- ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა გულის უკმარისობა და გულის შეტევა - ამ შემთხვევაშიც შეიძლება, ჰიპოტენზია დაფიქსირდეს. როგორც იცით, გულის შეტევის დროს ჰიპერტენზია უფრო ხშირია, მაგრამ ჰიპოტენზიაც შეიძლება დაფიქსირდეს;
- შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება შეიძლება ჰიპოტენზიის მიზეზი იყოს;
- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დროსაც შესაძლოა, ჰიპოტენზია გამოიხატოს;
- სერიოზული ტრავმა ან შოკი;
- ადრეული და შუა ორსულობის პერიოდში შეიძლება, ჰიპოტენზია დაფიქსირდეს;
- ასევე, ხანგრძლივი წოლის შემდეგაც;
- დეჰიდრატაციაც შეიძლება ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზი იყოს;
- გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია - თუ მშობელი დაბალი წნევის მატარებელია, შესაძლოა, შვილსაც გადაეცეს.
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ კოფეინი წნევას ზრდის, მაგრამ დღეისათვის მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევები, რომ კოფეინს სერიოზული გავლენა აქვს წნევის მატებაზე, არ არსებობს.
ჰიპერტონიული სითხის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სითხე მდიდარი უნდა იყოს მარილითა და შაქრით. დაბალი წნევის დროს, შესაძლებელია, მაგალითად, ადამიანს მარილიანი წყალი დავალევინოთ.
რეგულარულ ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია. ვარჯიში ყველაფერს შველის. არ არსებობს დაავადება, რომელზეც ფიზიკურ აქტივობას გავლენას არ ახდენს.
ქრონიკული პრობლემის დროს, სპეციალისტს უნდა მივმართოთ, რომ სერიოზული დაავადებები გამოირიცხოს.