მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც ძალიან ახალგაზრდა - 29 წლისა დაიღუპა, მარად ახალგაზრდად დარჩა საყვარელი მაყურებლისთვის. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მას უამრავი თაყვანისცმემელი ჰყავდა. როცა აფხაზეთის ომიდან მისი ცხედარი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა – "ლევან, მიყვარხარ”, მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: "მე უფრო ძაან მიყვარხარ”, ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა – "მე ყველაზე ძაან მიყვარხარ”, და ბოლო წარწერა იყო: "არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ…“
ლევან აბაშიძე 1963 წლის 22 მაისს დაიბადა თბილისში და 1992 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა სოხუმში.
მისი მშობლები - აგი აბაშიძე და მანანა ხიდაშელი - მეცნიერები იყვნენ. დედა - მანან ხიდაშელი ცნობილი ქართველი ისტორიკოსია. შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლე ბატონიშვილის შტოდან. ლევანის მშობლები გარეგნულადაც გამორჩეულები იყვნენ. მანანა ხიდაშელის ახალგაზრდობის ფოტოები ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში.
ლევანმა მშობლების პროფესია არ აირჩია - მსახიობობა სურდა. ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა პირველი როლი შეასრულა ლანა ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და მაშინვე გადაწყვიტა მსახიობობა. 1980 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა.
'გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, ''ნაცნობობით''. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ''რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''. ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი.საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ''ჩვენი პატარა ქალაქი''... - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
1984 წელს მთავარი როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა.
შემდეგ ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის „საფეხური“, ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“, გუგული მგელაძის „ფესვები“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლევან აბაშიძის ცხოვრებაში ბევრი სასიყვარულო თავგადასავალი იყო, ბევრ ქალს უყვარდა, თუმცა თავად მოლდაველ გოგონაზე, მიკა სტრამბეანუზე იყო შეყვარებული, შემთხვევით გაიცნო ქუჩაში და მათი სიყვარულის ამბავი სწრაფად განვითარდა.
18 წლის მიკა თბილისში სწავლობდა, თეატრალურში. 26 წლის ლევანი უკვე ძალიან პოპულარული იყო, ერთ დღესაც ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა და დატოვა. წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო.
მიკა სტრამბეანუ ლევანის შესახებ: "ლევანი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. დღესაც კი ვგრძნობ მის სუნთქვას და ხშირად მესიზმრება, რომ სულ ხელს მკრავს – ალბათ უნდა, დიდხანს ვიცოცხლო, ის კი ისევ ისეთი ახალგაზრდა დარჩეს ჩემს მეხსიერებაში... მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის; ლევანი კი – 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი.ძალიან მანებივრებდა. ვგრძნობდი, როგორი შურის თვალით მიყურებდა ყველა გოგო, როცა ლევანის გვერდით ამაყად მივაბიჯებდი რუსთაველის გამზირზე. მეც ვეჭვიანობდი, მაგრამ, ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან – ეუბნებოდა, მე საყვარელი ქალი მყავს გვერდითო. ძალიან ამაყი ვიყავი იმ წუთას".
მათ ოთხი წელი გაატარეს ერთად. როცა მსახიობი მოულოდბელად აფხაზეთში წავიდა, იმ დროს მიკა კიშინიოვში იყო. მათ ერთმანეთის ვერც ნახვა შეძლეს და ვერც დამშვიდობება. ლევანი რომ თბილისში ჩამოასვენეს, მიკა პანაშვიდებს დაესწრო და დაკრძალვის შემდეგ თბილისში აღარ დარჩენილა. სამშობლოში დაბრუნდა. დღემდე თავისი პროფესიით მუშაობს.
ლევანის დაღუპვა უდიდესი დარტყმა იყო მისი ოჯახისთვის. ასე იხსენებს იმ პერიოდს ლევანის დედა:
"ლევანის დაღუპვის შემდეგ მამამისმა აგიმ მეტყველება დაკარგა, ხელ-ფეხიც წაერთვა და ეტლით გადაადგილდებოდა. მე საწოლიდან კარგა ხანს ვერ ვდგებოდი. მერე ელენე, ჩემი შვილიშვილი (უფროსი ვაჟის - ერეკლეს შვილი) მომიყვანეს და იმან გამომიყვანა მდგომარეობიდან. ლევანის ორმოცამდე ხილვა მქონდა: ვარდისფერი ცა, მრგვალი მიწა. ვდგავარ, უცებ ლევანი მომიახლოვდა ფეხშიშველი, იმავე ტანსაცმლით, რითაც ომში წავიდა და მეუბნება: "დედა, კარგად, კარგად..." მე შიშველი ფეხები და ყელი დავუკოცნე ჩემს შვილს და ის სიმხურვალე, მისი სითბო გამომყვა. მერე ლევანი ზევით წავიდა... უბედნიერესი ვიყავი... მას შემდეგ აღარც კი დამსიზმრებია შვილი... ჩაიკოვსკის ქუჩაზე გადავწყვიტეთ პანაშვიდების გადახდა. უამრავი ხალხი მოდიოდა, მთელი თბილისი.
ცუდი დრო იყო - 1992 წელი, პურიც კი არ იშოვებოდა. მაღაზიაში ვიღაც ქალი მინახავდა ერთ პურს და საღამოს ჩემთან მოჰქონდა, რომ მეჭამა. ისტორიის ინსტიტუტში ვმუშაობდი... იქ სიარულზეც უარი ვთქვი... ერთი წლის შემდეგ თანამშრომლებმა და მეგობრებმა ძალით წამიყვანეს სამსახურში..."
ელენე, ლევანის ძმიშვილი, რომელიც ძირითადად ბებიასთან გაიზარდა, ძალიან ჰგავს ცნობილ ბიძას. წლების წინ ის საზოგადოებამ გაიცნო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში.
ელენე 1987 წელსაა დაბადებული. 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 2012-2014 წლებში - გოლდსმიტში, ლონდონის უნივერსიტეტში, სწავლობდა. 2014 წლიდან ხელოვნების დამოუკიდებელი კურატორი იყო.