ალენ დელონის სამი შვილი - ენტონი, ანუშკა და ალენ-ფაბიენი - პირველად გაერთიანდა, რათა მათ მამაზე გაძლიერებული მეურვეობა დაინიშნოს. სასამართლომ ცნო მათი თხოვნა.
88 წლის ფრანგი ვარსკვლავი ჯერ კიდევ იანვარში მოხვდა სასამართლოს დაცვის ქვეშ, ძირითადად, მის "სამედიცინო მომსახურებასთან" დაკავშირებული საკითხების გამო. ახლა კი ეს ზომა "გაძლიერებული მეურვეობით" შეცვალეს. ამ გადაწყვეტილებით "სურთ დაიცვან ზრდასრული ადამიანი და მისი ქონება, როდესაც ის რთულ მდგომარეობაშია და დახმარებას საჭიროებს".
ეს ზომა ნიშნავს იმას, რომ დელონს დაენიშნა კურატორი, რომელიც მართავს მის ფინანსებს, ასევე მისი სახელით იმოქმედებს ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში. კონკრეტულად ვინ შეასრულებს ამ ფუნქციას, ჯერ უცნობია, თუმცა როგორც წესი, ასეთი ადამიანი ირჩევა ნათესავებიდან.
სიტუაციას ართულებს ის, რომ ალენ დელონის სამივე შვილი ნაჩხუბარია მამასთან, ხოლო მის მომვლელ ჰირომი როლანს, რომელიც საკუთარ თავს ალენ დელონის რჩეულს უწოდებს, ანგარებასა და მსახიობის მდგომარეობით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებენ.
გაძლიერებული მეურვეობის მოთხოვნა დელონის შვილების ინიციატივაა. თავად ალენ დელონი გამოვა თუ არა სასამართლოზე ამ საქმესთან დაკავშირებით, უცნობია. იანვარში მისმა ვაჟმა ენტონი დელონმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მამამისი ძნელად ეგუება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ეს შეიძლება ბოლო შობა იყო მამამისის ცხოვრებაში. ამან თავად ალენ დელონი ძალიან გაანაწყენა და დაემუქრა კიდეც შვილს, რომ სასამართლოში უჩივლებდა.
ცნობისათვის, ალენ დელონის მდგომარეობა 2019 წელს გართულდა, როცა მას ინსულტი ჰქონდა. მას მერე ის ძირითადად თავის მამულშია, საფრანგეთის ლუარის რეგუონში. მისი ახლობლები შეშფოთებულები არიან მისი ურთიერთობით მომვლელ ჰირომისთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ალენთან თბილი ურთიერთობები ჰქონდა. თუმცა დელონის შვილებს მის განზრახვებში ეჭვი ეპარებოდათ, უჩივლეს და მიაღწიეს მის გასახლებას მსახიობის მამულიდან. საპასუხოდ მან დელონის შვილებს უჩივლა, ძალა იხმარეს ჩემზეო და სამედიცინო კვლევის შედეგებიც კი წარადგინა.
საქმე ჯერ კიდევ ღიაა და გასარკვევია, ვინ დაინიშნება მსახიობის მეურვედ და შესაბამისად, მისი ქონების განმკარგველად.