ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში სტუმრად ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე მიიწვია, რომელმაც იმ დიდ ტკივილზე ისაუბრა, რასაც მეუღლის დაკარგვა ჰქვია. ნათია 18 წლის იყო, გიორგი გოგიჩაიშვილთან რომ შექმნა ოჯახი და შეიძლება ითქვას, ერთად გაიზარდნენ. ორი შვილი შეეძინათ - ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები, რომლთაც საზოგადოება კარგად იცნობს. ნათიასთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა გოგიჩაზე საუბარი. როცა გაიგო, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული, მისთვის სამყარო გაქვავდა და დაიწყო რთული პერიოდი. პირველ ეტაპზე ოჯახის წევრებს უმალავდა გიორგის ავადმყოფობის ამბავს, არ უნდოდა ენერვიულათ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური იყო მთელი გადაცემა, ცრემლს მის სახეზე ვერ შეამჩნევთ და ამას თავისი ახსნა აქვს: „გიორგის წესებით ვცხოვრობთ, არ ვტირით და ერთმანეთს არ ვაჩვენებთ ცრემლს. იმ ადგილსაც, სადაც გიორგი ბოლოს დავტოვეთ, სკვერს ვეძახი... დიაგნოზის გაგებაზე უფრო ცუდი იყო სახლში მარტო დაბრუნება, დედასთან შეხვედრა.. ბოდიშს ვუხდიდი, რომ მისი შვილი ვერ მივიყვანე სახლში... როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ - გიო, დამეხმარე და საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე მეხმარებიან, როგორც გიორგი დამეხმარებოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს არასდროს დავუტოვებივარ! ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე უფრო მეტად არის ჩემთან და უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე. თუმცა, შვილიშვილი რომ გაგვიჩნდა, ძალიან შეჭიდული გრძნობები მქონდა, ეს ხომ უდიდესი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში, მაგრამ თან კითხვა მიჩნდებოდა, როგორ შეიძლება, ჩემს შვილიშვილს არ ჰყავდეს ბაბუა გოგიჩა?! - ამბობს ნათია ინტერვიუში.