38 წლის ამანდა ბაინსი, რომელიც ჰოლივუდში ბავშვობიდანვე გამობრწყინდა და ამერიკული კინოინდუსტრიის მომავალსაც უწოდებდნენ, დღეს მანიკიურის ტექნიკას სწავლობს და სალონში სამსახურის დასაწყებად ემზადება. გოგონა, რომელსაც ერთ დროს თავბრუდამხვევი კარიერა ჰქონდა და კოლოსალურ ჰონორარებს იღებდა, მესამე წელია სილამაზის სალონში დასაქმებას ცდილობს. ბაინსმა 2022 წელსაც სცადა მანიკიურის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება და მუშაობის დაწყებას, თუმცა ვერ შეძლო.
ამჟამად კვლავ სწავლას განაგრძობს: "სკოლაში დავბრუნდი, რომ მანიკურის თეორია ვისწავლო და გამოცდამდე გელ-ლაქის წასმის პრაქტიკას დავეუფლო. ასე რომ, მზად ვიქნები ფრჩხილის სალონში სამუშაოდ", - აღნიშნა მან სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, რომ ამანდა ბაინსი 2000-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მას საკმაოდ ბევრი როლი აქვს შესრულებული, მაგრამ ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის გამო ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და კარიერის მიტოვება მოუხდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2013 წელს, ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს მანქანა დააჯახა, თავყვანისმცემელს თავს დაესხა და ქურდობის მცდელობისთვის რამდენჯერმე დააკავეს. ამის შემდეგ სასამართლომ მასზე მეურვეობა მშობლებს დააკისრა და მსახიობმა ყოველგვარი პირადი თავისუფლება დაკარგა.
რამდენიმე წლის განმავლობაში ამანდა ბაინსი მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა, 2019 წელს თითქოს გაუმჯობესების ნიშნები გაჩნდა, თუმცა, მცირე ხნის შემდეგ, მას კვლავ მოუწია თერაპიის გავლა - მას შემდეგ, რაც ქუჩაში სრულიად შიშველი გამოვიდა და გამვლელებს დახმარებას სთხოვდა, ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს.
ამანდა ბაინსის დებიუტი ტელევიზიაში 9 წლის ასაკში შედგა. მან მაშინვე დაიპყრო კინოინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი პროდიუსერების გული. როდესაც გოგონა 13 წლის გახდა, "ამანდას შოუ" შექმნა და ამ პროგრამის წამყვანი თავად გახდა. ამის გამო მან Kids' Choice Awards-ი ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მიიღო. ძალიან პოპულარული გახდა და უამრავ მოზარდს, გოგონას სურდა, მისთვის მიებაძა.
მის ცხოვრებაში თავბრუდამხვევი წარმატება მოვიდა. თინეიჯერების კერპი გახდა, ხშირად სთხოვდნენ ინტერვიუებს, ავტოგრაფებს, ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი, საკმაოდ მაღალ ჰონორარებს იღებდა და ესწრებოდა მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
კრიზისი თანდათანობით დაიწყო. უამრავი თერაპიული კურსისა, 36 წლის ასაკში ოდნავ მიღწეული შედეგი კვლავ გაუარესდა. ეს უკვე მისი მეორე მცდელობაა ცხოვრების თავიდან დასაწყებად.