აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩააბარებენ, სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან პროგრამის დასრულებამდე თავისუფლდებიან. თუმცა, ბიჭებს ასევე ხშირად აინტერესებთ, რამდენად შეიძლება პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარებით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წინაპირობა არ იყო, შესაბამისად, პროფესიული განათლების მიღებაში ბევრს ხელი ეშლებოდა.
2020 წელს "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილები შევიდა. რომლის თანახმადაც, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებას მოიპოვებენ ის ადამიანები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების ჩაბარების შედეგად, კოლეჯის სტუდენტის სტატუსს მიიღებენ. ცვლილება არ ეხება მომზადება-გადამზადების მოკლევადიან კურსებს.
აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ, ვრცლად ნახოთ vet.emis.ge-ზე. ჯერჯერობით რეგისტრაციის თარიღები უცნობია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი