როდის სჯობს მრტ-ის და როდის კტ კვლევის ჩატარება - რომელი ორგანო რომელი კვლევისას ჩანს უკეთ და რომლის დიაგნოზი უფრო ზუსტია - მშობლები

როდის სჯობს მრტ-ის და როდის კტ კვლევის ჩატარება - რომელი ორგანო რომელი კვლევისას ჩანს უკეთ და რომლის დიაგნოზი უფრო ზუსტია

2024-04-19 17:02:44+04:00

ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ხშირად მაგნიტურ რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას მიმართავენ და სხვადასხვა ორგანოს, ჩივილებისა თუ პროფილაქტიკის მიზნით იკვლევენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რა განსხვავებაა ამ ორ კვლევას შორის, რა შემთხვევაში რომელი ჯობია, თუ არსებობს უკუჩვენებები და რამდენად უსაფრთხოა. თემაზე დეტალურად თოდუას კლინიკის ექიმი რადიოლოგი მანანა მეზვრიშვილი გვესაუბრება:

- მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია არაინვაზიური მეთოდია, რომელიც მაგნიტური ველის, რადიოტალღების და უახლესი თაობის პროგრამული აღჭურვილობით ქმნის დეტალურ გამოსახულებას. კვლევა ფართოდ გამოიყენება ორგანოების სტრუქტურისა და სხვადასხვა ქსოვილებისა ვიზუალიზაციისთვის. აღნიშნული კვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა პაციენტისთვის, არ გააჩნია სხივური დატვირთვა. აპარატი არ არის სრულად დახურული, თუმცა ვიწრო სივრცის გამო დისკომფორტს უქმნის კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებს.

კომპიუტერული ტომოგრაფია არის პროცედურა, რომლის დროსაც აპარატიდან რენტგენის სხივი პაციენტის მიმართულებით იგზავნება. მიღებული სიგნალი დამუშავდება პროგრამულად და შემდგომ მიიღება გამოსახულება. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა ღია სივრცე, რომელიც ყველა პაციენტისთვის კომფორტულს ხდის კვლევას. უარყოფითი მხარეა დასხივება, თუმცა აღსანიშავია, რომ იგი არის მინიმალური და ყველა პაციენტის დოზა ინდივიდუალურად ისაზღვრება კვლევის დაწყებამდე. ბავშვების შემთხვევაში გვაქვს შედარებით უსაფრთხო დაბალდოზიანი კვლევები, რომლებიც მინიმალურ სხივურ დატვირთვას უზრუნველყოფს.

ორივე კვლევა იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას, პრაქტიკულად ყველა ორგანოს დეტალური შეფასების საშუალებას, თუმცა მცირედი განსხვავებით. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შესაძლებელია ორგანოთა სტრუქტურული და შრეობრივი დიფერენციაცია, შესაბამისად მეტად აკურატული დიაგნოზის დასმა. აღნიშნული არ ვრცელდება მხოლოდ ფილტვებზე, რომლის ყველაზე დეტალური შეფასებაც შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიით.

- ხშირად ადამიანებს პროფილაქტიკისთვის წარმოუდგენიათ, რომ თუ მთელი სხეულის სკანირებას მიმართავენ, დეტალურად გაიგებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. შესაძლებელია თუ არა ამ გზით მსგავსი ინფორმაციის მიღება, რამდენად რეკომენდებულია და შეიძლება, თუ არა ადამიანმა თვითნებურად გადაწყვიტოს მისი ჩატარება?

- კომპიუტერული ტომოგრაფიით მთელი სხეულის სკანირებისას პაციენტი იღებს იმ სრულ ინფორმაციას, რაც კტ კვლევის საშუალებით არის შესაძლებელი. თუმცა სხივური დატვირთვის გათვალისწინებით, უმჯობესია ექიმის დანიშნულების გარეშე პაციენტმა არ ჩაიტაროს მსგავსი კვლევა. რაც შეეხება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, მთელი სხეულის კვლევა იძლევა ორგანოთა უმეტესი ნაწილის სრულ, მცირე ნაწილის კი მხოლოდ ზოგად ინფორმაციას. შესაბამისად აღნიშნული კვლევა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პროფილაქტიკურ (chek up), ან სკრინინგულ კვლევად. ვინაიდან მრტ-ს არ გააჩნია არანაირი სხივური დატვირთვა, პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს პროცედურა როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე თავისი ნებით.

მთელი სხეულის კვლევა აქტიურად და რუტინულად გამოიყენება ონკოლოგიური პაციენტების დინამიკის შეფასებაში. აღსანიშნავია რომ მრტ კვლევის დროს პაციენტი უნდა იწვევს მშვიდად, არ იმოძრაოს და შეასრულოს სუნთქვითი მოძრაობები ვიწრო სივრცეში. სხეულის თითო სეგმენტის დეტალურ შეფასებას უნდა მინიმუმ 30-45 წუთი. ამის გამო სრულფასოვანი მთელი სხეულის კვლევა შეიძლება გაგრძელდეს 3-დან 5სთ-მდე, რისი შესრულებაც პაციენტისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემას კტ კვლევის შემთხვევაში, რომლის სრული ხანგრძლივობაც პრაქტიკულადარ აღემატება 10 წუთს.

- როგორი გამოსხივება აქვს მაგნიტურ რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, თუ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო და რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება გაკეთება?

- მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას არ აქვს გამოსხივება, მისი ჩატარების რაოდენობრივი ან დროებრივი შეზღუდვა არ არსებობს. მრტ კვლევა არ არის რეკომენდებული პირველი ტრიმესტრის ორსულებისთვის სითბური ეფექტის თავიდან არიდების მიზნით. კომპიუტერულ ტომოგრაფიას გამოსხივება გააჩნია, რის გამოც მისი ჩატარება ექიმის დანიშნულებით არის რეკომენდებული.ALARA (As Low As Reasonably Achievable)-ს პრინციპის მიხედვით, ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება დოზის და კვლევის შერჩევა წონის, ასაკის და კლინიკური საჭიროების მიხედვით. არ არსებობს კონკრეტული მაჩვენებელი, რომლის მიღწევის შემდეგაც არ შეიძლება საჭიროების შემთხვევაში კვლევის ჩატარება. არსებობს სპეციალური პროტოკოლები მინიმალური დასხივებით, რომლებიც უხშირესად პედიატრიულ პოპულაციაში გამოიყენება და ასევე ზრდასრულებში უმეტესად პროფილაქტიკის (check up) მიზნით. ჩვენი პაციენტების მიღებული დოზების მონაცემების შენახვა და მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

- ვისთვის არ შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების ჩატარება?

- მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების აბსოლუტური უკუჩვენებაა: ნებისმიერი პარამაგტინური თვისებების მქონე მეტალის იმპლანტის ან მოწყობილობის არსებობა სხეულში, ნებისმიერი ტიპის მეტალის უცხო სხეული თვალში, მიტოვებული ინტრაკარდიალური სტიმულატორები, ელექტრული გამტარობის მქონე მოწყობილობები, ინსულინის საქაჩები. არ არის რეკომენდებული ასევე კვლევის ჩატარება პირველი ტრიმესტრის ორსულებში.

კტ კვლევის უკუჩვენება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ორივე კვლევისას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ხშირად საკონტრასტო საშუალებას ვიყენებთ, რომელიც შეგვყავს ინტრავენურად. კომპიუტერულ ტომოგრაფიაში გამოყენებული საკონტრასტო ნივთიერება არის ალერგიული, რის გამოც ზოგიერთ პაციენტში ალერგიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრემედიკაციის გაკეთება. აღნიშნული კონტრასტი არ გამოიყენება ასევე თირკმელების უკმარისობის დროს. მრტ კონტრასტს უკუჩვენება არ გააჩნია.

- თუ არის საჭირო წინასწარი მომზადება - ანუ, ვიდრე ადამიანი მაგნიტურ რეზონანსულ, ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას გაიკეთებს, რა უნდა გაითვალისწინოს?

- ორივე კვლევის წინ რეკომენდებულია, რომ ნახევარი საათის განმავლობაში არ ჰქონდეს მიღებული საკვები და შარდის ბუშტი დაცლილი. განსაკუთრებული მომზადება სჭირდება ენტოროგრაფიულ (ნაწლავების შესაფასებელი) კვლევას, რომელიც ადგილზე კლინიკაშივე ხორციელდება, თუმცა კვლევამდე მინიმუმ 1 საათით ადრე.

- სხეულში იმპლანტების არსებობის შემთხვევაში, რა რეკომენდაციები არსებობს? მაგალითად, კბილის იმპლანტი ვისაც აქვს, თავზე გადაღებას შეძლებს?

- პარამაგნიტური თვისებების მქონე მეტალის იმპლანტის შემთხვევაში მრტ კვლევა უკუჩვენებაა. თანამედროვე, არამაგნიტური თვისებების მქონე მეტალის იმპლანტების შემთხვევაში (ტიტანი, ქრომი, კობალტი) კვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა. აღნიშნული შეეხება ასევე კბილის იმპლანტებსაც. გასათვალისწინებელია, რომ სხეულის ის ნაწილი სადაც მოთავსებულია იმპლანტი დეტალურად ვერ შეფასდება არტეფაქტების გამო.

- რამდენად მნიშვნელოვანია რადიოლოგის კომპეტენცია, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას?

- რადიოლოგის კომპეტენცია გადამწყვეტია. აპარატურა გვაძლევს გამოსახულებას, რომლის ინტერპრეტაცია და დამუშავება შემდგომ კი სწორი დიაგნოზის დასმა კომპეტენტურმა რადიოლოგმა უნდა განახორციელოს.

- საქართველოში არსებული აპარატურა, პერიოდულად თუ გადის რაიმე შემოწმებას, რაც მათი სიზუსტისა და უსაფრთხოების შესახებ მოგვცემს ინფორმაციას?

- მე, როგორც თოდუას კლინიკის ექიმს, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომს ჩვენს კლინიკებში უახლესი უსაფრთხოების პროტოკოლების მიხედვით გეგმიურად ხდება აპარატების შემოწმება, რის შედეგადაც ხარისხი და უსაფრთხოება მუდმივად მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეეხება ასევე საქართველოში არსებულ სხვა კლინიკებსაც.

თამარ იაკობაშვილი