ექიმი გასტროენტეროლოგი გიგა სორდია გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა სიმპტომებით ვლინდება ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს აუცილებლად:
- ვინაიდან საჭმლის მომნელებელი სისტემა საკმაოდ გრძელია, ბევრ ორგანოს მოიცავს, სიმპტომები და კლინიკური ჩივილები საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, ყველაზე ხშირად მოგვმართავენ შემდეგი ჩივილებით: ტკივილი მუცლის არეში, გულძმარვა, შებერილობა, გულისრევის შეგრძნება და დეფეკაციის ცვლილება - როგორც ყაბზობა, ასევე, პირიქით, გახშირება. მრავალკომპონენტიანი პრობლემაა და სხვადასხვა რამ იწვევს. პირველი უპირობოდ საკვებია. საკვების ხარისხი, კვებითი ქცევები და ძილისა და მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები ძალიან ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების ტრიგერია, რომლებიც ქრონიკულ სიმპტომთა კომბინაციას წარმოადგენს და საკმაოდ რთულად სადიაგნოსტიკო და სამკურნალოა. დღითიდღე იზრდება ჩივილებისა და სიმპტომების რაოდენობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. 2018 ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში დიდი კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 42%-ს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს. მათ შორის, 85% ფუნქციური დარღვევები აღენიშნება, რაც სტრესთან, ძილის დარღვევებთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ლორწოვანის სხვადასხვა დაავადება 15%-ს აღენიშნება. ამ დაავადების მართვა მრავალი კომპონენტის გათვალისწინებას მოითხოვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი 5 სიმპტომი, რა დროსაც ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, ესენია: უმიზეზო წონაში კლება, მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, სიყვითლე, ხანგრძლივი დიარეა, შავი ფერის დეფეკაცია. ამ სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, რათა მიზეზები გამოვლინდეს და შემდგომ მკურნალობა დაიგეგმოს.
კონკრეტული დაავადებებისათვის კვების განსხვავებული მოდელი დგება, ჯანსაღი კვების რეკომენდაციები ზოგადია. ზოგად რეკომენდაციებში შედის: კვება არა ნაკლებ 3-4-ჯერ. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ არის საკვები მომზადებული, რამდენად დაამუშავებს ჩვენი პირის ღრუ, როგორია მისი თერმული მახასიათებლები, როგორია მასში გახსნილი ნივთიერებები. თუ არის დანამატები, რაც ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისათვის არ არის რეკომენდებული. ასეთებია სანელებლები, სიცხარე, ცხიმი და და ასე შემდეგ. ამიტომ, ზოგადი რეკომენდაციები შეიძლება მოსახლეობას მივაწოდოთ. ხოლო, თუ კონკრეტულ დაავადებაზე ვსაუბრობთ, იქ კონკრეტული მიდგომა არსებობს და დაავადების დიაგნოზის მიხედვით, შესაბამის რეკომენდაციას გავცემთ.