ყოველწლიურად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა გარკვეული რაოდენობა გამოცდებზე აღარ გადის. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მათ შორისაა, დაგვიანება, პრიორიტეტების შეცვლა და უნივერსიტეტის მიღმა განათლების მიღების გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. სტატისტიკა აბიტურიენტებისათვის ყოველთვის საინტერესოა, რადგანაც სურთ, დაახლოებით განსაზღვრონ, როგორი კონკურენცია იქნება კონკრეტულ წელს და რამდენად შეძლებენ სასურველ პროგრამაზე მოხვედრასა და გრანტის მიღებას.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. მაშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში თქვეს, რომ ეს მონაცემი, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული იყო. თუმცა, წელს გამოცდებისათვის რეგისტრირებული აბიტურიენტების რიცხვი კიდევ გაიზარდა. ამ მონაცემებმა ბევრი აბიტურიენტი ააღელვა და მოსალოდნელ კონკურენციაზე დააფიქრა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, როგორც წესი, ყველა მათგანი გამოცდაზე არ გადის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ წერილით და საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ მონაცემები, 2014 წლიდან 2023 წლამდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან რამდენი გავიდა გამოცდებზე, რამდენმა პროცენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და რამდენი დარჩა უნივერსიტეტს მიღმა.
ზოგად ტენდენდიას თუ გადავხედავთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში თანდათან უფრო ნაკლები აბიტურიანტი რჩება უნივერსიტეტს მიღმა. გასულ წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.
მონაცემები წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
ასევე, დამატებით განგვიმარტეს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გამოვლინდებიან ის აბიტურიენტები, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აბიტურიენტი სტუდენტი ხდება მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემდეგ. ანუ, შესაძლებელია, აბიტურიენტმა ყველა საგანში ბარიერის გადალახვით უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვოს, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდეს იმის გამო, რომ, მაგლითად, მის მიერ არჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურენციაა, უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ადგილები მასზე მაღალი ქულის მქონე აბიტურიენტებმა შეავსეს და ასე შემდეგ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით ფორმდება.
თამარ იაკობაშვილი