ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ლორიამ და ქირურგ-ოფთალმოლოგმა რეზო ომიაძემ გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ისაუბრეს, რა იწვევს ჰერპესის ვირუსის განვითარებას და როგორ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ:
გიორგი ლორია: ორი ტიპის ვირუსები არსებობს. ერთი ჯგუფი გრიპის ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება, რომლებსაც სეზონურობა ახასიათებთ. მაგრამ, არსებობს ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობენ და მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიძინებულ მდგომარეობაში მუდმივად არიან და პერიოდულად შეიძლება, რაღაცამ გაამწვავოს.
რეზო ომიაძე: სწორედ ასეთი ვირუსული ინფექცია ჰერპესი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის 90%-ში გვხვდება.
გიორგი ლორია: ჰერპეს ვირუსებში სხვადასხვა ჯგუფი გამოიყოფა. პირველი ტიპის ჰერპეს ვირუსი სახეზე, ძირითადად, პირის გარშემო გვხვდება. სამწვერა ნერვში ცხოვრობს და კონკრეტულ გამღიზიანებელზე ბუშტუკის სახით გამოვლინდება. არსებობს მეორე ტიპის ჰერპეს ვირუსი, რომელიც რეპროდუქციულ ორგანოებზე გამოვლინდება. მესამე ტიპის ვირუსის დროს ნეკნის გარშემოა გამონაყარი და ეს ძალიან მტკივნეულია. მეოთხე ტიპის ვირუსის დროს ყელის გარშემო ლიმფური კვანძები დიდდება და ესეც ჰერპესის ვირუსია. მეხუთე ტიპის ციტომეგალოვირუსია, რომელიც განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს ანომალიების ჩამოყალიბებას იწვევს და ერთ-ერთი ყველაზე საშიში მერვე ტიპის ჰერპეს ვირუსია, რომელიც შიდსით დაავადებულ ადამიანებში კაპოშის სარკომის გამომწვევია და ცუდად მთავრდება. მაგრამ, პირველი ტიპი ყველაზე გავრცელებული და იოლი ფორმაა და ჩვენ მარტივ ჰერპესს ვეძახით.
რეზო ომიაძე: ეს ვირუსი ჩვილობის ან ბავშვობის ასაკში გვემართება. როდესაც ის აქტიურ ფაზაშია, სწორედ მაშინაა გადამდები. ის შეიძლება გადაგვედოს: კოცნით, შეხებით, პირსახოცით, ყოველდღიური ნივთების გაზიარებით. თუმცა, შეიძლება ადამიანი ამ ვირუსის მატარებელი იყოს, ვირუსი ნერვულ უჯრედებში ბინადრობდეს და აქტიური ფაზით არ იყოს წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში, ვირუსი გადამდები არ არის. როგორც აღვნიშნეთ, თუ ვირუსი აქტიურ ფაზაშია, გადადება მაშინ ხდება. მოკლედ რომ გითხრათ, ადამიანების უმრავლესობა ჰერპესის ვირუსით 3-5 წლის ასაკში ინფიცირდება.
გიორგი ლორია: როდესაც გარე გამღიზიანებლები მოქმედებს, ან იმუნიტეტი დაეცემა, ან კანის დაზიანებას მივიღებთ, სტრესს განვიცდით, ეს ვირუსი განგლიაში გამრავლებას იწყებს. ნერვის დაბოლოებას მოჰყვება და ინფექცია ვიზუალურად გამოვლინდება. სადაც ბოლოვდება ნერვი, იქ გამოვა და იქ დაიწყებს გამრავლებას. კანს აზიანებს და ბუშტუკს ქმნის. ბუშტუკი გამრავლებული ჰერპეს ვირუსითაა სავსე. რამდენიმედღიანი ციკლი ახასიათებს. ბუშტუკები სკდება, ჩნდება ფუფხი. კარგი რაც ახასიათებს არის ის, რომ ნაწიბურებს არ ტოვებს. ძალიან ზედაპირულ შრეში იწყებს გამრავლებას.
რეზო ომიაძე: ჰერპეს ვირუსის გამოვლენას ხელს უწყობს: სტრესი, გადაღლა, სხვადასხვა ინფექციური დაავადება და ავადობა, გაციება, გრიპის ვირუსი, მაღალი ტემპერატურა, ტრავმა, იმუნიტეტის დაქვეითება, მზის აბაზანების მიღება.
გიორგი ლორია: როგორც აღვნიშნეთ, პირველი ტიპის ვირუსი სამწვერა ნერვის დაბოლოებაზე ცხოვრობს და ნებისმიერ დროს შეიძლება, წარმოიქმნას. ერთ-ერთი პირის ღრუა, რაც დიდ დისკომფორტთან ასოცირდება, იწვევს ტკივილსა და ღეჭვის გაძნელებას.
რეზო ომიაძე: ჰერპეს ვირუსი შეიძლება ასევე ცხვირის არეში, თვალის გარშემო გაჩნდეს. ასევე გეტყვით, რომ არსებობს ვირუსული კერატიტი, რომელიც რქოვანაზეა გავრცელებული, და თუ დროულად არ მივხედეთ, შესაძლოა, მხედველობის დაქვეითება და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ეს ვირუსი ძირითადად 14 დღე გრძელდება. მერე თავისით ალაგდება. არის მედიკამენტები, რომლებიც ვირუსის ალაგების პროცესს აჩქარებენ. ჰერპესის სიმპტომური გამოვლინების 4 ფაზა არსებობს. ესენია: ქავილისა და წვის შეგრძნება კანის ზედაპირზე, ჰერპესის ბუშტუკების გაჩენა კანის ზედაპირზე, ჰერპესის ბუშტუკების გასკდომა და გარშემო წყლულების გაჩენა, ბუშტუკების ამოშრობა, კანის ზედაპირის გახმობა და რამდენიმე დღეში მოშუშება.
გიორგი ლორია: ვირუსი გადამდებია, როდესაც ბუშტუკოვანი გამონაყარია და სკდება. ასევე, ვიდრე ბოლომდე არ ალაგდება, მაშინაცაა გადადების რისკები. ასეთ დროს ადამიანს პირადი ნივთები გამოყოფილი უნდა ჰქონდეს. მიძინებულ ვირუსიდან გადადება ძალიან, ძალიან დაბალ პროცენტშია შესაძლებელი.
რეზო ომიაძე: გადადება პირდაპირი კონტაქტით, კოცნით, სქესობრივი გზით, ძალიან იშვიათად ჰაერწვეთოვანი გზით შეიძლება. ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ბავშვს შესაძლოა, მშობიარობის შემდეგ დედიდან გადაეცეს. ამ დროს სამშობიარო გზის დათვალიერება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში საკეისრო კვეთის გზით მშობიარობა პირდაპირი ჩვენებაა, რადგან ბავშვს შეიძლება დედის სამშობიარო გზაში არსებული ვირუსის გამო ენცეფალიტი და სხვა სერიოზული გართულება დაემართოს.
იმისათვის, რომ ვირუსი არ გააქტიურდეს, ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია. ასევე, სწორი კვება, ვარჯიში, საკმარისი ძილი, თუ შესაძლებელია, სტრესისგან თავის არიდება, მზისგან დაცვა და ყველაფერი ის, რაც ჩვენს იმუნურ სისტემას გააძლიერებს.