უამრავი ადამიანი სხვადასხვა კერძის მომზადების შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და საჭირო რჩევებს სოციალურ ქსელში შეფ მზარეულისაგან - ალეკო ჯავაშვილისაგან იღებს. ვიდეორეცეპტებში იმდენად ზუსტად, ნაბიჯ-ნაბიჯაა აღწერილი მომზადების პროცესი, რომ ბევრი ადამიანი მარტივად ამზადებს და კომენტარებში მადლიერებასაც გამოხატავს. დღეს შეფ მზარეულს და მრავალი ოჯახის სასიამოვნო სტუმარს, ალეკო ჯავაშვილს, რომელსაც უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, უფრო ახლოდან გაგაცნობთ:
- რესტორნის მზარეული არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის დახურულ ობიექტებზე ვმუშაობდი და ამიტომ ზედმეტსახელად "ინკოგნიტო შეფს" მეძახდნენ. ვზრუნავ ადამიანებზე, რომელთაც სპეციალური კვების მოდელი, კალორიების გათვალისწინება, შესაბამისი მენიუს შედგენა სჭირდებათ, როგორიცაა, მაგალითად, ჯარი, სპორტსმენები, ბავშვები, პატიმრები... წლების განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდი. 2018 წელს საქართველოში განხორციელდა პროექტი "ღირსეული პარტნიორი", რომლის სუპერვაიზერი და შეფ-მზარეული ამერიკელთა მხრიდან მე გახლდით. 3000 მონაწილეს ვუმასპინძლე. დღესაც, როცა მასშტაბური ღონისძიება იმართება ამერიკელთა მონაწილეობით, კონსულტაციისთვის მომმართავენ. ამერიკის მასტერსერჟანტის წოდება მაქვს. ასევე, ვარ ომის ვეტერანი.
ამ სფეროში 1989 წლიდან ვმუშაობ. თავიდან კულინარიის კურსები გავიარე, შემდეგ იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ ობიექტებზე გავდიოდი პრაქტიკას, მზარეულის მეოთხე თანრიგის წოდება მალევე მივიღე. მაშინ კულინარიის სხვადასხვა მიმართულება ცალ-ცალკე არ ისწავლებოდა. ყველაფერს ვსწავლობდით - ცხელსა და ცივ კერძებს, ცომეულს, დესერტებსაც... ამდენად, მრავალპროფილიანი მზარეული ვარ. თუკი რაიმე სამზარეულოს ეხება, ყველაფერი მაქვს შესწავლილი, თუმცა ნოვაციებს ჩემს სფეროში ახლაც ვეცნობი. ამიტომ ნებისმიერი მიმართულებით შემიძლია ვიმუშაო. დიდხანს ვმსახურობდი ჯარისკაცებთან შავნაბადაზე, პანდემიის პერიოდში პატიმრებს ვკვებავდი. მაშინ, ფაქტობრივად, ციხეში ვცხოვრობდი. 3000 პატიმრისთვის ვამზადებდით კერძებს. 5-ლიტრიანი ქვაბით ვინმემ საჭმლის მომზადება რომ დამავალოს, გამეცინება. ყველაფერს დიდი რაოდენობით ვაკეთებ.
- შვილები და შვილიშვილები მყავს. შვილები დიდები არიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ. მეუღლეს გაშორებული ვარ. როგორი მამა და ბაბუა ვარ, ალბათ, ჩემმა შვილებმა უნდა თქვან. ყველა ადამიანს უნდა, რომ კარგი მშობელი და წინაპარი იყოს. ყოველთვის რთული სამსახური მქონდა და დღემდე ამ რეჟიმით ვცხოვრობ, მაგრამ ოჯახის წევრები გაგებით ეკიდებიან ჩემს საქმეს - ერთმანეთის ცხოვრებას პატივს ვცემთ. როგორც კი თავისუფალ დროს ვპოულობ, ბავშვები სხვადასხვა ადგილზე მიმყავს გასართობად. მათთან ყოფნა მიხარია და საერთოდ, ბავშვებთან მუშაობა მოტივაციას მიძლიერებს - სულ მინდა ახალი და გემრიელი შევთავაზო პატარებს( ყოველდღე 1500 ბავშვს ვკვებავ). ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ყველაზე მეტად ჩემი მომზადებული ტკბილეული უყვართ. შეძლებისდაგვარად, მათ გახარებასაც ვახერხებ.
- რაც არ უნდა შეეცადოს მშობელი, სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლები შესაძლებლობები გვაქვს ბავშვების ჯანსაღად გამოსაკვებად. მაგრამ რა რესურსებიც არსებობს, დასანანია, რომ იმასაც არ ვიყენებთ. ზოგჯერ მშობელს დრო არ აქვს, ან არ იცის, სასარგებლო საკვები როგორ მოამზადოს. ზოგს ურჩევნია, "ფასტფუდი" იყიდოს, მზა საკვებში ვერ ხედავს საფრთხეს. ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის კი საჭიროა ჯანსაღი კვება. მოზარდი ორგანიზმის გამოსაკვებად უნდა გავითვალისწინოთ კვების რაციონის ენერგეტიკული ღირებულება, დაბალანსებული, თან მრავალფეროვანი კვება, კვების ოპტიმალური რეჟიმი, უსაფრთხო კვება, ბავშვის ინდივიდუალური თავისებურება და ა.შ. რაც მთავარია, რაციონი მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რასაც შეიცავს ხილი და ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ხორცი და სხვა ცილოვანი პროდუქტი, პურ-ბურღულეული. ასე რომ, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული საკვები ჩვენი შვილების წარმატებისა და დღეგრძელობის საწინდარია.
- ჩემთვის გამოცდილების გაზიარება ვიდეორგოლების საშუალებით დასვენებისა და განტვირთვის მშვენიერი საშუალებაა. შარშანდელი სექტემბრიდან მოვყვები ამ საქმეს. სამსახურის შემდეგ სიამოვნებით ვაგრძელებ საქმიანობას და გამომაქვს ფართო სამსჯავროზე. თავიდან მირჩიეს, რომ უფრო მოკლე და სწრაფი ვიდეო გადამეღო. არავის მოვუსმინე, როგორც დავიწყე, ისე გავაგრძელე და გაამართლა.
- ძირითადად, თემას საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით ვარჩევ. ვცდილობ, ბიუჯეტური, მარტივად გასაკეთებელი კერძები შევთავაზო ადამიანებს, ყველამ რომ შეძლოს მომზადება. მაგალითად, ქათამი ყველაზე იაფია ხორცეულიდან, ამიტომ ქათმის კერძის არაერთი რეცეპტი გაგიზიარეთ. კომენტარებსაც ვითვალისწინებ - რისი მომზადება სურთ, კალორიული პროდუქტი აინტერესებთ თუ დიეტური, სადღესასწაულო სუფრას ამზადებენ თუ ბავშვისთვის ჯანსაღი საკვებს და ა.შ.
- კომენტარებს ვკითხულობ და ვხედავ, რომ ჩემი პროდუქცია ბევრი ადამიანისთვისაა შემეცნებითი, რითაც უფრო მეტი მოტივაცია მეძლევა. გარდა იმისა, რომ ვითვალისწინებ საზოგადოების მოთხოვნებს, ვცდილობ, მარტივი, გასაგები ენით ავხსნა ყველაფერი, იუმორი და სითბო დავამატო ყოველ კერძს, ისე განვმარტო თითოეული დეტალი, რომ კითხვა არ დარჩეს... ალბათ, ეს არის ჩემი ცნობადობის მიზეზიც, დღითიდღე მემატება გამომწერი და გულშემატკივარი. შეძლებისდაგვარად, ყველას ყურადღებას ვაქცევ, ვპასუხობ კითხვებზე, ვაფასებ მათ გამოხმაურებას, მიხარია მათი წარმატება კულინარიაში... ადამიანს რა სჭირდება? ყურადღება და პატივისცემა. მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი გამომწერებიც.
- კრებულის შედგენას არ ვგეგმავ. ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია მაინტერესებს, ეგ მახარებს. უამრავი კეთილისმყოფელი შევიძინე, უამრავი მემადლიერება... ამაზე კარგი რა უნდა იყოს? თითქმის ყოველდღე დადებით ემოციებს ვიღებ.
- მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოვჩნდი და უამრავი ადამიანი შემომიერთდა, რომლებსაც სურთ, ჩემი შექმნილი და დამზადებული კერძების დაგემოვნება, სურვილი გამიჩნდა, კვების ობიექტი გავაკეთო, სადაც გაიყიდება ხარისხიანი საჭმელი. ამისთვის სერიოზული ფინანსური რესურსია საჭირო, თანაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს. ასე რომ, უახლოეს მომავალში რამდენად შესაძლებელია ჩემი სურვილის ასრულება, არ ვიცი, მაგრამ ვისაც მიზანი არ აქვს, მისი სიცოცხლე არაფრად ღირს. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.
- არიან ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს, იშრომეს, დრო და ენერგია დახარჯეს, მაგრამ არ გაუმართლათ - პროფესია ვერ გაითავისეს, ვერ შეიყვარეს. მე კი ზუსტად ის ავირჩიე, რაც მიყვარს, რაც კარგად გამომდის იმიტომ, რომ ჩემი საქმეა. მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმას ვაკეთებ, რაც უნდა ვაკეთო. კულინარია უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, წარმოსახვასა და ფანტაზიას ხელოვნებად აქცევს. ვინც გაუგო კულინარიას გემო, ვერასდროს შეელევა. კულინარია ჩემი ცხოვრებაა.
პასკების წინა სამზადისი ალექსანდრე ჯავაშვილისაგან:
თამარ იაკობაშვილი