შვილის წერილი მომავალ დედას - მშობლები

შვილის წერილი მომავალ დედას

2015-01-02 19:32:06+04:00

დედიკო, მაპატიე რა, ვიცი, როგორ მელოდები, ღელავ, როდის მოვფრინდები ძვირფასო დედიკო!

დღეს ჩვენთან წეროები მოფრინდნენ. ერთი კვირაა ველოდები. დილიდანვე ჩავალაგე ჩემოდანი. მერე ვიფიქრე, მგზავრობის წინ ცოტას წავიხემსებ-მეთქი. სანამ მივდექ-მოვდექი, წეროების გუნდი უკვე ჰაერში დამხვდა აჭრილი... დედიკო, მაპატიე რა, ვიცი, როგორ მელოდები, ღელავ, როდის მოვფრინდები, მე კი არა და არ ვჩანვარ. ამიტომაც გწერ წერილს. მინდა გიამბო, როგორ ვართ აქ პატარა ბავშვები ჩვენ-ჩვენი წეროს მოლოდინში. ჩემო საყვარელო დედიკო, შენ არ ინერვიულო. აქ მარტო არა ვარ, იმდენი ბავშვია ჩემს გვერდით, ვერც დათვლი. ყველა თავის წეროს ელოდება.

ზოგი ბავშვი ისეთი მოუსვენარია და ისე ეჩქარება დედ-მამასთან მოხვედრა, რომ გადამფრენ წეროებს მოჰყვებიან. ისინიც უარს ვერ ეუბნებიან - კეთილები არიან და თან სამუშაო აქვთ ასეთი. ჩვენც ვაცილებთ ამ ბავშვებს, იმედი გვაქვს, რომ მშობლები ელოდებიან. მაგრამ ისეც ხდება, რომ მშობლები თვითონ ბავშვები არიან და მზად არ არიან შვილის მისაღებად. ამ დროს წეროს უკან მოჰყავს პატარები. ჩვენ, როგორც შეგვიძლია, ვამშვიდებთ მათ, ვამხიარულებთ. ყველამ ვიცით, რომ ეს ბავშვები მაინც მოხვდებიან თავის მშობლებთან, ოღონდ მაშინ, როცა ისინიც დაელოდებიან.

დედიკონა, რა სასაცილო ხარ რაღაც ცრურწმენებს რომ აჰყოლიხარ. საწოვარაც კი წინასწარ გიყიდია. მართლა გგონია, რომ საწოვარაზე გადავირევი? ისე, ლამაზი კია... მე შენ აგირჩიე და მხოლოდდამხოლოდ შენთან მოვალ. შენ ჩემზე ნუ დარდობ. ნუ ტირი და ნუ ნერვიულობ. შემდეგ წეროს ხელიდან არ გავუშვებ. ოღონდ, ჯობია მშიერი წამოვიდე, მანდ რომ მოვალ, შენ მაჭმევ. მანამდე ექოსკოპიაზეც შევხვდებით, ხელს დაგიქნევ. ნამდვილი შეხვედრა კი პაემნების სახლში გვექნება, ყველა დედა ხომ იქ ხვდება თავის შვილს. რომ მოვალ, ვერაფრის თქმას ვერ მოვახერხებ, სამაგიეროდ ისე ნაზად ჩაგხედავ თვალებში, რომ მაშინვე მიხვდები, რა ძლიერად მიყვარხარ, ჩემო დედიკო... შეხვედრამდე, შენი პატარა".