"ძალიან უბრალო ოჯახიდან ვარ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, საკმარისი თანხა მქონოდა თავის სარჩენად..." - პენელოპე კრუსის ერთადერთი სიყვარული, დამალული შვილები და დაუსრულებელი წარმატებები 50 წლის ასაკში - მშობლები

"ძალიან უბრალო ოჯახიდან ვარ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, საკმარისი თანხა მქონოდა თავის სარჩენად..." - პენელოპე კრუსის ერთადერთი სიყვარული, დამალული შვილები და დაუსრულებელი წარმატებები 50 წლის ასაკში

2024-04-29 11:13:16+04:00

28 აპრილს მსახიობი პენელოპე კრუსი 50 წლის გახდა. მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა, დაიმსახურა პრესტიჟული ჯილდოებიც, გახდა პედრო ალმოდოვარის მუზა და ითანამშრომლა ცნობილ ბრენდებთან. 50 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და წარმატებულ კარიერას კვლავ აგრძელებს.

პენელოპე კრუსი 1974 წელს მადრიდში დაიბადა. მისი მამა ვაჭარი იყო, დედა კი - სტილისტი. პენელოპეს ცეკვა და სიმღერა განსაკუთრებით უყვარდა და იცოდა, რომ მისი ცხოვრება აუცილებლად ხელოვნებასა და შემოქმედებით გარემოს დაუკავშირდებოდა. გოგონა ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობდა და არც განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობები ჰქონია.

3-1714375096.3.jpg
პენელოპე კრუსი ბავშვობაში, დასთან ერთად

"ჩემი ოჯახიდან ხელოვნებაში ჩართული არავინ ყოფილა. ამიტომ, თავადაც მოკრძალებული გეგმები მქონდა. მინდოდა, დამოუკიდებლად მეცხოვრა, მეცეკვა და საკმარისი თანხა მქონოდა იმისათვის, რომ თავი მერჩინა." - თქვა მსახიობმა "გოიას" ფესტივალზე, 2009 წელს.

თუმცა, აშკარა ნიჭისა და მონდომების წყალობით, პენელოპე კრუსმა 15 წლის ასაკში ადგილობრივ სატელევიზიო შოუებსა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობა დაიწყო. 1991 წელს კი მომავალ მეუღლესთან, ხავიერ ბარდემთან ერთად ფილმში "ლორი, ლორი" ითამაშა. როგორც მოგვიანებით მსახიობმა გაიხსენა, ფილმში ინტიმური სცენების გადაღება მისთვის უხერხული იყო, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ გადასაღებ მოედანზე ყველა პატივისცემით ეპყრობოდა და პროფესიონალების დახმარებით, სირთულეების დაძლევა მოახერხა. მაშინ კრუსი 18 წლის იყო.

4-1714375181.4.jpg
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ფილმში "ლორი, ლორი"

ნამდვილი პოპულარობა მსახიობთან 1997 წელს მოვიდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა ფილმები: "ცოცხალი ხორცი" და "გაახილე თვალები".

1999 წელს პედრო ალმოდოვარის ფილმმა "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" პენელოპეს მონაწილეობით კანის კინოფესტივალი გახსნა და ახალგაზრდა მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

6-1714375224.6.jpg
პენელოპე კრუსი და ჯონი დეპი

ამის შემდეგ, კრუსი ფილმებში აღიარებულ და წარმატებულ მსახიობებთან ერთად მონაწილეობდა და მის მიმართ დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდებოდა. მაგალითად, ფილმში "კოკაინი" ჯონი დეპტათ ერთად ითამაშა. ფილმში "ბანდიტი გოგონები" სელმა ჰაიეკთან ერთად გამოჩნდა. ფილმში "ვანილის ზეცა" კი ტომ კრუზთან ითანამშრომლა.

პარალელურად, ესპანელი მსახიობის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მოკრძალებული ბავშვობიდან მოულოდნელად წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა და ყველას ყურადღება მიიპყრო.

7-1714375253.7.jpg
პენელოპე კრუსი და ტომ კრუზი

ფილმის "ვანილის ზეცა" გადაღებების დროს პენელოპემ ეკრანულ პარტნიორთან, ტომ კრუზთან ურთიერთობა დაიწყო. ისინი რომანს დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ. ამავდროულად, ტომ კრუზი მსახიობ ნიკოლ კიდმანზე იყო დაქორწინებული. თუმცა, როგორც ამბობენ, ტომსა და პენელოპეს 2 წლის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა. დაშორება კი მსახიობების განსხვავებულმა რელიგიურმა შეხედულებებმა გამოიწვია.

8-1714375414.8.jpg
პენელოპე კრუსი და მეთიუ მაკკონაჰი

2005 წელს კრუსმა ფილმის "საჰარა" გადასაღებ მოედანზე მეთიუ მაკკონაჰი გაიცნო. მათი რომანი ეკრანს მიღმაც გაგრძელდა. მსახიობები ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, მაგრამ დატვირთული გრაფიკისა და დროის შეუთავსებლობის გამო დაშორდნენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშორების რეალური მიზეზი არა გადატვირთული მიზეზი, არამედ მეთიუს ამჟამინდელი ცოლი, კამილა ალვესი გახდა. მაკკონაჰს ის შეუყვარდა და პენელოპესთან რომანის დასრულება გადაწყვიტა. თუმცა, არც კრუსი დარჩენილა ამის შემდეგ უპარტნიოროდ. მეთიუსთან დაშორების შემდეგ ის პაპარაცებმა ჯერ ორლანდო ბლუმთან ერთად დააფიქსირეს. მოგვიანებით კი ჯოშ ჰარტნეტთან. აღსანიშნავია, რომ პენელოპეს გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

10-1714375448.1.jpg
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ფილმში "ვიკი კრისტინა ბარსელონა"

ფილმის "ვიკი კრისტინა ბარსელონას" გადასაღებ მოედანზე, რომელმაც მას "ოსკარი" და კიდევ უფრო მეტი აღიარება მოუტანა, პენელოპე ხავიერ ბარდემს კვლავ შეხვდა. მალევე მათ შორის რომანი დაიწყო, თუმცა წყვილი ურთიერთობას მალავდა. 2010 წელს კანის კინოფესტივალზე ხავიერ ბარდემმა პენელოპეს მიმართ სიყვარული საჯაროდ აღიარა და თქვა:

"ჩემო მეგობარო, ჩემი პარტნიორი, ჩემო სიყვარულო. პენელოპე, შენთან ვალში ვარ და ძალიან მიყვარხარ." იმავე წელს წყვილმა ფარულად იქორწინა.

20-1714375574.jpg
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი

2011 წელს მათი პირველი შვილი - ლეო შეეძინათ, 2013 წელს კი ქალიშვილი ლუნა. წყვილი ცდილობს, შვილების პირადი სივრცე განსაკუთრებით დაიცვას. ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენების უფლებას არ აძლევენ და მათ ფოტოებს არც თავად აქვეყნებენ. "როცა შენი გონება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაზეა, მანიპულირება ძალიან ადვილია." - ასე ახსნა პენელოპემ ის გადაწყვეტილება, რომ ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენების უფლებას არ აძლევს.

13-1714375607.1.jpg

პენელოპა კრუსი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 2008 წელს ფილმში "ვიკი კრისტინა ბარსელონა" საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის "ოსკარის" ჯილდო მიიღო. ჯამში "ოსკარზე" 4-ჯერ იყო წარდგენილი. ის ასევე BAFTA-ს ჯილდოს მფლობელია. ოთხჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე", კანის კინოფესტივალიდან კი ორი ჯილდო დაიმსახურა. 2011 წელს მსახიობს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

14-1714375619.1.jpg

მსახიობი წარმატებულ კარიერას განაგრძობს. პარალელურად, არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და 50 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება. წითელ ხალიჩაზე მისი ყოველი გამოჩენა, უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ბეჭდავენ გავლენიანი, პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზე. როგორც პენელოპე კრუსი ამბობს, ასაკის მატებაზე არ ნერვიულობს და მას ცხოვრების საჩუქრად თვლის:

2-1714375646.2.jpg

"ახლა, როცა 50 წელი მისრულდება, ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი, მშვენიერი ეტაპია და ნამდვილად მინდა, ჩემს მეგობრებთან ერთად აღვნიშნო. ის, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ, უკვე წვეულების მიზეზია." - თქვა კრუსმა ესპანურ Elle-თან ინტერვიუში.