ხშირად, როდესაც ადამიანები ბინებს დღიურად აქირავებენ, მეზობლები განსაკუთრებით ჩივიან, რომ ბინიდან გადაჭარბებული ხმაური გამოდის. ასევე, შესაძლოა, კორპუსის ეზოში გვიანობამდე თამაშობენ კარტს, ფეხბურთს და დაძინება შეუძლებელია, ან კიდევ გვიან აკეთებენ სარემონტო სამუშაოებს, რაც განსაკუთრებით შემაწუხებელია. სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მსგავს შემთხვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, ვის შეიძლება ასეთ დროს მიმართოთ და პრობლემის მოგვარების რა გზები არსებობს:
- ბინების ყოველდღიურ გაქირავებასთან დაკავშირებით ნამდვილად დიდი პრობლემაა. ზოგადად, ყოველთვიურადაა ბინა გაქირავებული თუ ყოველდღიურად, პასუხისმგებელი ყველა შემთხვევაში მესაკუთრეა. მესაკუთრე პასუხისმგებელია, იმგვარად მართოს თავისი ქონება, რომ მეზობლებს ხელი არ შეეშალოთ. როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე სპეციალური რეგლამენტით სახლებისთვის ხმაურის დასაშვები ზღვარია დადგენილი. რეგლამენტი დღის და ღამის საათებს ითვალისწინებს. დღის საათები, თავის მხრივ, დღის და საღამოს საათებად იყოფა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე - დღის საათებია. როგორც აღვნიშნე, ეს მონაკვეთი კიდევ ორად იყოფა: დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე უშუალოდ დღის საათებია, შემდეგ კი - საღამოს. ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ღამის საათებია. ხმაურის დასაშვები დონეები სწორედ ამ მონაკვეთების მიხედვით განსხვავდება. ხმაური შეიძლება იყოს მუდმივი, პერიოდული, ფონური... ნებისმიერი ასეთი ხმაური გაზომვას ექვემდებარება. თუ მეზობელი ხმაურით შეწუხდა, ალბათ, პირველ რიგში, მეზობელ-მესაკუთრეს მიმართავს და სთხოვს, რომ შეწყვიტოს. თუკი მესაკუთრე მეზობლის თხოვნას არ ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევაში მარტივი მექნიზმი არსებობს. კერძოდ, ვრეკავთ იმ მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე, რომელ ქალაქშიც ვცხოვრობთ და ინფორმაციას ვატყობინებთ. აუცილებელი არ არის, ზედა ან ქვედა, ან კარის მეზობელი იყოს. შეიძლება, მომიჯნავე არ იყოს, მაგრამ მისგან შემაწუხებელი ხმაური მაინც მოდიოდეს. სახლში არავის არ აქვს ხელსაწყო, რომ ხმაური გაზომოს. უბრალოდ, მეზობლისთვის თუ შემაწუხებელია, ამ შემთხვევაში მიმართავს მუნიციპალიტეტს და ისინი მოდიან სპეციალური ხელსაწყოთი და ზომავენ. თუ ხმაური დღის, საღამოს, ან ღამის დასაშვებ ნორმებს აღემატება, პირველ რიგში, გაფრთხილება ხდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარს ითვალისწინებს. შემდეგ 500 ლარი, შემდეგ 1000 ლარი, იურიდიული პირებისთვის 5000 ლარი. ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია. ამიტომ, ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია. საჭიროა, დავრეკოთ მუნიციპალურ ორგანოში და ხმაური გაიზომოს - იქნება ეს მუსიკა, ადამიანების საუბარი, სარემონტო სამუშაოები და ასე შემდეგ. გამონაკლისის სახით, არსებობს სადღესასწაულო დღეები, როცა ღამის საათებში ხმაური დასაშვებია. მაგალითად, ახალი წლის ღამე.
სარემონტო სამუშაოები დასაშვებია, მაგრამ აქაც ნორმებია გასათვალისწინებელი. სარემონტო სამუშაოები არ შეიძლება საღამოს ან ღამით ვაწარმოოთ. ხოლო დღის განმავლობაში თუ იწვევს განსაკუთრებულ ხმაურს, რომელიც დადგენილ ნორმებს აღემატება, მეზობლების გაფრთხილება უნდა მოხდეს. მეზობელს, თავის მხრივ, უფლება აქვს, სთხოვოს მეორე მეზობელს, რომ თუ კონკრეტულ საათებში ბავშვს სძინავს, რაღაც აქვს დაგეგმილი, გაითვალისწინოს. აღსანიშნავია, რომ სადარბაზოს დაბინძურების უფლებას სარემონტო სამუშაოების განმახორციელებელს კანონი უკრძალავს. კერძოდ, პირმა, რომელიც რემონტს აკეთებს, პირველი შესაძლებლობისთანავე სადარბაზო უნდა დაასუფთაოს. სამშენებლო მასალა სადარბაზოში არ უნდა იყოს. ის მესაკუთრის კუთვნილ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. თუ ამოტანის დროს სადარბაზო ბინძურდება, მაშინვე უნდა დაასუფთაონ.
თბილისური ეზოების, და არა მხოლოდ თბილისური ეზოების, სამწუხაროდ, ზოგიერთი ახალაშენებული ბინების შემთხვევაში, იმდენად თხელია მეზობლებს შორის კედლები, რომ ფაქტობრივად, საუბარიც კი ისმის. ეს ეხება როგორც თბილისურ ეზოებს, ასევე ბევრი ახალაშენებული კორპუსის ბინას. სამოქალაქო კოდექსი გვეუბნება, რომ მეზობლებს გარკვეული თმენის ვალდებულება აქვთ. ნორმის ფარგლებში არსებული ხმაური, რომელიც ნორმირებულ საყოფაცხოვრებო პირობებს უკავშირდება, მეზობლებმა უნდა მოითმინონ. არა მხოლოდ ხმაური, ეს შეიძლება იყოს ვიბრაცია, სიარული, ბავშვის თამაში, ორთქლის სუნი - ეს ნორმალური საყოფაცხოვრებო ხმაურია და მეორე მეზობელს თმენის ვალდებულება აქვს. მაგრამ, თუ ოჯახში მუდმივი კონფლიქტია, ისმის ხმამაღალი ჩხუბი, ყვირილი, გადაჭარბებული ტონები და თუ ეს მეზობლისთვის შემაწუხებელი ხდება, აქაც იგივე ამბავია. მუნიციპალურ ორგანოებს ვუკავშირდებით, რომლებიც ხმაურს გაზომავენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ.