ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა კავშირია არტერიულ წნევასა და ინსულტის განვითარებას შორის.
- როდესაც რომელიმე დაავადების რისკ ფაქტორსა და მის გამოვლენაზე, მის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, ვინაიდან რისკის ფაქტორების სწორი აღქმა გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ და მძიმე დაავადების პრევენცია შევძლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია ინსულტზე, რომელიც მოზრდილთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, ის გულის კარდიალური პათოლოგიის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ხოლო რაც შეეხება ფუნქციური უნარშეზღუდულობის გამოწვევას, ამ შემთხვევაში, უდავო ლიდერია. ამიტომ, თავად ეს დაავადება საზოგადოებას უზარმაზარი ტვირთით აწვება. არტერიული ჰიპერტენზია ინსულტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფაქტორია. თუმცა, მაყურებელს შევახსენებ, რომ ინსულტი ორი სახის არსებობს. იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობითაა გამოწვეული. მეორე ჰემორაგიული ინსულტი გახლავთ, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევით ვითარდება. ორივე ფორმა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ჰემორაგიული ინსულტი, რომელსაც უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახასიათებს. თუმცა, გავრცელება ერთმანეთისაგან განსხვავდება. საშუალოდ, 80% - 20%-თან თანაფარდობაა. განვითარებულ ქვეყნებში ჰემორაგიული ინსულტის მაჩვენებელი უფრო დაბალია. თუმცა, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ინსულტი, გნებავთ ჰემორაგიული, გნებავთ იშემიური, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის შედეგია. თუ თავად ჰიპერტენზიის ინსულტის განვითარებაზე გავლენაზე ვისაუბრებთ, მას მხოლოდ რისკის ფაქტორის როლი არ აქვს. ის ეტიოლოგიური ფაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ვითარდება წინაპირობები, რომლებიც შემდგომში ინსულტს იწვევს. მაგალითად, ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი სისხლძარღვოვანი დაავადებაა, რომელიც ძალიან ხშირად სხვადასხვა სამიზნე ორგანოს, მათ შორის, გულსა და თავის ტვინს აზიანებს.