თუ თმა სახეზე ამოგდით, თავზე კი გცვივათ, ეს შეიძლება, ორგანიზმში ტესტოსტერონის მატებაზე მიგანიშნებდეთ. რომელ ზონაში გაჩენილი თმა რა დაავადებაზე მიუთითებს და რა იწვევს ჭარბთმიანობას, თემაზე ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- ნამდვილად აქტუალური პრობლემაა, რადგანაც სულ უფრო მეტად იმატებს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც აღნიშნული პრობლემით მოგვმართავენ. მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა გაახალგაზრდავდა - გაცილებით უფრო ახალგაზრდა ასაკში ვხვდებით, ვიდრე, მაგალითად, 10 წლის წინ. სქესობრივი მომწიფება გოგონებში უფრო ადრე იწყება, ვიდრე ვაჟებში. დაახლოებით, 8 წლის ასაკიდან. სქესობრივი მომწიფების დროს ჯერ იზრდება სარძევე ჯირკვალი, შემდგომ მოდის იღლიისა და ბოქვენის არეში გათმიანება და შემდგომ იწყება მენსტრუალური ციკლი. მაგრამ, თუ გოგონას 6 წლის ასაკში იღლიის არე, ბოქვენი გაუთმიანდა, ეს უკვე ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშანია. ამ დროს არა მხოლოდ პედიატრი, არამედ ენდოკრინოლოგიც უნდა ჩაერთოს, რომ მიზეზების ძიება დავიწყოთ.
ზრდასრულ ასაკში, როდესაც სქესობრივი მომწიფება დასრულებულია, იქაც შეიძლება ჭარბთმიანობა გამოიხატოს. არის შემთხვევები, როდესაც თმა არასასურველ ადგილებში იმატებს. მაგალითად, სახის, ნიკაპის, ღაწვების, ყვრიმალების, ბეჭების, მხრების, მუცლის წინა ზედაპირის, წელის ზედაპირის არეში. ასევე, ძუძუს თავის ირგვლივ, მკერდის ძვლის საპროექციო არესთან. ამას ანდროგენული ზონები ჰქვია. ანუ, აღნიშნულ ზონებში თმიანობა მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. ჭარბთმიანობა ქალებში მარტო არ მოდის, მას თავისი "მეგობრები" ჰყავს. შესაძლოა, თავის ზედაპირიდან თმა სცვიოდეთ, ჰქონდეთ აკნე და კანის ცხიმიანობა.
ჭარბთმიანობას მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი განაპირობებს. როდესაც ტესტოსტერონის დონე იმატებს, ჭარბთმიანობით ვლინდება. ჭარბთმიანობას ძალიან ხშირად კანის ცხიმიანობაც თან ახლავს. საქმე ისაა, რომ ტესტოსტერონი კანის ფორიანობას იწვევს და საოფლე ჯირკვლებს ააქტიურებს. შესაბამისად, რაც უფრო აქტიურია საოფლე ჯირკვლები, მით უფრო მეტად ცხიმიანდება ჩვენი კანი და აკნე წარმოიქმნება.
ჭარბთმიანობა მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი არ არის. ამ ნიშნით ორგანიზმი გვესაუბრება, რომ რაღაც რიგზე არ არის, ნივთიერებათა ცვლა დაირღვა, რის გამოც მამაკაცის სასქესო ჰორმონებმა მოიმატა.
ერთ-ერთი მიზეზი ინსულინის მომატებაა. ინსულინის მნიშვნელოვანი ფუნქცია შაქრის სისხლიდან უჯრედებში გადატანაა. ის ასევე მშენებარე ჰორმონია, ცხიმიანიქსოვილის აშენება ძალიან უყვარს. როდესაც ადამიანი არარაციონალურად იკვებება, წონაში იმატებს, ამას ინსულინის დონის მომატება მოჰყვება. ეს კი გაცხიმოვნებას იწვევს, რაც, ერთი მხრივ, ხელს უშლის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. მეორე მხრივ, არღვევს საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაძლოა, პოლიკისტოზური საკვერცხე განვითარდეს. მას უკვე აღარ შეუძლია, კაცის სასქესო ჰორმონები ქალის სასქესო ჰორმონებად გარდაქმნას. შესაბამისად, სისხლში მამაკაცის სასქესო ჰორმონებს ასინთეზირებს. ასეთ დროს ჭარბ წონას უნდა ვუმკურნალოთ, კვების რაციონს ყურადღება მივაქციოთ. ძალიან ხშირად მხოლოდ ეს მკურნალობა აბსოლუტურად საკმარისია ხოლმე, რომ ადამიანი ჭარბთმიანობისაგან გათავისუფლდეს.
ქალებისათვის სახის არეზე თმიანობა, თუნდაც ყვრიმალებზე, თვალის ირგვლივ, ნიკაპზე, კისერზე ნორმა არ არის. თუ ჩვენს ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონები ჭარბადაა, აღნიშნულ არეებში ჭარბთმიანობა ვითარდება. ასეთ დროს აუცილებელია, ენდოკრინოლოგს მიმართოთ.
მაგრამ, არის ისეთი მდგომარეობები, რომლის დროსაც სისხლში ტესტოსტერონი აბსოლუტური ნორმაა, მაგრამ ჭარბთმიანობა მაინცაა გამოხატული. რა ხდება ასეთ დროს? არსებობს გენეტიკური მდგომარეობები, რომლის დროსაც თმის ბოლქვი მამაკაცის სასქესო ჰორმონების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. როდესაც თმის ბოლქვს ერთი ტესტოსტერონი უკავშირდება, ის აღიქვამს, თითქოს მას 10 ტესტოსტერონი დაუკავშირდა. იწყება მისი აქტივაცია და ჭარბთმიანობა. ამიტომ, ჭარბთმიანობა შეიძლება, გენეტიკურიც იყოს.
ასევე, მენოპაუზაში მყოფ ქალებს, შესაძლოა, ტესტოსტერონი ნორმის ფარგლებში ჰქონდეთ, მაგრამ ჭარბთმიანობა მაინც გამოიხატებოდეს. მენოპაუზაში მყოფ ქალებს სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების დონე უქვეითდებათ. ამ დროსაც ჭარბთმიანობა უვითარდებათ. გინეკოლოგს აუცილებლად უნდა მიმართოთ, რომ პრობლემა აღმოიფხვრას და ჰორმონალური ბალანსი აღდგეს.
გარდა ამისა, პრემენსტრუალური სინდრომის დროს აღინიშნება არა მხოლოდ აკნე, ჭარბთმიანობა, არამედ შეიძლება გუნება-განწყობილების დაქვეითება, ტკბილზე მოთხოვნილება და შეშუპება გამოიხატოს.
თუ ქალი ქრონიკულ სტრესშია, იკვებება არარაციონალურად, მენსტრუაციის შუა ფაზა ვითარდება და ჰორმონალური "შტორმი" იწყება. შეიძლება, საკვერცხემ ამ დატვირთვას ვერ გაუძლოს და პრემენსტრუალური დაძაბვის სინდრომმა თავი იჩინოს. ამ დროს ცხოვრების წესის ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არარაციონალური კვება, სტრესული სამსახური, ძილის ნაკლებობა, მუდმივი წახემსებები საკვერცხის ფუნქციის დარღვევას იწვევს, რომელიც შეიძლება პრემენსტრუალური სინდრომის სახით გამოვლინდეს.
ზრდასრულებში ჰორმონალური და მედიკამენტოზური თერაპია მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ენდოკრინოლოგთან ერთად, გინეკოლოგიც ჩაერთოს. მოზარდის შემთხვევაში, უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. თუ ენდოკრინულ უხეშ დაავადებებთან არ გვაქვს საქმე, როგორებიცაა, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ადენომები, ბალანსირებული კვება, ვიტამინოთერაპია ძალიან კარგ შედეგს იწვევს.
კოსმეტიკური დეფექტი მოზარდებში ძალიან მტკივნეულად აღიქმება და გუნება-განწყობილებას აუარესებს. შეიძლება, ლაზეროთერაპიასაც მივმართოთ. მაგრამ, 16-დან ზემოთ ასაკში. 16 წლამდე ასაკის მოზარდებში არ ვუწევთ რეკომენდაციას, რომ ლაზეროთერაპიას მივმართოთ, რადგან ორგანიზმში ჯერ კიდევ ბევრი ჰორმონის სინთეზი და დალაგება მიმდინარეობს.