როგორ უნდა აკონტროლოთ ფარისებრი ჯირკვალი, რომ ავთვისებიანი პროცესები არ გამოგეპაროთ - ენდოკრინოლოგი გვესაუბრება - მშობლები

როგორ უნდა აკონტროლოთ ფარისებრი ჯირკვალი, რომ ავთვისებიანი პროცესები არ გამოგეპაროთ - ენდოკრინოლოგი გვესაუბრება

2024-05-10 17:47:59+04:00

საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება არაერთ ადამიანს აწუხებს. ზოგჯერ კონკრეტული სიმპტომებია გამოხატული, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რა იწვევს ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს აუცილებლად და რა შეგვიძლია, დაავადების თავიდან ასაცილებლად გავაკეთოთ - თემაზე კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ კუპრეიშვილი გვესაუბრება:

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება, ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. აღსანიშნავია ბაქტერიული ან ვირუსული ანთება, რის შედეგადაც მწვავე ან ქვემწვავე თირეოიდიტი ვითარდება. ასევე, მიზეზი შესაძლოა, ფარისებრ ჯირკვალში აუტოიმუნური პროცესები გახდეს, რის შედეგადაც ჰაშიმოტოს თიროიდიტი და გრეივსის დაავადება ვითარდება. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს სიმსივნური პროცესი. მიზეზთა შორისაა ნივთიერებათა ცვლის გენეტიკური დარღვევები და მიკროელემენტების დეფიციტი.

წლების განმავლობაში, იოდის დეფიციტი საქართველოში სამხარეო პათოლოგიად ითვლებოდა. მაგრამ, 2005 წლიდან ჩვენს ქვეყანაში არაიოდიზირებული მარილის გაყიდვა აიკრძალა. 2017 წელს UNICEF-მა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მასშტაბით სასკოლო ასაკის ბავშვები შეფასდნენ, ცალკე გამოყვეს აჭარა და ზემო სვანეთი, რომლებიც იოდის დეფიციტის ენდემურ კერებად ითვლებოდა და ორსულები. კვლევამ აჩვენა, რომ იოდით ადეკვატურად მომარაგებულ პოპულაციად ვითვლებით. ამიტომ, ყველაზე ხშირად, რაც ახლა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამომწვევ მიზეზად გვხვდება, აუტოიუმუნური პროცესებია.

- რა იწვევს ქალების შემთხვევაში უფრო ხშირად ამ პრობლემას?

- კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია. თუ, მაგალითად, დიფუზიურ ჩიყვს განვიხილავთ, ის ყველაზე ხშირად პრემენოპაუზურ პერიოდში ვლინდება და ასაკის მატებასთან ერთად მცირდება - ქალებში 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ პრობლემა შესაძლოა, ჰორმონალურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია.

- რა სიმპტომებით უნდა მიიტანოს ადამიანმა ეჭვი, რომ მას შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს?

- სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან - ჰიპოთირეოზთან ან გაძლიერებასთან - ჰიპერთირეოზთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ნიშნებიც სხვადასხვანაირია. როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე, ჰიპოთირეოზზე, ვსაუბრობთ, ამ დროს ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომებია: წონაში მატება, დაღლილობა, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ბავშვებში სწავლის გაძნელება, სიცივის აუტანლობა, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ყაბზობა. ძალიან ხშირად სიმპტომები ისე ნელა ვითარდება, რომ პაციენტი ადაპტირდება ამ ცვლილებებთან და აღნიშნულ ცვლილებებს ძნელად ამჩნევს. ჰიპერთირეოზის შემთხვევაში, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია, სიმპტომები უფრო თვალშისაცემია. შესაძლოა, პაციენტს აღენიშნებოდეს: წონაში კლება, შფოთვა, ნევროზულობა, ოფლიანობა, სითბოს აუტანლობა, კანკალი, გულისცემის გახშირება, დიარეა.

შესაძლოა, როგორც დიფუზური, ასევე კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ისე მიმდინარეობდეს, რომ მისი ფუნქცია არც დაქვეითებული იყოს და არც გაძლიერებული. ასეთ შემთხვევაში, დაავდება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა შეიძლება სახეზე იყოს: კისრის შეშუპება, დისფაგია, ანუ ყლაპვის გაძნელება, ყელის არეში ტკივილი და დისკომფორტი, ხმის შეცვლა.

- ორსულობის დროს რატომ იწყება ხშირად ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პრობლემა?

-პრობლემები აუცილებლად ორსულობის დროს არ იწყება, თუმცა, ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილება ორსულობის დროს ფიზიოლოგიურადაც ხდება. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნაყოფის განვითარება დედის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. საჭიროა, თირეოიდული ჰორმონები ადეკვატურად გამომუშავდებოდეს. ორსულობის დაგეგმვამდეც და ორსულობის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია.

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, რა შემთხვევაში კეთდება ოპერაცია?

- როდესაც დიდი ზომის ჩიყვი ან კვანძია, ჩიყვი ან კვანძი ირგვლივმდებარე ქსოვილებზე, ორგანოებზე ზეწოლას ახდენს, ოპერაცია ტარდება. ასევე, ოპერაცია ინიშნება, ფარისებრ ჯირკვალში ავთვისებიანი პროცესის გამო. აუტოიმნური დაავადების - გრეივსის დაავადების დროს, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია. თუკი რამდენიმეწლიანი მკურნალობის შემდეგ, კვლავ რეციდივი გვაქვს, ასეთ შემთხვევაშიც ოპერაცია იგეგმება.

- წლებთან ერთად, რა შეიცვალა საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამოვლენასთან და დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით?

- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიხშირე გაზრდილია. თუმცა, ეს შეიძლება იმასაც უკავშირდებოდეს, რომ დიაგნოსტიკის საშუალებები დაიხვეწა. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებთან დაკავშირებით ცნობადობა ნამდვილად გაზრდილია და დაავადებების გამოვლენაც, წინა წლებთან შედარებით, უფრო ეფექტურად ხდება.

- რა შემთხვევაში შეიძლება, ადამიანმა სიმსივნურ პროცესებზე მიიტანოს ეჭვი?

- სიმსივნის გამოსავლენად ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ტარდება. თუ ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით დადგინდა, რომ პაციენტს კვანძი აქვს, კვანძის ნიშნებს ვაკვირდებით. მთელი რიგი ნიშნებია, რაც ავთვისებიანობაზე დაგვაფიქრებს. თუ ექიმი საეჭვო ნიშნებს აღმოაჩენს, პუნქციური ბიოფსია ტარდება, მასალის ციტოლოგიური გამოკვლევა ხდება და შესაბამის პასუხს ვიღებთ. გარეგნულად შესაძლოა, პაციენტს არანაირი ნიშანი არ ჰქონდეს და არც ვიზუალურად იყოს შესამჩნევი. თუმცა, თუ დიდი ზომის კვანძია, ზოგიერთ შემთხვევაში, კონფიგურაციის, ხმის შეცვლაც ახასიათებს. ძალიან ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი პროცესი ეუთირეოიდული მდგომარეობის ფონზე მიმდინარეობს, როდესაც სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმაშია.

- პროფილაქტიკის მიზნით, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მიმართოს ადამიანმა ენდოკრინოლოგს, რომ ფარისებრ ჯირკვალში საშიში პროცესები არ გამორჩეს?

- თუ ადამიანს წონის ცვლილება აქვს, შეეცვალა კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურა, აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, აღენიშნება ყაბზობა ან დიარეა, გულის რიტმის დარღვევა, წნევის, გუნება-განწყობის ცვლილება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ასევე თუ ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ოჯახური ისტორიაა, ან თუ პაციენტს ანამნეზში თავ-კისრის დასხივება აქვს, ასეთ შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გამოვიკვლიოთ და შემდგომ რეკომენდაციებსა და ვიზიტებს ექიმი დაგეგმავს.

- ზოგჯერ პროფილაქტიკის მიზნით ადამიანები იოდის შემცველ პრეპარატებს თვითნებურად იღებენ. ეს რამდენად გამართლებულია?

- იოდის მიღება თვითნებურად კატეგორიულად არ შეიძლება. იოდის მიღებამ შესაძლოა, ფარისებრ ჯირკვალში აუტოიმუნური პროცესების და სიმსივნის გააქტიურება გამოიწვიოს. მით უმეტეს, კვლევების მიხედვით, იოდით ადეკვატურად მომარაგებულ პოპულაციად ვითვლებით და დამატებით, თვითნებურად მიღება არ შეიძლება. ორსულების შემთხვევაშიც კი, ერთმნიშვნელოვნად იოდი არ ინიშნება. რამდენიმე წლის წინ, იოდის შემცველ პრეპარატს ყველა ორსულს უნიშნავდნენ, ახლა ასე არ არის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენება. საზიანოა როგორც იოდის დეფიციტი, ასევე მისი სიჭარბე. ამიტომ, იოდის შემცველ პრეპარატებს თვითნებურად ნუ მიიღებთ.

- სტრესი, დიეტა, წონაში კლება, მატება, ცხოვრების წესის ცვლილება - ჩამოთვლილმა ფაქტორებმა რამდენად შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები გამოიწვიოს?

- ზოგადად, სტრესი, შფოთვა ყველა დაავადების განვითარების ხელშემწყობია. მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებიცაა. სტრესის დროს თირეოტროპული ჰორმონის დონე იმატებს, მაღალი თირეოტროპული ჰორმონი ფარისებრი ჯირკვალში პროლიფერაციულ პროცესებს ააქტიურებს, რამაც შეიძლება ჩიყვის განვითარებას შეუწყოს ხელი. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ წონის ცვლილებამ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები გამოიწვია, თუმცა, წონის მკვეთრი კლება ორგანიზმისათვის სტრესია. თუ წონაში დაკლებას გეგმავთ, მნიშვნელოვანია, ეს ბალანსირებულად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხდეს და არა მოკლე დროში, მკვეთრად შეზღუდული დიეტებით.ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება თავად შეიძლება, წონის მატების მიზეზი გახდეს. ასეთ დროს, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება და ადამიანი წონაში იმატებს.

- რა შეიძლება, გავითვალისწინოთ კვების, ცხოვრების წესის თვალსაზრისით, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები თავიდან ავირიდოთ?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები უხშირესად აუტოიმუნური პროცესებით, იოდის დეფიციტით, გენეტიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. აუტოიმუნური პროცესების თავიდან აცილება, თუ გენეტიკური განწყობა არსებობს, რთულია. საქართველოში იოდის დეფიციტი აღმოფხვრილ პრობლემად ითვლება. რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ არის ის, რომ, მაგალითად, რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს, თავ-კისრის დასხივებისას, საყელო მოვითხოვოთ. თუნდაც, სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, როცა რენტგენოლოგიური გამოკვლევას ვიტარებთ. ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესი არა მარტო ფარისებრი ჯირკვლის, არამედ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანმრთელობისათვისაა აუცილებელი. დაბალანსებული კვების, ძილის რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ამას ფარისებრ ჯირკვალთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

თამარ იაკობაშვილი