ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როდის არის კვება მკურნალობის მთავარი საშუალება, რატომ არ შეიძლება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების შეზღუდვა გადავწყვიტოთ და რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად:
- არის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც კვებას სამკურნალო დატვირთვა აქვს. სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საკვები პროდუქტები პროფილაქტიკურ როლს ასრულებს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, ბალანსირებული კვებით ონკოლოგიური პრობლემები, ანთება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები თავიდან ავიცილოთ.არის მდგომარეობები, როდესაც კვება დამხმარე ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს, მედიკამენტებთან ერთად, კვებას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.
მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც კვება პაციენტის მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთადერთი ინსტრუმენტია. ასეთი რამდენიმე დაავადება შეგვიძლია, დავასახელოთ. თუნდაც, ბავშვების შემთხვევაში ფენილკეტონურია. თუ კვება არ გამოვასწორეთ, ბავშვის მდგომარეობაში არაფერი შეიცვლება. ნებისმიერი პროცედურა, ნებისმიერი სამკურნალო მეთოდი, დიაგნოზი შეიძლება, ადამიანის ჩვეული კვების მოდელის ცვლილების წინაპირობა გახდეს. კვება განსაზღვრავს, გვექნება თუ არა ესა თუ ის დიაგნოზი და პირიქითაც, დიაგნოზი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი კვების მოდელი.
თუ ადამიანს საკუთარი დაავადების გამო დისკომფორტი აქვს, უნებურად კვებას ზღუდავს. თუ პაციენტს კონკრეტული კვლევებისთვის კვების კონტროლი სჭირდება, ისიც საკვების მიღებას უნებურად ზღუდავს. მაგალითად, ფაქტორები შეიძლება ოპერაციული ჩარევა ან ხანგრძლივი მკურნალობა იყოს. ამან შესაძლოა, კვებაში გარკვეული შეზღუდვები გამოიწვიოს. პაციენტის კვება დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუ რამდენიმე სხვადასხვა ნიშანია გამოხატული. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნიშანი მოკლე დროში შეცვლილი სხეულის მასაა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში ადამიანს წონა მკვეთრად შეეცვალა. ასევე თუ უკანასკნელი დღეების მანძილზე წონაში კლება თვალშისაცემია. საყურადღებოა ულუფასთან დაკავშირებული მინიშნებაც. თუ ადამიანმა მკვეთრად გაზარდა ან მკვეთრად შეამცირა მისი ჩვეული ულუფა, ან საკვების მიღების დრო შეცვალა, ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ზოგჯერ ადამიანს, პაციენტის როლში, ეჩვენება, რომ ძალების მოსაკრებად ალკოჰოლი წაადგება. ასევე, ტკბილი ან მლაშე საკვების მიმართ გაძლიერებული მოთხოვნილება აქვს. თვლის, რომ მოსაღონიერებლად ცხიმიანი საკვები სჭირდება, მაგრამ ყველა არჩევანი დასაბუთებული უნდა იყოს. მაგალითად, მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის დროს მარილით დატვირთვა ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც შეშუპების დროს სითხის დამატებით შეკავება. ტკბილი პროდუქტების გამოყენება, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების ხარჯზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე არაგონივრული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ფუჭი კალორიებით და არასაკმარისი საკვები ნივთიერებებით ვიტვირთებით. აღარაფერს ვამბობ თვითნებურად ცხიმით ან სხვა დანამატით დატვირთვაზე.
წყლით შევსება ეს არის ის უნივერსალური და მარტივი რეკომენდაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად უმრავლეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, თირკმლის მდგომარეობა. ან ზოგიერთი პათოლოგია, როდესაც წყლის რაოდენობა მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ.
პაციენტის როლში, ადამიანისათვის ხანგრძლივად შეზღუდული კვება, როგორი დასაბუთებულიც არ უნდა იყოს, როგორი მკაცრი არჩევანითაც არ უნდა იყოს განპირობებული, არ შეიძლება, სასარგებლო იყოს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეზღუდული კვება კრიტიკულად უნდა გადაიხედოს და ეტაპობრივად ან ერთბაშად გადაიხედოს. ეს შეიძლება საფეხურებრივი შემცირება ან მკვეთრი ზიგზაგების სახით იყოს. ორგანიზმისათვის გაცილებით დამზოგავი საფეხურებრივი გაფართოებაა. შეზღუდული კვება თუნდაც სხეულის კორექციისათვის, თუნდაც სეზონურად, თუნდაც გუნება-განწყობის, რიტუალური კვების შესაბამისად, აუცილებლად კრიტიკულ შეფასებას მოითხოვს.