არსებობს კერძები, რომლებიც არ არის სასურველი მომავალი დედისთვის ორსულად საკმაოდ სერიოზული საბაბია იმისთვის, რომ უფრო მეტი გულმოდგინებით მოეკიდოთ კვების რაციონს. მით უმეტეს, რომ არსებობს კერძები, რომლებიც არ არის სასურველი მომავალი დედისთვის – მათ შეუძლიათ სხვადასხვა ინფექციის გამოწვევა და სხვა პრობლემების შექმნა.
მწვადი
მომავალმა დედამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ამ კერძის მიმართ, ასევე მისი მსგავსი, ნახევრად უმი და არა ბოლომდე მომზადებული კერძების: ბიფშტექსტი იქნება ეს, ბასტურმა, შაურმა თუ სხვა. როდესაც მცირე ალბათობაც კი არის, რომ ხორცს არ გაუვლია შესაბამისი თერმული დამუშავება, ჯობს ასეთ კერძზე თავი შეიკავოთ. უმი ხორცი საშიში ინფექციებისა და პარაზიტების წყაროა. თანაც, არც მარილი და არც მარინადი არ ცვლის მის უსაფრთხოებას. თუ მაინცდამაინც მწვადის გემოს გასინჯვა გინდათ, ჯობს ტაფაზე თავდახურული შეწვათ ან მიკროტალღურ ღუმელში.
სუში
სუში ბოლო დროს ისედაც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კერძად დაასახელეს. მის შემადგენლობაში უმი თევზი შედის, რაც ორსულისთვის სრულიად გამორიცხულია. რასაკვირველია, თუ არ სურს, სხვადასხვა სახის სოკო, ოპისტორხოზი და სხვა დაავადება აიკიდოს. რომ არაფერი ვთქვათ ტოქსიკურ ნივთიერებებსა და მძიმე მეტალებზე, რომლებსაც ის შეიცავს. ასევე უნდა გამორიცხოთ შებოლილი და ნაკლებ სანდოდ მომზადებული თევზეული.
არაპასტერიზებული რძის ყველი
ამ კატეგორიას მიეკუთვნება ობიანი ყველი (ბრი, კამამბერი და სხვა) და ზოგიერთი რბილი ტიპის ყველი. რაკი რძე მათ დასამზადებლად არ განიცდის თბოდამუშავებას, მასში შეიძლება გადარჩეს მავნე მიკრობები, მაგალითად, ლისტერიები. თუმცა თუ მაინც დახვეწილი და გამორჩეული ყველის თაყვანისმცემელი არ ხართ, სოფლის რძის პროდუქტსაც ფრთხილად მიუდექით – სახლის ხაჭოს, სოფლის რძეს.
გოგლი-მოგლი
სხვა კერძებიც, რომლების შემადგენლობაშიც არის უმი კვერცხი: ძირითადად ეს არის დესერტები და კოქტეილები ათქვეფილი კვერცხის ცილით ან გულით (მაგალითად, ტირამისუ). მოერიდეთ ნახევრად მომზადებულ ერბოკვერცხ-თვალუკებს, თოხლო კვერცხს. მთავარი საფრთხე მათგან – სალმონელოზია, რომელიც მხოლოდ ბოლომდე დამუშავებულ კვერცხში კვდება.
მართალია, თანამედროვე მედიცინა კარგად ართმევს თავს ნაწლავურ ინფექციებსა და პარაზიტებს, რომლებსაც ძირითადად უმი ან დაკონსერვებული კერძები იწვევს, მაინც არ არის საჭირო ორსული ქალისა და მისი ნაყოფისთვის ეს პრობლემები. ასე რომ, დაიცავით თავი.