ხშირად საუბრობენ, რომ თანამედროვე, ციფრულ სამყაროში ქართული ენისა და ლიტერატურის სრულფასოვნად სწავლა დიდი გამოწვევაა. ახალგაზრდები უცხოური ფილმებით, წიგნებით, გადაცემებით ინტერესდებიან. მშობლებიც ცდილობენ, შვილებს დაწყებითი საფეხურიდანვე უცხოური ენები გაძლიერებულად ასწავლონ. თუმცა, სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ სახელმძღვანელოების დახვეწა, სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა და შემოქმედებითი მიდგომა მოსწავლეების მოტივაციას ზრდის. ნინო პოპიაშვილი უკვე მრავალი წელია, სტუდენტებთან მუშაობს. არის ფილოლოგიის დოქტორი, რამდენიმე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი და ამ მიმართულებით, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამავდროულად, არაქართველ სტუდენტებს ასწავლის და იცის, აქ რა მიღწევები და ხარვეზებია. ის საკუთარი გამოცდილების, ქართული ენისა და ლიტერატურის სრულფასოვნად სწავლის მნიშვნელობისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ ვრცლად გვესაუბრება და საკუთარ პოზიციას გვიზიარებს:
- დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი წარჩინებით. ვიყავი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტიპენდიატი, ჯორჯ შულცის პრემიის ლაურეატი, რამდენჯერმე მოვიპოვე გერმანული სტიპენდია და ვსწავლობდი გერმანიაში საარლანდის, ლაიპციგის უნივერსიტეტებში. გერმანულმა საუნივერსიტეტო გარემომ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მაშინ, მე-20 საუკუნის ბოლო წლებსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში, ქართული საუნივერსიტეტო სივრცე და განათლების სისტემა ძალიან განსხვავდებოდა ევროპულისაგან. განსაკუთრებული და დაუვიწყარია ჩემთვის გერმანიის უნივერსიტეტებში გატარებული დრო.
1998 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და იმავე წელს დავიწყე უნივერსიტეტში მუშაობა. რთული პერიოდი იყო ქვეყნისთვის, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის და ჩემი ოჯახისთვისაც. არანაირი პერსპექტივა, მომავლის არანაირი იმედი, ნიჰილიზმი, სიცივე, სიბნელე, შიში. ამ დროს გერმანული უნივერსიტეტები ჩემთვის დიდი ხსნა და დიდი შვება იყო. 1998 წელს, ნოემბერში ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2005 წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ვარ რამდენიმე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. ჩემი წიგნები გამოცემულია საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთში. რეგულარულად ვმონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში, ფორუმებში საქართველოსა და უცხოეთში.
ფილოლოგია სიტყვების, აზრების სიყვარულია. ჩემი სპეციალობა მწყობრი აზროვნების გამოხატვის შესაძლებლობაა. მე ასე ვხედავ, რომ ფილოლოგიის გარეშე, სიტყვებისა და აზრების გარეშე, არ არსებობს ადამიანი. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რას და როგორ ვამბობთ. ამას ზოგჯერ წესებით განვსაზღვრავთ, მაგალითად, გრამატიკული წესებით, ზოგჯერ, მსჯელობით, არგუმენტებით, ზოგჯერ - მხატვრული აზროვნებით. ჩვენ მუდმივად დაკავშირებულები ვართ სიტყვებთან, ცნებებთან, აზრებთან. ფილოლოგია კი სიტყვებთან ურთიერთობის პროფესიაა. ანტიკურმა სამყარომ ფილოლოგიას მისცა დიდი მასშტაბები, თანამედროვე ეპოქამ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კი, კიდევ უფრო გააფართოვა და გაამრავალფეროვნა ჩვენი დარგი. ფილოლოგის პროფესია დიდი პასუხისმგებლობაა, სიტყვებთან, აზროვნებასთან ურთიერთობა მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტეს, აზრისა და მისი ფორმულირების, მისი გამოხატვის სრულ შესაბამისობას. ჩემთვის ეს არის ერთდროულად ძალიან სასიამოვნო და ძალიან საპასუხისმგებლო საქმე.
- ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში რამდენიმე კომპონენტი მონაწილეობს: პირველ რიგში, ეს არის სახელმძღვანელოები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად უნდა იყოს შედგენილი. ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს, რომელმაც სახელმძღვანელოში მოცემული საკითხები უნდა გადასცეს მოსწავლეს. ეს კი მეთოდურად უნდა მოხდეს და, შესაბამისად, სწავლების მეთოდებს აქვს განმსაზღვრელი როლი. რასაკვირველია, აქ მონაწილეობს სასკოლო და არასასკოლო სივრცეები, დღეს, 21-ე საუკუნეში, სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებს, ტექნიკურ აღჭურვას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიური ეპოქის შვილები არიან. მათთვის ტექნიკასთან ურთიერთობა ყოველდღიურობაა. საჭიროა მოსწავლეებთან იმ მეთოდებით მუშაობა, რომლებიც გაუადვილებს მათ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას, ახლოს იქნება მათ მსოფლაღქმასთან.
ქართული ენა და ლიტერატურა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ისწავლებოდა. ბევრი რეფორმა გავიარეთ და ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ ვართ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების საუკეთესო ფორმასთან და შინაარსთან. სახელმძღვანელოების შედგენისას გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმა, თუმცა დასახვეწია სწავლების ცალკეული ასპექტები. მაგალითად, ქართული ლიტერატურის სწავლებისას სახელმძღვანელოში მხატვრული ტექსტის ბოლოს დართული შეკითხვები და დავალებები ხშირად ბუნდოვანია, მოსწავლეებისათვის გაუგებარია შეკითხვების არსი, ზოგ შეკითხვაში რამდენიმე დამატებითი კითხვაა, რაც დაბნეულობას იწვევს.
სწავლების მეთოდები დიდ ყურადღებას საჭიროებს: არა მხოლოდ ის, თუ რას ვასწავლით, არამედ, ასევე - როგორ ვასწავლით. მეთოდების ნაწილი, რომელიც გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება, აღარ არის თანამედროვე ბავშვისათვის შესაბამისი. ხშირად სკოლებში, განსაკუთრებით, საჯარო სკოლებში, ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობის გამო მასწავლებლები და მოსწავლეები ვერ ახერხებენ მოამზადონ ელექტრონული პრეზენტაციები, გაამრავალფეროვნონ სასწავლო გარემო.
ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების მონაცვლეობა, სწავლების მიზანზე ორიენტირება, დამატებითი უნარების გამომუშავება მუდმივად განახლებადი საკითხებია, რომელთაც დიდი დაკვირვება, მუშაობა, კვლევა სჭირდება. გასათვალისწინებელია ასაკობრივი საკითხიც. მხოლოდ პედაგოგის შემოქმედებით უნარებსა და ინდივიდუალურ მეთოდოლოგიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სასწავლო გარემო. უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომელსაც ყველა პედაგოგი იცნობს და იყენებს.
დღეს ბევრი ტრენინგი ტარდება მასწავლებლებისათვის, სავალდებულოა პედაგოგის საკვალიფიკაციო გამოცდაც, თუმცა სასწავლო პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ პედაგოგების ნაწილი წარმატებით აბარებს გამოცდას, მაგრამ ვერ უმკლავდება მიმდინარე პრობლემებს.
- თანამედროვე სასკოლო გარემოში ხარვეზად მიმაჩნია ერთიანი სასწავლო და მეთოდოლოგიური სტანდარტების არარსებობა. ის უნარები, რომელიც მოსწავლეებს უნდა გამოუმუშავდეთ, სახელმძღვანელოების შედგენისას ნაკლებად არის გათვალისწინებული. თემებად დაყოფილი ენისა და ლიტერატურის საკითხები მოითხოვს მეთოდურ სწავლებას. სახელმძღვანელოებში შემოთავაზებული დავალებები ხშირად არ არის სასკოლო და საგაკვეთილო პროცესისათვის შესაბამისი. ზოგ შემთხვევაში, ძალიან მარტივად არის წარმოდგენილი საკითხის განხილვა-გაანალიზება, ზოგჯერ კი - პირიქით, აღემატება საკლასო გარემოს შესაძლებლობებს.
სასკოლო გარემოს ხარვეზად მიმაჩნია ის, რომ ხშირად ვერ, ან არ ვითვალისწინებთ, რომ მოსწავლეები არიან თანამედროვე ეპოქის, 21-ე საუკუნის სრულფასოვანი წევრები. დიდი დაფიქრება სჭირდება ამ საკითხს. არ არის გათვალისწინებული, რას და როგორ აღიქვამენ მოსწავლეები დიდი ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ.
- ენა მუდმივად იცვლება: ახლდება, მარტივდება, ეს განსაკუთრებით ითქმის სასაუბრო ენაზე, რაც ენის ბუნებრივი მდგომარეობაა. ლიტერატურული და სამეცნიერო ენა სასაუბრო ენის შესაბამისად იცვლება, თუმცა უფრო ნელა. ყველას გვახსოვს ილია ჭავჭავაძე და მისი რეფორმა. თუ სალიტერატურო ენა არ დაუახლოვდა სასაუბროს, დიდი ნაპრალი გაჩნდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირერიცხოვანი ხალხის ენისათვის. ტექნოლოგიების განვითარებამ ქართული ენის წინაშე ახალი ამოცანები წარმოშვა: აუცილებელია, ტექნოლოგიებმაც, მათ შორის, ხელოვნურმა ინტელექტმაც ისწავლოს ქართული ენა.
სწორედ ამ პერსპექტივიდან, კარგად უნდა გავიაზროთ: რას და როგორ ვასწავლით მოსწავლეებს? რომელი ეპოქის შესაბამისად? რასაკვირველია, არსებობს უნივერსალური ცოდნა, უნივერსალური მეთოდები, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველ ეპოქაში უნივერსალური, საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული, ხელახლა, ახალი დროის, ახალი ამოცანების, ახალი გამოწვევების მიხედვით უნდა ვასწავლოთ, რაც, ბუნებრივია, რთული საკითხია.
როგორები არიან თანამედროვე ახალგაზრდები? - თავიანთი ეპოქის შესაბამისები: ქაოტურები, თანამედროვე დროსა და სივრცეს ჯერ ბოლომდე შეუჩვევლები, ძველსა და ახალს შორის, საზღვარზე მყოფნი. რა და როგორ მუშაობს ძველი მეთოდოლოგიიდან და რა ვერ ავამუშავეთ თანამედროვე მეთოდოლოგიით - ეს არის ჩვენი ეპოქის სწავლების ამოცანა.
ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს უჭირთ წერა, კითხვა, მეტყველება, მწყობრი, არგუმენტირებული საუბარი. მე არ ვფიქრობ, რომ აქ გვაქვს დიდი პრობლემები. ახალგაზრდები აზროვნებენ, მსჯელობენ, ზეპირმეტყველებასთან შედარებით, წერითი მეტყველება უფრო უჭირთ, შეიძლება ასოებიც ერეოდეთ, მაგრამ ეს დიდ სირთულედ არ მიმაჩნია. ეს საკითხები ჩვენს ეპოქაში დაძლეულია, მუშაობს მართლწერისა და ორთოგრაფიის ელექტრონული პროგრამები, ქართული ენისთვისაც მუშავდება და იხვეწება. უფრო მეტ სირთულეს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდების ზედაპირულ, მარტივ ცოდნაზე დამყარებულ განათლებაში, რომელიც არ იძლევა დეტალური ჩაღრმავების, საკითხის ღრმა ანალიზის საშუალებას. ასევე, დაკვირვებისა და კვლევის უნარების ნაკლებობაში, რაც სკოლამ აუცილებლად უნდა გამოუმუშაოს ახალგაზრდას, მათ, ვისაც საუნივერსიტეტო განათლება სურთ.
- ქართული ენა და ქართული ანბანი უნიკალურია: მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულად და მხოლოდ ჩვენ ვიყენებთ ქართულ ანბანს. ეს, ერთი მხრივ, დიდად საამაყოა და საგანგებო კულტურული, ცივილიზაციური მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაფერი, რაც ქართულ ენაზე შექმნილა ან შეიქმნება, მხოლოდ ჩვენ მიერ არის შექმნილი და ჩვენთვის. მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, თუ ქართულმა ენამ ვერ შეძლო საკუთარი თავის დამკვიდრება, მომავალში მისი გამოყენება შემცირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენაზე საუბარი და წერა ყოველთვის და ყველგან. ეს ამოცანები მოსწავლეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რადგან მომავალში მათ უნდა გააგრძელონ ქართულ ენაზე ზრუნვა, ქართული ენის გამოყენება სხვადასხვა პროფესიაში, სხვადასხვა სივრცეში.
ენა არ არის მხოლოდ გრამატიკული სტრუქტურები, წესები და კანონები. ენა არის აზროვნება, სიტყვები, მათი მნიშვნელობები, ენა არის მთელი სამყარო, რადგან ენის გარეშე არაფერი არ არსებობს.
ქართული ენა სრულყოფილად არის წარმოდგენილი მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც ენას ამდიდრებს, ავსებს, აცოცხლებს. ლიტერატურული ტექსტების დამუშავებისას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ლექსიკას, თხრობის გადმოცემის თავისებურებებს.
მოსწავლეებს კარგად უნდა ესმოდეთ თანამედროვე სამყაროში ურთიერთობის ენებს შორის წერითი და ზეპირი მეტყველების მნიშვნელობა, ქართული ენისა და ქართული ანბანის უნიკალურობის, მისი წარსულის, განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხები. ამის გააზრებისა და გაშინაარსების გარეშე, მხოლოდ გრამატიკული წესების, ან თავისებურებების სწავლებით ენას ვერც შევაყვარებთ და ვერც ვასწავლით.
- ქართული ენის სწავლება არაქართველი სტუდენტებისათვის ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და რთული პროცესია. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების საკითხი, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, მაგრამ მათ ინტეგრაციას, პროფესიულ განვითარებას აფერხებს სახელმწიფო ენის, ქართულის არცოდნა. 2010 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტებში მუშაობს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ და სრულფასოვნად ჩაერთონ საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროცესებში.
ბევრი სირთულე და გამოწვევა გვაქვს. პირველ რიგში, დავასახელებდი სახელმძღვანელოებს. ბევრი სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მომზადდა, სულ იხვეწება, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო გაუმჯობესებული სასწავლო მასალა. რამდენიმე წელია არსებობს ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა, რომელიც ევროპული ენის ფლობის დონეების მიხედვით არის შედგენილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განსაზღვრავს ენის ფლობის დონეებს, რომელი დონე რომელ კონკრეტულ ასპექტს მოიცავს. აუცილებელია, რომ სახელმძღვანელოებიც ენის ფლობის დონეების მიხედვით იყოს შედგენილი, დაზუსტებით მოიცავდეს იმ სავალდებულო ენობრივ ფორმულირებასა და ლექსიკას, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ დონეს. რამდენიმე სახელმწიფო სამსახური და უნივერსიტეტი მუშაობს ახალ სახელმძღვანელოებზე. იმედი მაქვს, მომავალში უფრო სრულფასოვანი სახელმძღვანელოები გვექნება.
ჩვენთვის, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის, საჭიროა სხვადასხვა მეთოდით მუშაობა, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ძალიან მოტივირებულები არიან. შემიძლია ვთქვა, რომ ლექციებს თითქმის არ აცდენენ, დასწრება უმრავლეს შემთხვევაში, აბსოლუტურია. ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ სტუდენტები დაინტერესებულები არიან ქართულის შესწავლით.
თავდაპირველი ენთუზიაზმი ცოტა იკლებს, როცა სასწავლო მასალასთან, მართლწერასთან, ენობრივ ასპექტებთან ვმუშაობთ, თუმცა სწავლების მეთოდების მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, სწავლების პროცესი საინტერესო, სახალისო გახდეს. ენის ფლობის ოთხი კომპონენტიდან: წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი, შესაძლებელია ისეთი კომბინაციები, რომ სტუდენტებმა მოისმინონ ტექსტები, წაიკითხონ ინფორმაცია და ისაუბრონ, გააკეთონ პრეზენტაციები, აიღონ ინტერვიუები ერთმანეთისგან, შექმნან ამა თუ იმ თემაზე ვიზუალური მასალა. ასეთ დავალებებს დიდი ხალისით ასრულებენ.
- თანამედროვე ადამიანი უამრავი ამოცანის წინაშე დგას. პირველ რიგში, კარგად უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი: რას ნიშნავს, იყო თანამედროვე. რამდენად თანამედროვეები შეიძლება ვიყოთ? მცირერიცხოვანი ხალხისათვის ყოველთვის დგას იდენტობის შენარჩუნების საფრთხე. ქართული ენის, ქართული ანბანის უნიკალურობა ერთგვარ ვალდებულებას გვისახავს, გავაცნობიეროთ ჩვენი ენის როლი, ფუნქცია, მომავალი. მეორე მხრივ, აუცილებელია უცხო ენების, განსაკუთრებით, საერთაშორისო ენების სრულფასოვანი ცოდნა. გადაჭარბებული შიშის გამო, რომ ბავშვი უცხო ენას სათანადოდ ვერ აითვისებს, მშობლები ბაღიდან და სკოლის პირველი კლასებიდანვე შვილებს ინგლისურსა და სხვა უცხო ენებში ამზადებენ. მე მგონია, რომ ეს შიშები საკუთარი გამოცდილებიდანაც მოდის, თუმცა უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ დღეს, სწორედ ტექნოლოგიების მაღალი განვითარების შესაბამისად, ყველაფერი უცხო ენაზეა და ქართულ ენას სჭირდება დაცვა და გადარჩენა. საკომუნიკაციო საშუალებების, სოციალური ქსელების განვითარებამ ჩვენს ოჯახებამდე, ჩვენს შვილებამდე მოიტანა უცხო ენები. ის ჩვენი შვილების ცხოვრების ნაწილია: კომიქსები, მულტფილმები, ფილმები... ქართული მასალა ინგლისურს ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას. ამასთან, მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ მშობლიურ ენაზე ფიქრი, აზროვნება, წერა, ბავშვის სრულფასოვნად განვითარების საწინდარია.
ქართულმა ენამ და ლიტერატურამ განვითარების გრძელი და უწყვეტი გზა გაიარა. მდიდარი ლექსიკა და მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული ტრადიცია გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ენაზე სრულფასოვნად გამოვთქვათ და დავწეროთ ყველა აზრი, შეხედულება, მხატვრულად, მეცნიერულად, დარგობრივად წარმოვაჩინოთ ესა თუ ის საკითხი.
დღეს მსოფლიო დიდ ყურადღებას აქცევს მრავალფეროვნებას, მათ შორის, კულტურულ, ენობრივ მრავალფეროვნებას. ეს მსოფლიოს სიმდიდრეა. ქართული ენა და ლიტერატურა მსოფლიო მრავალფეროვნების, მსოფლიო სიმდიდრის სრულფასოვანი ნაწილია. ამდენად, საჭიროა მის სათანადოდ სწავლა/სწავლებას, კვლევას, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით მოვეკიდოთ.
თამარ იაკობაშვილი