ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"საუბრობს, რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო:
- ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების სურვილით უშვებენ არის ის, რომ რაციონიდან ცხიმის სრულად ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ. ეს სწორი არ არის და ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია. დღესდღეობით, მსოფლიოში წამყვანი ნუტრიციოლოგები გვეუბნებიან, რომ ცხიმი შეზღუდული არ იყოს. თუმცა, ცხიმსაც გააჩნია...ცხიმს ძალიან მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს - ნახშირწყალზე ორჯერ მეტი ენერგეტიკული ღირებულებით ხასიათდება. ცხიმი შედის თავის ტვინისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს უჯრედის სტრუქტურის შემადგენლობაში. ამიტომ, როგორ განვითარდება ჩვენი ნერვული სისტემა, თავის ტვინი, როგორ იფუნქციონირებს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის უჯრედი, ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზეა დამოკიდებული. მეტსაც გეტყვით, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმისაგან წარმოიქმნება. ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმოვან ქსოვილში ინახება. ამიტომაც, ცხიმს ჩვენი ჯანმრთელობისათვის და მეტაბოლიზმისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ცხიმები ერთმანეთისაგან განსხვავდება. არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ტრანსცხიმები. ნაჯერია ძირითადად ის ცხიმები, რომლებიც მყარი სახით გვხვდება. მაგალითად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ხორცში. ასევე, ტროპიკული წარმოების ცხიმები, როგორიცაა ქოქოსის რძე. უჯერი ცხიმები ყველაზე სასარგებლო ცხიმებია, რომლებიც, ძირითადად, თხევადი სახით გვხვდება. მაგალითად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თევზის ცხიმი, სელის ცხიმი, ზეითუნის ზეთი. ყველაზე მეტად უჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა მოვიხმაროთ. ყველაზე საშიში ცხიმები, რომლებიც საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, ეს ტრანსცხიმებია, რომლებიც ხელოვნურად, გადამუშავების შედეგად მიღებული მყარი ცხიმია. ის დიდი ხნის განმავლობაში ვარგისიანობას ინახავს. ასეთი პროდუქტები გამოიყენება ძეხვეულში, საკონდიტრო ნაწარმში, მაიონეზში. ეს ცხიმები არც ჯანსაღია და არც სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის. შეიცავს ტოქსინებს და სხვა მავნე, არაჯანსაღ ნივთიერებებს, რომლებიც შემდგომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას საფუძვლად უდევს.
უმჯობესია, იდეალურ შემთხვევაში, ცივი დაწურვის ზეთები გამოვიყენოთ. ჯობს, პროდუქტები ზეითუნის ზეთში გრილზე შევწვათ, ან ფოლგაში გავახვიოთ. როგორც ზეთი, ასევე საკვები პროდუქტი ნაკლებ თერმულ დამუშავებას განიცდის და უფრო ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.