"წიგნების თარო" მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა, სადაც ისინი საკუთარ ცოდნას, წიგნიერებას, განათლების დონეს ავლენენ ხოლმე და პროექტს ყველა ასაკის უამრავი მაყურებელი ჰყავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გადაცემის "ბლიცი", რომელიც ძალიან აზარტულია და სეზონის განმავლობაში გუნდების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც პასუხების რაოდენობაში. მეთოთხმეტე სეზონის რეკორდი მე-11 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, 16 წლის ნიკა კვირკველიამ დაამყარა - 26 სწორი პასუხი ერთ წუთში. ნიკასთვის ეს პირადი რეკორდის გაუმჯობესებაა, რადგან შარშან, 15 წლისამ 21 სწორი პასუხი დააგროვა. მაშინ ნიკამ mshoblebi.ge-ს გაესაუბრა საკუთარ გატაცებებზე, წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე. რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ ნიკას ინტერვიუდან.
"პირველი კლასიდან სხვადასხვა ოლიმპიადაში ვიღებდი მონაწილეობას და პატარ-პატარა წარმატება ყოველთვის მქონდა. მე-4 კლასში კინგსის ოლიმპიადაში გავიმარჯვე და ეს პირველი ყველაზე დიდი მიღწევა იყო. გამარჯვების შემდეგ ბანაკში წავედი, რაც ძალიან დიდი გამოცდილება აღმოჩნდა და დღემდე ვცდილობ, მსგავს აქტივობებში მონაწილეობა მივიღო. მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარდა, ბოლო პერიოდში კი ბიოლოგია და ქიმია განსაკუთრებით მაინტერესებს.
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, სწავლის, კითხვის პროცესი ჩემთვის სასიამოვნოა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი განტვირთვა, ჰობია, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს. გარდა ამისა, ირგვლივ მყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მაძლევენ მოტივაციას, რომ უფრო მეტი ვაკეთო და დრო თვითგანვითარებას მოვახმარო. მშობლებმა ბავშვობიდან მიმაჩვიეს, რომ საკუთარ თავზე მუდმივად უნდა ვიმუშაო და ჩემს წარმატებაში მათი დიდი დამსახურებაა.
- ბავშვობიდან ოჯახის წევრები ყოველთვის მიკითხავდნენ ზღაპრებს, სხვადასხვა ნაწარმოებს. ზუსტად მახსოვს, დაახლოებით, 7 წლის ვიყავი, როდესაც "პატარა პრინცი" წავიკითხე. ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ წიგნების კითხვა შემიყვარდა. უფრო ხშირად და ინტენსიურად დავიწყე კითხვა და დღემდე ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
- როგორც ვთქვი, კითხვის პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. თითოეული წიგნის წაკითხვა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, მეხმარება ლექსიკის გამრავალფეროვნებაში, არის მომენტები, როდესაც ამა თუ იმ პერსონაჟში საკუთარ თავს ამოვიცნობ და ამ კუთხით ფიქრიც საინტერესოა. წიგნის კითხვა საკუთარი პიროვნების დახვეწასა და უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებაში მეხმარება.
- ალბათ, ჩემი თანატოლების უმრავლესობას ფილმების ყურება უფრო უყვარს, ვიდრე წიგნების წაკითხვა. ფილმების ყურება, რა თქმა უნდა, კარგია, უბრალოდ, წიგნს როდესაც კითხულობ, თავად შეგიძლია კადრები წარმოიდგინო და ფანტაზია ჩართო. ფაქტობრივად, კითხვის დროს რეჟისორი შენ ხარ. თავად შეგიძლია გონებაში კადრები ააგო. ამიტომ, თუ რომელიმე ჟანრის ფილმები განსაკუთრებით გიყვართ, შეიძლება წიგნის წაკითხვაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს და სიამოვნება მიიღოთ.
- 2021 წელს მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა შევქმენით ლიტერატურული კლუბი, რომელსაც "ბიბლიოფილები" დავარქვით. გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც ამა თუ იმ წიგნთან დაკავშირებით ერთმანეთს აზრებს გავუზიარებდით და ინტერაქციას შევქმნიდით. ჯგუფში ახლა, დაახლოებით, 5 ათასამდე ადამიანია და კვლავ ფუნქციონირებს.
- ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემი საყვარელი საგნებია მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და ვფიქრობ, პროფესიასაც ამ სფეროს დავუკავშირებ. შესაძლოა, სამედიცინო მიმართულება ან არქიტექტურა ავირჩიო, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სურვილებს, მიზნებსა და მისწრაფებებს მივდიოთ, არ დავნებდეთ და დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ."