წარმატებული ქართველი მოდელი, ულამაზესი მატილდა გვარლიანი სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს. რა თქმა უნდა, ფოტოზე გამოხმაურება და ოვაციებიც არ აყოვნებს. უდაოდ, მატილდას ბავშვობის იერი შენარჩუნებული აქვს და პატარაც ძალიან საყვარელია.
მატილდა 2000 წლის 16 მაისს დაიბადა. ბებიას უნდოდა, რომ გოგონასთვის მარიამი დაერქმიათ, თუმცა დედას მატილდა მოსწონდა. საბოლოოდ ორივე სახელი დაარქვეს - მატილდა მარიამი, თუმცა შოუბიზნესში მას მატილდას სახელით იცნობენ.
დღეს მატილდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და ყველაზე ცნობილ და გავლენიან ბრენდებთან თუ ჟურნალებთან თანამშრომლობს, პრესტიჟულ ჩვენებებზე გამოდის. შეიძლება ითქვას, მატილდამ აიხდინა ოცნება, რადგან ის ბავშვობიდან სწორედ მოდელობაზე ოცნებობდა.
"„მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი... 12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებს მატილდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მოდელი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ძალიან აქტიურად უდგანან გვერდში ოჯახის წევრები და მათი თანადგომა აძლიერებს.