შესაძლოა, მსგავსი სიუჟეტები სერიალებში ხშირად გინახავთ - მშობლები ბიოლოგიურ შვილებს უკვე ზრდასრულ ასაკში გარკვეული ნიშნებით ამოიცნობენ და ახალ ცხოვრებას იწყებენ. თუმცა, რეალურ ცხოვრებაშიცაა ისეთი წარმოუდგენელი ამბები, როდესაც სამშობიაროში ბავშვები ერთმანეთში აერიათ და ოჯახმა სხვისი შვილი აღზარდა:
1998 წელს იტალიის კუნძულის სამშობიარო სახლში ორმა ქალმა გოგონა ერთდროულად გააჩინა. სამი წლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი საბავშვო ბაღში ქალიშვილის წასაყვანად მივიდა და გაუკვირდა, რამდენად ჰგავდა იქ მყოფი ერთი გოგონა მას. შემდეგ კი გაახსენდა, რომ სამშობიაროში ბავშვს აჩუქეს ტანსაცმელი, რომელიც მისი არ იყო.
ქალმა, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა, რომ რაღაც სწორად არ იყო, მეორე გოგონას დედას საკუთარი ეჭვების შესახებ უამბო და სთხოვა, დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინათ. აღმოჩნდა, რომ სამშობიაროში მათი შვილები მართლაც აერიათ ერთმანეთში...
ვინაიდან, ქალები 3 წელი უკვე ერთმანეთის შვილებს ზრდიდნენ და ბავშვები ძალიან უყვარდათ, გაცვლა ვეღარ შეძლეს. შემდეგ კი, გადაწყვიტეს, ახლოს ეცხოვრათ, დამეგობრდნენ და გოგონებიც ორ დედასთან გაიზარდნენ.
წლების წინ რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, ჩელიაბინსკში ქალმა ეჭვი შეიტანა, რომ მას სახლში სხვისი შვილი გაატანეს. თუმცა, დედის საყვედურებს საავადმყოფოში მუქარით შეხვდნენ და ურჩიეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წასულიყო. ქალმა გოგონა გაზარდა, თუმცა პირველივე დღიდან გრძნობდა, რომ ის მისი შვილი არ იყო.
ამ ამბიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაარკვია, რომ მისი შვილი მართლაც სხვის შვილში აერიათ და ის სულ სხვა ოჯახში გაიზარდა. მის ბიოლოგიურ შვილს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. ოჯახში მუდმივად ხმაური იყო, მამა სვამდა, ჩხუბობდა და ბავშვი 13 წლის ასაკიდან ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.
ქალმა საკუთარი ქალიშვილი მაშინ იპოვა, როცა ის უკვე 30 წლის იყო, თავად კი იმ დროს - 70-ის. ექიმების დაუდევრობის გამო, მისი ბიოლოგიური შვილი ბავშვთა სახლში გაიზარდა და მშობლების სიყვარული არასოდეს უგრძნია.
ინდოეთის ერთ-ერთ სამშობიაროში, მენეჯერთან მივიდა მამაკაცი და უთხრა, რომ მისმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ იქ იმშობიარა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ სხვისი შვილი მიუყვანეს. საპასუხოდ, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა მამაკაცს ცოლის ფსიქიატრიულ განყოფილებაში წაყვანა ურჩია... მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალი არ იტყუებოდა. მისი შვილი შემთხვევით აერიათ იმ ქალის შვილში, რომელმაც იმავე პერიოდში იმშობიარა. ქალებმა ბიოლოგიური შვილები რამდენიმე წლის შემდეგ, დნმ-ის ტესტის დახმარებით აღმოაჩინეს. ბავშვებმა აღმზრდელ მშობლებთან დარჩენა გადაწყვიტეს, თუმცა ისინი ოჯახებით დამეგობრდნენ და ბიოლოგიურ მშობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნეს..
მსგავსი ამბები, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია. მიზეზად კი ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა სახელდება. როდესაც ქალები ერთსა და იმავე მონაკვეთში მშობიარობდნენ და და ბავშვების დაბადების დროები ერთმანეთს ემთხვეოდა, მკლავზე შემოსაჭერი ლენტი, სადაც ბავშვის მონაცემებია დაფიქსირებული, ექთნებს ერთმანეთში ერეოდათ და შესაბამისად, ბავშვებიც სხვადასხვა მშობელთან მიჰყავდათ.
თუმცა, ზემოთ განხილული ამბები წლების წინ, 1980-იან წლებში მოხდა და ახლა ამ მიმართულებით ბევრად უფრო მეტადაა ცნობიერებაც გაზრდილი და მედპერსონალიც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იჩენს. დღეს სამშობიაროებში მკაცრი კონტროლია და მსგავსი შეცდომა დაუშვებელია.
ზოგჯერ ექიმები იძულებულნი არიან, ბავშვი ცოტა ხნით წაიყვანონ. მაგალითად, საკეისრო კვეთის შემდეგ ქალმა ოპერაციიდან რამდენიმე საათი უნდა დაისვენოს. ახალშობილი კი ამ დროს ბავშვთა პალატაშია სხვა ბავშვებთან ერთად. მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. ის ცალკე საწოლზეა და საკუთარი პირადი მონაცემებიც იქვე აქვს.
თუ მსგავსი ისტორიების განმეორების შიში მაინც გაქვთ, რაც თანამედროვე სამყაროში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, შეგიძლიათ, ბავშვის მამა მშობიარობას დაასწროთ და მან შვილს ფოტო გადაუღოს.
თუმცა, მედიცინა დღეს განსაკუთრებით განვითარებულია და არსებული წესები და პროტოკოლები მსგავს შეცდომებს, ფაქტობრივად, გამორიცხავს.