ბელადთა ცოლები და საბედისწერო ქალები - რა აიძულებდათ ქალებს ნებაყოფლობით მონობას - მშობლები

ბელადთა ცოლები და საბედისწერო ქალები - რა აიძულებდათ ქალებს ნებაყოფლობით მონობას

2015-03-07 19:26:52+04:00

რა ამოძრავებს ლამაზ, ჭკვიან, ნიჭიერ ქალს, ნებით წავიდეს ამ ცხოვრებიდან საყვარელ მამაკაცთან ერთად ისტორიის მშრალი ფაქტების მიღმა ყოველთვის იმალება ადამიანური ვნებები და გრძნობათა ქარიშხლები. არც გამოჩენილი ბელადების ცხოვრება ყოფილა გამონაკლისი. მათ გვერდით იყვნენ ქალები, რომლეთა ცხოვრებაც მთლიანად შთანთქეს "ხალხის რჩეულებმა".

და მაინც, რა ამოძრავებს ლამაზ, ჭკვიან, ნიჭიერ ქალს, ნებით წავიდეს ამ ცხოვრებიდან საყვარელ მამაკაცთან ერთად? იქნებ ქალური მისწრაფება თეატრალური ეფექტებისადმი, ოცნება საუკუნო დიდებაზე, მით უმეტეს, თუ მისი რჩეული გამორჩეული ვარსკვლავია, ან პოეტი, ან მხატვარი, მსახიობი, ანდა სულაც - ბელადი. კითხვა ბევრია, აი პასუხები კი - ცოტა.

ისტორია 1. კლარეტა და ბენიტო

ბენიტო მუსოლინი 1883 წელს ფორლის პროვინციაში დაიბადა, პატარა სოფელ დოვიაში. საუკუნის დასაწყისში გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც მუშაობდა ქვის მთლელად, შავ მუშად. შევიდა სოციალისტურ პარტიაში. აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა მუშებსა და ემიგრანტებში.

იტალიაში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა ცხოვრებაში. მაშინდელ საყვარელს - რადა რაფანელს ეუბნებოდა: “მე მჭირდება სახელი და სიმდიდრე. მინდა ვიყო ბედის მბრძანებელი.

- როგორც ნაპოლეონი? - ორაზროვნად ჰკითხა ლადამ.

- არა, უფრო მეტი“...

ამბობდნენ, რომ ბენიტო სიყვარულში ხულიგანი იყო - სადისტური გადახრებით. მარია ფონტაჟი, ფრანგი ჟურნალისტი, რომელთანაც ბენიტოს საკმაოდ მგზნებარე ურთიერთობა ჰქონდა, კინაღამ დაახრჩო აბრეშუმის შარფით. მაგრამ როდესაც გრძნობა გაუნელდა, დუჩემ ბრძანა, გამოეყოთ მისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა - 15000 ფრანკი - და თავაზიანად გაისტუმრა ქვეყნიდან.

ქალის სურნელი დაჰყვებოდა მუსოლინის მთელი ცხოვრება. სურნელი არა პარფიუმისა, არამედ ქალის ნატურალური სურნელი. დუჩე ვერ იტანდა სუნამოს. ამით იგი ნაპოლეონს ჰგავდა: როდესაც ნაპოლეონი ჟოზეფინას ნახვას აპირებდა, რამდენიმე დღით ადრე უგზავნიდა წერილს: „მოვდივარ. შეწყვიტე დაბანა".

დუჩეს უყვარდა ქალები და ყველაფერი, რაც ეხებოდა ინტიმურ ცხოვრებას, ყველაფერი იყო მისი ინტერესის საგანი. შესაბამისი წესები და კანონებიც კი დააწესა ამისთვის. მკაცრად იყო რეგლამენტირებული კაბის მოდელი და სიგრძე, ქუსლის სიმაღლე, კოსმეტიკისა და პარფიუმის ხმარებაზე დაწესებული იყო ნორმები, მძიმედ ისჯებოდა აბორტები, იკრძალებოდა განქორწინება. მათვე გამოუშვეს კანონი, რომლის შესაბამისად ვენერიული დაავადების გადამტანი პიროვნება კანონის შესაბამისად ისჯებოდა.

1909 წელს მუსოლინიმ სამოქალაქო ქორწინება შესთავაზა ვინმე რაკელ გვიდს, რომელიც ბარში მიმტანად მუშაობდა. მაგრამ ბენიტოს მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. მაშინ მან გაითამაშა მელოდრამის სცენა - ამოიღო პისტოლეტი და თქვა: “თუ რაკელი უარს მეტყვის ქორწინებაზე, პირველი ტყვია გავარდება მისი მისამართით, ხოლო მეორე - ჩემი. ამოირჩიეთ“.

იცოდნენ რა ბენიტოს ფეთქებადი ხასიათი, მშობლები დათანხმდნენ, და მან გოგონა სახლში ისე წამოიყვანა, რომ არ გააფორმა ოფიციალური ქორწინება. ასე ცხოვრობდნენ, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ერთ-ერთმა მორიგმა საყვარელმა იდა დალსერმა მისგან ვაჟი გააჩინა. ეს კიდევ არაფერი. მან დაირქვა “სენიორა მუსოლინი“, ამას კი დუჩე ვერ აიტანდა. მან ოფიციალურად გააფორმა ქორწინება რაკელთან, რომელთანაც შემდეგ 4 შვილი ეყოლა (2 გოგო და 2 ბიჭი).

რაკელს ამან სიხარული და ბედნიერება ვერ მოუტანა. ბენიტო გაცივდა მის მიმართ. ბავშვებს წელიწადში 2-3-ჯერ აკითხავდა. ეს უკვე აღარ იყო ოჯახი.

მუსოლინიმ კლარეტ პეტაჩი მაშინ გაიცნო, როცა დიდების მწვერვალზე იყო - 50 წლის ასაკში. მათმა ურთიერთობამ ოფიციალური სახე მიიღო. ძალაუნებურად ცოლიც შეეგუა ამ ფაქტს.

გვიანი მგზნებარე ცხოვრება ორივესთვის საბედისწერო გახდა. კლარეტა იყო ერთადერთი ქალი, რომელიც დუჩეს გულწრფელად უყვარდა. იგი ყველაფერს უსრულებდა მას, ნებისმიერ ახირებას: ჩუქნიდა ბინებს, ვილებს, ძვირფას სამკაულებს. კლარეტაც სიყვარულითა და ერთგულებით პასუხობდა. ბენიტო ბედნიერი იყო კლარეტასთან. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა მის კანონიერ ცოლს.

ერთხელ რაკელმა კლარეტს უჩურჩულა: “ოდესმე ცხოვრებას პიაცო ლორეტოზე დაამთავრებ, კახპავ!“ - პიაცო ლორეტო იყო მოედანი, სადაც იაფფასიანი მეძავები იკრიბებოდნენ.

რაკელის სიტყვები მართლაც საბედისწერო აღმოჩნდა კლარეტისთვის.

დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი. საბჭოთა ჯარებმა ბლოკირება გაუკეთეს ბერლინს, იტალია თითქმის ოკუპირებული იყო. დარჩენილი ვერმახტის ძალები ჩრდილოეთისკენ მიდიოდნენ. გასვლა ნებადართული ჰქონდათ...

გერმანელების ერთი ჯგუფი პარტიზანებმა გააჩერეს. ისინი ფაშისტებს ეძებდნენ, რომლებსაც შეეძლოთ გადაეკვეთათ საზღვარი სატვირთო მანქანებით.

ერთ-ერთი გარიბალდიელის ყურადღება მიიქცია ჯარისკაცმა, რომელიც მოფარებულში იჯდა - აწეული საყელოთი და თავზე ჩამოფარებული ჩაფხუტით, რომელიც თითქმის უფარავდა სახეს... გვერდზე მჯდომმა გერმანელმა თვალი ჩაუკრა პარტიზანს: “ცოტა დალია და ჩაეძინაო“. პარტიზანმა ის იყო წასვლა დააპირა, რომ შარვალს მოჰკრა თვალი, რომელიც რიგითებს არ ეცვათ ხოლმე. მიუახლოვდა „ლოთს“ და ჩაფხუტი მოხადა - მის წინ ბენიტო მუსოლინი იჯდა.

დუჩე სატვირთოდან ჩამოიყვანეს. არავინ გამოესარჩლა მას, გარდა კლარეტა პეტაჩისა, რომელიც დიქტატორს ბოლო ამოსუნთქვამდე გვერდიდან არ მოშორებია. როდესაც ამერიკელებმა გაიგეს, რომ მთავარი იტალიელი ფაშისტი დაკავებული იყო, მოითხოვეს მისი მათთვის გადაცემა. მაგრამ თავაზიანი უარი მიიღეს: “ვწუხვართ, მაგრამ მუსოლინი სახალხო ტრიბუნალმა გაასამართლა და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა“. კლარეტამ პოლკოვნიკ ვალერიოსგან შეიტყო გადაწყვეტილების შესახებ და ისევ შეეცადა დუჩეს დაცვას: “მომისმინეთ, მასაც აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი!“ - „წადით, სენიორა, - უპასუხა პოლკოვნიკმა, - ჩვენ თქვენთან არაფერი საქმე არ გვაქვს“. კლარეტა არც კი განძრეულა ადგილიდან.

სასამართლო არ შემდგარა. პოლკოვნიკმა სასხლეტს ხელი დააჭირა, მაგრამ ავტომატმა არ გაისროლა. მაშინ მეორე ჯარისკაცმა გაისროლა - მიქელე მორეტიმ. კლარეტა პეტაჩი გაიქცა და თავისი სხეულით გადაეფარა საყვარელ ადამიანს... რამდენიმე წამში მუსოლინისაც ესროლეს.

mshoblebi

მათი ცხედრები მილანში ჩაიტანეს და ყვირილისა და სტვენის თანხლებით ფეხებით ჩამოკიდეს პიაცო ლორეტოზე. რაკელის წინასწარმეტყველება ახდა - მეორე დღეს ფეხებით ჩამოკიდებული მუსოლინისა და კლარეტას ფოტოები უკვე ბერლინში იყო. ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა ნახეს ფოტოები...

ისტორია 2. ევა და ადოლფი

ადოლფ შიკლგრუბერი, ფსევდონიმით ჰიტლერი, ქალებისთვის მიმზიდველი არასოდეს ყოფილა. ტრაუდლ იუნგე ფიურერის ერთ-ერთი პირადი მდივანი იხსენებს: “როგორც მამაკაცი, ის აბსოლუტურად უინტერესო იყო. იზიდავდა, როგორც ყოვლის შემძლე ადამიანი სახელმწიფოში. რომ არ ყოფილიყო რეიხკანცლერი, ქუჩაში შემთხვევით გამვლელი ყურადღებასაც არ მიაქცევდა. როგორც შეფი, ის იყო ძალიან კეთილგანწყობილი, თავაზიანი, მამასავით კეთილი. მე მას ვიცნობდი საუკეთესო მხრიდან და მომწონდა მის გარემოცვაში ყოფნა“.

მიტცი რაიტერი: ადრეული სიყვარული, 16 წლის იყო, როდესაც 37 წლის ჰიტლერთან ურთიერთობა გააბა. ადოლფ ჰიტლერი დაქორწინებას და „ქერათმიან ბავშვებს“ ჰპირდებოდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. მას დიდი ცხოვრებისეული მისია ჰქონდა დასასრულებელი - ამით იმართლა თავი მიტოვებულ ქალთან.

იმის გამო, რომ ჰიტლერი არ აქცევდა სათანადო ყურადღებას, მარიამ თვითმკვლელობა სცადა. სასწაულებრივად გადარჩა და მოგვიანებით ცოლად გაჰყვა სს-ის ოფიცერს. ჰიტლერის და, პაულა ამბობდა, რომ რეიტერი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა ხელი შეეშალა ჰიტლერისთვის ურჩხულად გადაქცევაში. თუმცა პარტიული საქმიანობა ფიურერისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა.

30-იან წლებში მთელ გერმანიაში დადიოდა ხმები, რომ ასეთი ფანატიკური ერთგულება პარტიისადმი ჰიტლერის იმპოტენტობით აიხსნებოდა. გლენი ინფილდი კი, რომელიც ფიურერის ინტიმურ ცხოვრებას იკვლევდა, ამბობდა, რომ „იგი იყო აბსოლუტურად ნორმალური მამაკაცი: ქალები, რომლებთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა, ირწმუნებიან, რომ ჰიტლერი შესაბამისად აფასებდა ქალის სხეულს. ისინი იცინიან, როდესაც ესმით ჰიტლერის მისამართით ნათქვამი - იმპოტენტი ან ჰომოსექსუალი. მათი ჩვენება დამაჯერებლად ჟღერს".

გელი (ანგელა) რაუბელი, 21 წლის გოგო, ადოლფის დის შვილი, იყო „ის ქალი“, რომელიც ნამდვილად უყვარდა ჰიტლერს. ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს, ჰიტლერის სახლში, სადაც მისი დედა (ჰიტლერის ღვიძლი და) დამხმარე ქალის ფუნქციას ასრულებდა. მზრუნველმა ბიძამ მაშინვე მეურვეობა აიღო დისშვილზე, თავისი საძინებლის გვერდით ოთახში დააბინავა და დაცვაც მიუჩინა. მალევე ისინი საყვარლები გახდნენ. გელი გულს უხსნიდა თავის მეგობარ გოგოს: “ჩემი ბიძა ნამდვილი ურჩხულია. შენ არ დაიჯერებ, როგორ მექცევა და რის გაკეთებას მაიძულებს".

მიუხედავად ამ კოშმარისა, იგი 2 წელი იტანდა ბიძამისის საზარელ ქცევებს... 1931 წელს კი თავი მოიკლა ჰიტლერის იარაღით...

მიუხედავად პათოლოგიური სექსუალური ქცევისა, მას ნამდვილად უყვარდა თავისი დისშვილი, ისე, როგორც არავინ თავის ცხოვრებაში... სანამ არ გამოჩნდა ევა. ეს მოხდა ერთი წლის შემდეგ.

30-იან წლებში ჰიტლერმა გერმანული კინემატოგრაფიის ვარსკვლავი - რენატა მიულერი გაიცნო. რეიხსკანცლერს იგი უარს ვერ ეტყოდა... 1937 წელს რენატა თავისი ბინის ფანჯრიდან გადმოხტა. შესაძლოა, ამაში გესტაპო „დაეხმარა“ - მიზეზი? ცნობილი გახდა, რომ ფიურერის გარდა მსახიობს ებრაელი საყვარელი ჰყავდა, ეს კი ფიურერის დიდი შეურაცხყოფა იყო.

1939 წელს თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა ფიურერის მორიგ საყვარელს - ინგლისელ იუნიტი მიდფორდს. მაგრამ არ გამოუვიდა: თავის ქალაში გაჩერებული ტყვიით, ნახევრად უგონო მდგომარეობაში, 9 წელი იცოცხლა.

სიუზი ლიპტაუერმაც თავი ჩამოიხრჩო ჰიტლერთან პაემანის შემდეგ, მიმი რეიტერმაც სცადა თვითმკვლელობა. მიზეზი ჩვენთვის უცნობია და ვერასოდეს გავიგებთ...

ევა ბრაუნი ფიურერის საყვარელი 1932 წელს გახდა. ტრაულ იუნგე იხსენებს, თუ როგორი შთაბეჭდილება დატოვა მასზე ბრაუნმა: “იგი იყო საკმაოდ მოვლილი და სასიამოვნო შესახედი, ძალიან სპორტული, უშუალო და საერთო ჯამში - ჩვეულებრივი...“ ჰიტლერისთვის მთავარი იყო აბსოლუტური ერთგულება ევას მხრიდან. ერთხელ მან თქვა: “არსებობს მხოლოდ ორი არსება ჩემს ცხოვრებაში, ვისაც შემიძლია ვენდო: ეს არის ევა ბრაუნი და ბლონდი“ (ბლონდი - მისი საყვარელი ნაგაზი იყო, რომელზეც მოგვიანებით მან საწამლავი გამოსცადა).

mshoblebi

ევა 23 წლით უმცროსი იყო ფიურერზე - თეთრი ბავარიელი ლამაზმანი. ხალხში თითქმის არასდროს ჩნდებოდა ფიურერთან ერთად. თავის დღიურში დატოვა ჩანაწერი: “მე მას ვჭირდები მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის... ეს უბრალოდ იდიოტიზმია.“

როგორც ცნობილია, ფიურერი კარგი ფოტოგრაფი იყო. მას უყვარდა ევასთვის ფოტოების გადაღება შიშველ მდგომარეობაში. ეს ფოტოები ავსებდა მის ეროტიკულ ფოტოკოლექციას. ნაწილი კოლექციისა რამდენიმე წლის წინ გამოიცა გერმანიაში პატარა ტირაჟით. ალბომი მაშინვე იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად...

მათ 1945 წლის 29 აპრილს დილით ადრე იქორწინეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ერთ-ერთი ვერსიით, ჰიტლერმა საწამლავი დალია და მისივე ბრძანებით დაცვის წევრმა საკონტროლო გასროლაც განახორციელა. ამის შემდეგ საწამლავი დალია ევამ. ჰიტლერი არ აძალებდა ევას თავის მოკვლას. მან მხოლოდ დაუსვა კითხვა: უნდოდა თუ არა მასთან ერთად წასვლა. რა უპასუხა ევამ - უცნობია, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ მისი საქციელით, პასუხი იყო „კი“.

ისტორია 3. ინესა და ვლადიმერი

„როგორ მინდა შენი ნახვა, მაგრამ ჯობს მოვკვდე, ვიდრე შემოვიდე შენს კაბინეტში... ყოველთვის მშურდა იმათი, ვინც პირდაპირ შემოდიოდა შენთან და გელაპარაკებოდა. ისე მიყვარდა არა მარტო შენი მოსმენა, არამედ შენი ყურებაც, როდესაც სიტყვით გამოდიოდი. ჯერ ერთი, სახე ისე გიცოცხლდებოდა და მერე ჩემთვის მოხერხებული იყო ამ დროს ყურება, რადგან შენ ვერ მამჩნევდი" (ნაწყვეტი ინესა არმანდის პირადი წერილიდან - ლენინს).

ინესა არმანდი - მას სხვადასხვაგვარად მიმართავდნენ: „ილიჩის ბოროტი გენია“, „ლენინის მფარველი ანგელოზი“, “პარტიული კახპა“. ჩვენი განსასჯელი არაა, რომელი შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ მან რომ უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ცხოვრებაში - ეს ფაქტია.

ერთ-ერთი ბიოგრაფი ინესა არმანდზე წერს: „პირველად ის ცოლად გაჰყვა ფაბრიკის მეპატრონის უფროს შვილს. გაუჩინა ოთხი შვილი. დაკავებული იყო ოჯახით. საღამოობით ფორტეპიანოზე უკრავდა...“ და უცებ... დატოვა ქმარ-შვილი, ქმრის უმცროსი ძმის გამო, რომელმაც მოაჯადოვა პროგრესული იდეებით. იმის მაგივრად, რომ ბავშვებისთვის მიეხედა (იმ დროისათვის 5 შვილი ჰყავდა), დაიწყო რევოლუციურ წრეებზე სიარული და აკრძალული ლიტერატურის შესწავლა. 1907 წელს ინესა და ვლადიმერ არმანდები დააპატიმრეს.

შემდეგ - ემიგრაცია. ბავშვები დარჩნენ ყოფილ ქმართან - ალექსანდრესთან, რომელთანაც მიუხედავად ყველაფრისა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მთავარი შეხვედრა, რომელმაც მთელი ცხოვრება შეუცვალა - ჯერ კიდევ წინ იყო.

ინესასა და ლენინის შეხვედრა პარიზში შედგა, 1909 წელს, ვლადიმერ არმანდის - ყოფილი ქმრის მოულოდნელი გარდაცვალების დროს.

ფრანგი სოციალ-ბოლშევიკი შარლ რაპოპორტი იხსენებს, რომ „ხშირად ხედავდა ლენინს და არმანდს, რომლებიც ცხარედ კამათობდნენ კაფეში“.

ულიანოვების სახლში ინესა კრუპსკაიამ მიიყვანა. ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ, ინესას არ აღელვებდა სიტუაციის ორაზროვნება. იგი ყველგან დაჰყვებოდა ლენინს. მათი ცხოვრება იდილიას ჰგავდა: საუზმის შემდეგ ილიჩი ხელნაწერებთან ჯდებოდა, კრუპსკაია ათვალიერებდა ფოსტას და პასუხობდა წერილებს, ინესა კი მეზობელ ოთახში უკრავდა როიალზე. მაგრამ ეს იდილია იყო გარეგნულად. კრუპსკაია ეჭვიანობდა. 1911 წელს განაცხადიც კი შეიტანა განქორწინებაზე. მაგრამ ლენინი არ იქნებოდა ბელადი, რომ დათანხმებოდა. „რევოლუციური საქმე - პირად საკითხებზე მაღლა დგასო“, - ასე ამბობდა. ასე გრძელდებოდა სასიყვარულო სამკუთხედი 1916 წლამდე, როდესაც განხეთქილება მოხდა.

„ახლაც კი უარს ვიტყოდი შენს კოცნაზე, - წერს ინესა ლენინს, - მხოლოდ შემეძლოს, რომ გიყურო. ეს არავის არ მოუტანდა ზიანს. რატომ უნდა მომაკლო ეს ბედნიერება“ - წერდა ინესა. ილიჩი კი, მიუხედავად თავისი სიყვარულისა ინესას მიმართ, ურცხვად იყენებდა მას 24-საათიან პირად მდივნად. ლენინმა კარგად გაითავისა ნიცშეს სიტყვები: “საკუთარი ნებით მონობა - არ არის მონობა, ეს ბედნიერებაა მონისთვის. საჭიროა დროულად აჩვენო შენი კეთილგანწყობა“.

„რაც გვაქვს - არ ვაფასებთ, როცა ვკარგავთ - ვტირით“ - ამ ანდაზის შინაარსი ვლადიმერ ილიჩმა შეიგრძნო 1920 წელს, როდესაც ინესა არმანდი ქოლერით გარდაიცვალა.

პროცესიას მიჰყვებოდა თავდახრილი ილიჩი და ნადეჟდა კრუპსკაია. კუბოზე იდო გვირგვინი წარწერით: „ამხანაგ ინესა არმანდს - ლენინისგან“.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ