ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან ერთად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრილების სისტემის მუშაობა მგზავრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ, რომ ტრანსპორტში კონდიციონერი არ მუშაობს ან მძღოლი ჩართვაზე უარს ამბობს. რა შეგიძლიათ ასეთ დროს გააკეთოთ, შეკითხვით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თბილისის მიკროავტობუსებს მივმართეთ:
"გაგრილების სისტემა ყველა ავტობუსში ჩართულია. დილით, გასვლისას და დღის ბოლოს ყველა მათგანი მოწმდება. დილით ავტობუსი მგზავრთა გადასაყვანად სრულად მოწესრიგებული გადის ისე, რომ არც გაგრილების პრობლემაა. თუმცა, შესაძლოა, დღის განმავლობაში, მუშაობის პროცესში ხარვეზი დაფიქსირდეს და გაგრილების სისტემა დაზიანდეს. ასეთ დროს, ინფორმაციას თავად მძღოლი ბაზას გადასცემს და ავტობუსი იხსნება ხაზიდან და სათადარიგო ავტობუსი გამოგვყავს. გარდა ამისა, თუ ავტობუსში გაგრილების სისტემა ჩართული არ არის, მგზავრსაც შეუძლია, მოგვაწოდოს ინფორმაცია, დაგვირეკოს ცხელ ხაზზე (032 293 44 44) ან მოგვწეროს ფეისბუკის გვერდზე, რომ ფაქტს დროული რეაგირება მოჰყვეს." - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ასევე, როგორც თბილისის მიკროავტობუსებში განგვიცხადეს, თუკი მძღოლი გაგრილების სისტემის ჩართვაზე უარს ამბობს, მგზავრს შეუძლია, მათ ცხელ ხაზზე (032 2200340) დარეკოს და დააფიქსიროს. თუ დადგინდება, რომ გაგრილების სისტემა მოწესრიგებულია და მძღოლი საკუთარი სურვილით ამბობს ჩართვაზე უარს, მაშინ მის მიმართ სანქცია გატარდება. გარდა ამისა, მძღოლი ვალდებულია, გაგრილების სისტემის დაზიანებისთანავე დააფიქსიროს ინფორმაცია ბაზაში, რომ ხაზზე მის ნაცვლად სხვა მიკროავტობუსი გაუშვან.
თამარ იაკობაშვილი