ლეგენდარული მაიკლ ჯეკსონის უმცროს დას ჯანეტს მსოფლიო იცნობს. 1980-90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი იყო და პოპ-მუსიკის ისტორიაში დღესაც ყველაზე გაყიდვადი მომღერლების სიაშია. თუმცა პირადი ცხოვრება არც მას აეწყო, როგორც მის გარდაცვლილ ძმას, არადა, მცდელობები ჰქონდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო...
ყველაზე გახმაურებული მისი მესამე ქორწინება აღმოჩნდა.
ორი უიღბლო რომანის შემდეგ 2010 წელს დუბაის სასტუმროში შეხვდა ბიზნესმენს ყატარიდან - ვისამ ალ-მანას, რომელსაც ორ წელიწადში ცოლად გაჰყვა. მისთვის ეს ქორწინება გადარჩენას ჰგავდა - ახალი დაშორებული იყო ჯერმეინ დუპრის და ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული ძმის ნაადრევი გარდაცვალება - მაიკლ ჯეკსონი 2009 წელს გარდაიცვალა. ფინანსურადაც საკმაოდ ცუდი მდგომარეობა ჰქონდა და მილიარდერი ქმარი საუკეთესო გამოსავლად ესახებოდა.
ბიზნესმენს დიდი მოლოდინები ჰქონდა ამ ქორწინებიდან, თუმცა საქორწინო კონტრაქტი თავიდანვე შეადგინა. კონტრაქტის პირობების თანახმად, წყვილს ერთად ხუთი წელი მაინც უნდა ეცხოვრა, სხვა შემთხვევაში განქორწინების შემთხვევაში ჯანეტი ვერაფერს მიიღებდა. ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ თუ გაეყრებოდა ქმარს - 100 მლნ დოლარი ერგებოდა. ხოლო თუ შვილებსაც გააჩენდა - კიდევ 100 მლნ დოლარი.
ჯანეტი 50 წლის ასაკში დაორსულდა და 2017 წელს შვილი გააჩინა. იმავე წელს, ზუსტად ხუთი წლის თავზე ქორწინებიდან, ჯანეტი ქმარს გაეყარა და დაპირებული 200 მლნ დოლარიც მიიღო.
რატომ გაეყარა? ამბობენ, რომ ჯანეტი ოქროს გალიაში ცხოვრობდა. კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, არ ჰქონდა უფლება ახლობლებთან ურთიერთობის და ქმრის შეურაცხყოფებსაც იტანდა. გარდა ამისა, ქმარი მისგან ითხოვდა ისლამის მიღებას, მის გამო ბურკების ტარებაც დაიწყო, ყოფილ გარემოცვას გაურბოდა და სცენასაც დაშორდა, რა თქმა უნდა. წონაშიც მკვეთრად მოიმატა, მით უმეტეს, ორსულობის დროს, როცა წოლითი რეჟიმი გამოუწერეს და მთელ დღეებს დივანზე მწლოლიარე ატარებდა.
ჯანეტი მალე მიხვდა, რომ საკუთარ თავს კარგავდა და ხუთი წელი გაძლო, მერე კი განქორწინება მოითხოვა.
ახლა შვილთან ერთად ცხოვრობს, ძველ წონას იბრუნებს და უკვე 2018 წლიდან კარიერაშიც გააქტიურდა.