პედიატრი, თსსუ პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" პარვოვირუსული ინფექციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, როგორ უნდა მართონ მშობლებმა სახლის პირობებში გამონაყრით მიმდინარე დაავადებები:
-ბავშვებში ძალიან მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა. გართულებები კი იშვიათად გვხვდება. თუმცა, ძირითადად, ტემპერატურული რეაქციითა და სახეზე გამონაყარით ვლინდება. გარდა სახისა, გამონაყარი ტანზეც ჩნდება. განსაკუთრებით, ტემპერატურის დროს. ეს არის ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც წითელას წააგავს. თუმცა, განსხვავება ის არის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, სიცხე რომ გაივლის, გამონაყარი შეიძლება გაქრეს, ან მინელდეს და შემდგომ უკვე თავიდან გამოჩნდეს. ოჯახის პირობებში, მდგომარეობა სიმპტომურად უნდა ვმართოთ. თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა აიწევს, გამოვიყენოთ სიცხის დამწევი საშუალება. გამონაყარს არაფერი სჭირდება. ეს არ არის გამონაყარი, რომელიც ალერგიის ფონზე ჩნდება. არც რაიმე განსაკუთრებული დისკომფორტი ახასიათებს. უბრალოდ, ვიზუალურად რომ შევხედოთ, ზედმეტად გაწითლებული ადგილებია. ძირითადად, 4-5 დღის განმავლობაში გვხვდება. შემდგომ ეს გამონაყარი ნელ-ნელა ალაგდება და გაივლის.
დაავადებას უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ ყველაფერი ბავშვის ორგანიზმზეა დამოკიდებული. თუ იქ რაიმე სუსტი წერტილია, შესაძლებელია, ვირუსმა დააზიანოს. ამიტომ, დედამ უნდა იცოდეს, რომ თუ მაღალი ცხელება 3 დღეზე მეტხანს გრძელდება, ან ცხელებათა შორის ინტერვალი შემცირდა და ვერ აკონტროლებს სიცხის დამწევით, ან ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა, სითხეს, საკვებს ვერ იღებს, ღებინება აღენიშნება ან რაიმე უჩვეულო სიმპტომი აქვს, რა თქმა უნდა, ექიმთან კონტაქტი აუცილებელია.
პარვოვირუსული ინფექცია ორსულებისათვის საყურადღებოდ ითვლება. ისევე, როგორც ჰერპესს, ციტომეგალოვირუსს შეუძლია, ნაყოფი დააზიანოს და შემდგომი პრობლემები გამოიწვიოს. ზუსტად ასევე შეიძლება პარვოვირუსმაც იმოქმედოს. ეს ვირუსი სისხლის წითელი უჯრედების დაშლასთან არის ხოლმე დაკავშირებული და ანემია ვითარდება. ამას კი, თავის მხრივ, სხვა პრობლემები მოჰყვება.