ივნისში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:
"დასავლეთ საქართველოში ივნისის თვეში ჰაერის ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. ნალექები კი კლიმატურ ნორმაზე მეტი და მასთან ახლოს. აღმოსავლეთ საქართველოშიც თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია ნავარაუდევი, ნალექები მეტი და მასთან ახლოს. ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურამ შეიძლება +38 გრადუსამდე მოიმატეს, მთაში +35, მაღალ მთაში +31 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ +38 გრადუსამდე გაიზარდოს, მთაში +34, მაღალ მთაში კი +30 გრადუსამდე." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
ასევე, შევამოწმეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიც, სადაც ზაფხულის ზოგადი პროგნოზიცაა გამოქვეყნებული:
"სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-31) საქართველოს ტერიტორიისთვის 2024 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი მომზადდა, რომელიც დინამიური და სტატისტიკური მოდელირების შედეგებს და ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების ურთიერთკავშირებს ეფუძნება.
პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ზაფხულის სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +39, +42, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს. სეზონის ცალკეულ პერიოდებში, შესაძლებელია, ასევე, ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდი - თბურ ტალღები, გვალვა ან ძლიერი ნალექები აღინიშნოს." - წერია გაცხადებაში.
თამარ იაკობაშვილი