ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად:
- თუ ხორციან კერძს მივირთმევთ, უმჯობესია, პური აღარ გამოვიყენოთ. პურის ნაცვლად ბურღულეული, მაგალითად, ბრინჯი, წიწიბურა მივირთვათ. ასევე, პური და მაკარონი ერთად არ მივირთვათ, არც ხორცისა და კარტოფილის კომბინაციაა რეკომენდებული. თუ მაკარონი, პური გვინდა, უმჯობესია, ბოსტნეულის კერძთან ერთად მივიღოთ.
ენდოკრინოლოგი ასევე განმარტავს, დღის განმავლობაში როდის ჯობს ტკბილეული მივიღოთ და ამავდროულად, რეკომენდაციით განსაკუთრებით იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს:
- ყველაზე იდეალური ვარიანტია, ტკბილეული რაციონში ხილის სახით ჩავრთოთ. მაგრამ, ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეიძლება, ნაყინიც მოგვინდეს, შოკოლადიც, ნამცხვარიც... თუ პაციენტი ყოველდღიურად სწორად იკვებება, ექიმის რეკომენდაციებს 80%-ით ასრულებს, 20%-ს დიაბეტი "აპატიებს“. ტკბილეული აუცილებლად დილის საათებში უნდა მიიღოთ და არა საღამოს საათებში. ხილის ნაცვლად, ადამიანს, შეუძლია, მიირთვას ნაყინი, შავი შოკოლადი. უმჯობესია, გაზიანი სასმელები არ მივიღოთ. თუ ტკბილეულის მირთმევა გსურთ, ეს საკვებს მიყოლებული არ უნდა იყოს. უნდა იყოს ცალკე კვება. საუზმიდან 2 საათში, 11-დან 12 საათამდე შეგიძლიათ, მიირთვათ. იდეალური იქნება, თუ ტკბილის მიღებას ფიზიკური აქტივობა მოჰყვება. ფიზიკური აქტივობით ინსულინს დავეხმარებით, რომ კუნთებმა, ცხიმოვანმა ქსოვილმა შაქარი უფრო სწრაფად შთანთქოს.
სპეციალისტი ასახელებს იმ პროდუქტებსაც, რომელთა შედარებით დიდი რაოდენობით მირთმევა ორგანიზმისათვის საზიანო არ იქნება:
- სოკო, მწვანილი, სალათის ფურცლები, კიტრი, უცხიმო რძის ნაწარმი, ნაკლებმარილიანი ყველი, ბარდა, მწვანე ლობიო, კვერცხი, უცხიმო ქათმის ხორცი, უცხიმო თევზი - ამ პროდუქტების მეტი რაოდენით მიღება დასაშვებია.
იხილეთ გადაცემა სრულად: