ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორიმარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ უნდა ვიკვებოთ არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ამ პრობლემასაც ვებრძოლოთ და თირკმლის ჯანმრთელობაც დავიცვათ.
- თუ ჩვენ არტერიულ ჰიპერტენზიას ვმართავთ, ამით ავტომატურად გულს, თავის ტვინს, თირკმელსა და ნებისმიერ სხვა ორგანოს დავიცავთ. თირკმლის დასაცავად კვების ის მოდელი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლადაა ჩაფიქრებული. არსებობს კვების მოდელი, რომელიც თირკმელს დაიცავს. რასაკვირველია, ამ მოდელში ყველა ის პროდუქტია გათვალისწინებული, რომლებსაც ბალანსირებისას, წონასწორობის შენარჩუნებისას ვიყენებთ. სულ 5 საფეხური უნდა გავითვალისწინოთ.
პირველი საფეხური მარილი და ნატრიუმია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური, რომელსაც ყველა სამედიცინო სკოლა განიხილავს, როგორც მთავარ ინსტრუმენტს თირკმლის ჯანმრთელობის მართვისას. განსაკუთრებით მაშინ, როცა თირკმელს უკვე დადასტურებული პრობლემა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სუფრის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის შემცველობას გულისხმობს, ნატრიუმის შესახებ ინფორმაციას ცალკე გამოვყოფთ. კვების რაციონში არა უბრალოდ სუფრის მარილის გადათვლა გვჭირდება, არამედ, საკუთრივ, ნატრიუმის შემცველობის გადათვლაც იმისათვის, რომ თირკმელი დავიცვათ. თუ ჯანმრთელი ადამიანისათვის 5-6 გრამი, ანუ 1 ჩაის კოვზი მარილი, 2300 მილიგრამი ნატრიუმი დღიურად დასაშვებია, როგორც მზა სახით, ასევე კერძების მომზადებისას გამოყენებული,თირკმლის პათოლოგიის დროს ამავეს ვერ ვიტყვით. გვჭირდება მარილის რაოდენობრივად შემცირება და სულ ცოტა ნატრიუმის 1500-1200 მილიგრამამდე შემცირებაც. ეს უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციაა.
მეორე საფეხური ცილოვანი კომპონენტის შერჩევას გულისხმობს. როგორც წესი, თირკმლის დაავადების დროს ცილა უნდა გაკონტროლდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, თირკმლის პათოლოგიის დროს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე გადაწყვეტს ხოლმე, რომ ცილოვანი კომპონენტების მიღება მთლიანად შეწყვიტოს, რაც არასწორია. ასეთ დროს ცილის რაოდენობის კონტროლი გვჭირდება, მაგრამ უპირატესობა სრულფასოვან ცილას უნდა მივანიჭოთ. მარტო რაოდენობის დათვლა კი არა, ხარისხის შეფასებაც გვჭირდება. შეიძლება, გამოვიყენოთ, წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, მცენარეული ცილის წყაროდ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა სახის თხილეული, პარკოსნები, მარცვლეულ-ბურღულეული. ასევე, ისპანახის ტიპის მცენარეული პროდუქტები, რომლებიც მცენარეული ცილით მდიდარია. ამ პროდუქტების ურთიერთშეხამება ყველა საჭირო ამინომჟავით ადეკვატურად შევსებაში გვეხმარება.
მესამე საფეხურს გულის დამზოგავი კვება ჰქვია. თუ ვიყენებთ საკვებს, რომელიც გულს ზოგავს, მაშინ ავტომატურად მივირთმევთ საკვებს, რომელიც დაზოგავს თირკმელსაც. აქ ალკოჰოლის რაციონალური მოხმარება, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების რაციონალური მოხმარება, ცხიმის ოპტიმალური მოხმარება, პროცესირებული საკვების კონტროლი და ტრანსცხიმების შეზღუდვა იგულისხმება.
მეოთხე საფეხურზე ისეთი პროდუქტები უნდა გავითვალისწინოთ, რომელშიც ფოსფორია. ფოსფორი ბუნებრივადაა წითელ ხორცში, ლობიოში, რძის ნაწარმში, მუქი ფერის უალკოჰოლო გაზიან სასმელებში. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თირკმლის პათოლოგია უკვე დადგენილი აქვს, აუცილებლად სჭირდება არა მარტო ხორცის, ყველის და მსგავსი პროდუქტების გადათვლა, არამედ აუცილებლად სჭირდებათ რძის ნაწარმის კონტროლიც, პარკოსნების კონტროლიც და ტკბილი გაზიანი სასმელების კონტროლიც.
მეხუთე საფეხური კალიუმის კონტროლი გახლავთ. როდესაც კალიუმის შემადგენელ პროდუქტებს ყოველდღიურ რაციონში ვიყენებთ, ეს მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ბანანი კალიუმით მდიდარი პროდუქტია. ასევე, კარტოფილი. ყველა მწვანეფოთლოვანი, მიწასთან ახლოს მზარდი მცენარე კალიუმით მდიდარია. მაგრამ, მათ ასე თამამად ვერ გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც თირკმლის პათოლოგიაზე ვსაუბრობთ. კალიუმის კონტროლი ძალიან მკაცრად გვჭირდება.
კიდევ რამდენიმე კომპონენტს დავამატებ. გაგახსენებთ უნივერსალურ რეკომენდაციას, რომელიც წყლის ბალანსს ეხება. თირკმლის დაავადებების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თირკმლის პათოლოგიებისაგან თავდაცვა სითხის ადეკვატური მოხმარებით შეიძლება. მაგალითად, თირკმელში კენჭების წარმოქმნა შეიძლება, სითხის სწორი მოხმარებით თავიდან ავიცილოთ. ამავე დროს, თირკმლის დაავადებების დროს წყლის კონტროლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ორგანიზმის წონასწორობაში მყოფი მიკრობიომი და მიკრობიოტა თირკმლის ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფს. ცხიმების სწორად შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ზეთისხილის გამოყენება, ყურძნის წიპწის ზეთი, გოგრის ზეთი, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთი, სელის ზეთი, ნიგვზის ზეთი - ყველა ეს კომპონენტი ჩვენი ჯანმრთელობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.