საქართველოს 5 საჯარო სკოლაში "იმუნური პატრულის" საპილოტე პროგრამა განხორციელდა. "იმუნური პატრული" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი, თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამაა ინფექციური დაავადებების, იმუნური სისტემისა და ვაქცინების შესახებ. ეს პროგრამა მოზარდებს ეხმარება, სახალისო გზით შეისწავლონ, როგორ ვრცელდება დაავადებები, მიიღონ ინფორმაცია ვაქცინაციასა და ვაქცინების როლზე, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. იგი ბავშვებს კრიტიკული აზროვნების უნარს უვითარებს და სანდო ინფორმაციის მოძიებასა და ამოცნობაში ეხმარება.
თამაში უკვე რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა და ახლა, ევროკავშირისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ხუთ სკოლაშიც წარმატებით ხორციელდება.
პროექტის პირველადი შედეგები თბილისის სამმა და რეგიონების ორმა სკოლამ უკვე წარადგინა. მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის კუთხით, ამ რესურსების გამოყენება განსაკუთრებით საინტერესო იყო. ბავშვებმა სხვადასხვა სახალისო გაკვეთილით, ვიდეო რესურსითა და თამაშით შეძლეს, გაეგოთ, როგორ ვრცელდება ინფექციები, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და როგორ იცავს იმუნიზაცია არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ მთლიანად საზოგადოებას. მოსწავლეები აღნიშნავენ იმასაც, რომ შეძლეს, არა მარტო საკუთარი თანატოლების, არამედ უფროსების, ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა აღნიშნავს, რომ "იმუნური პატრული" მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს. მათ ინფორმაცია გადაჭრით, მტკიცებითი ფორმით კი არ მიეწოდებათ, არამედ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა მოსაზრებას, სანდო წყაროებს და შემდგომში გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ.
"სკოლებისთვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი უკვე დიდი ხანია, დანიაში აპრობირებული მეთოდია. ეს მოდული კი ამ ქვეყანაში იმუნიზაციის, იმუნური სისტემის, ვაქცინების შესახებ შეიქმნა. გამოიცადა დანიაში და უკრაინაში და კიდევ უფრო მასშტაბურად უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, პანდემიის გამო შეფერხდა. როგორც კი ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, იდეა განახლდა. განსაკუთრებით იმიტომ განახლდა, რომ პანდემიამ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა, მოსახლეობას გაცნობიერებული ჰქონდეს, თუ რაში ეხმარება მათ იმუნიზაცია და ვაქცინაცია. შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის კამპანიაში ანტივაქსერებმა ბევრ ქვეყანაში გვაჯობეს. თუმცა, ეს მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობით არ აიხსნება. პანდემიას ბევრი ტალღა ჰქონდა და მეცნიერებისთვისაც არაერთ შეკითხვას ბადებდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ანტივაქსერებმა დიდი როლი ითამაშეს. პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა ოფისმა გადაწყვიტა, რომ ახალ თაობაში ინვესტირებას, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებასა და ამ მიმართულებით განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ასაკობრივი ჯგუფი, რომლისთვისაც "იმუნური პატრული" შეიქმნა, თითქმის, ყველა ვაქცინაზე სკოლაში შესვლამდეა აცრილი, თუ ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინას არ ჩავთვლით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. მაგრამ, ჩვენ ახალგაზრდებს ამ ცოდნას ვაძლევთ იმისთვის, რომ გათვითცნობიერებული თაობა გაიზარდოს. იმედია, გლობალური პანდემია აღარ იქნება. მაგრამ, ნებისმიერი ეპიდაფეთქებისა და საზოგადოების იმუნიტეტისათვის, კოლექტიური იმუნიტეტისთვის განათლებული თაობა, ამ საკითხებში გაცნობიერებული ადამიანები, შექმნიან ბაზას, რომ აღარ დაგვემართება მსგავსი შეცდომები, რაც პანდემიის დროს იყო.
პირველადი შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ვგეგმავდით და გვინდოდა იმ მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლებიც პროექტში ჩაერთნენ. მათი ემოციების მოსმენა ნამდვილად სასიამოვნო იყო. თამაშზე დაფუძნებული სწავლების პრაქტიკა ნამდვილად სასარგებლოა. ვიდრე პროექტის პილოტირებას საქართველოში დავიწყებდით, სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მაგალითზე ვიცოდით, თამაშზე დაფუძნებულ მეთოდს დიდი ეფექტი აქვს. განათლების სამინისტროსთან საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივიდა. ჩვენთვის პირველი თანამშრომლობა იყო და პირველი ეტაპი წარმატებით შედგა. პროექტის განხორციელებამ ბევრი დამატებითი იდეა დაბადა და მოამზადა ნიადაგი, რომ სხვა სკოლის წარმომადგენლებიც ჩავრთოთ, გავუზიაროთ რესურსები, ცოდნა, გამოცდილება, ვაჩვენოთ სარგებელი და საჭიროება", - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ტექნიკური სპეციალისტი, დავით რამინაშვილი.
საბოლოო ჯამში, განათლებული, ინფორმირებული საზოგადოება სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლას ბევრად მარტივად შეძლებს და გართულებებს თავიდან აიცილებს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველა მიმართულებით შემცირდა. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ეს არაერთ პრობლემას შექმნის და გაზრდის იმ ინფექციებით ადამიანების ავადობის მაჩვენებელს, რომელსაც ვაქცინა ეფექტურად ებრძვის.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე გვიზიარებს სტატისტიკას, თუ რომელ დაავადებებთან ბრძოლა შეიძლება ვაქცინით ეფექტურად:
ვაქცინაციით მაღალი მოცვისას არსებობს კოლექტიური სოციალური სარგებელი. რაც უფრო მეტია იმუნიზებული ადამიანების წილი, მით უკეთესად არის დაცული მოსახლეობა, რადგან დაავადების გადაცემა შეიძლება შემცირდეს ან შეწყდეს. პოპულაციური იმუნიტეტი არის საზოგადოების დაცვა, რომელიც მოსახლეობის მაღალი პროცენტით ვაქცინაციის დროს იქმნება, რაც ინფექციური დაავადების გავრცელების ალბათობას ამცირებს.
თამარ იაკობაშვილი