ზოგიერთმა კუდაბზიკა ახლობელმა თუ ნათესავმა დამძრახა, რატომ წერ ასეთ რამეს ინტერვიუში, უხერხულიაო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა 4 შვილის დედაა. სამი შვილი ისე გააჩინა, არც დაფიქრებულა, აი, მეოთხე კი ნამდვილად სასწაულებრივად მოევლინა ქვყანას. ნინოს მეუღლე რეჟისორი გოგა ქაჩიბაია გახლავთ. წყვილმა შვილები 2 წლამდე დამოუკიდებლად გაზარდა, ორივე მუშაობდა, მაგრამ ერთმანეთს ხელს ისე უწყობდნენ, რომ კარიერისა და ოჯახის შეთავსება, მრავალშვილიანი მშობლებისთვისაც კი შესაძლებელი ყოფილიყო.
- ნინო, რა ასაკში გახდით დედა და როგორ ფიქრობთ, მზად იყავით ამისთვის?
- 20 წელი არც ისე პატარა ასაკია დედობისთვის, 30 დეკემბერს გავაჩინე შვილი - ნიკოლოზი, 10 იანვარს კი 21 წლის გავხდი, ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო ღვთისგან. ეტყობა, დედობრივი ინსტინქტი თავიდნავე განვითარებული მქონდა, ბავშვები პატარაობიდნავე ძალიან მიყვარდა. მე დედისერთა არ ვარ, მყავს ნახევარძმა მამის მხრიდან, რომელთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იმის დანაკლისი სულ მქონდა, რომ და-ძმები ერთად არ ვიზრდებოდით, ყოველთვის მენატრებოდა პატარა ბავშვები. 20 წლის გავთხოვდი, სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ერთი წუთით არ მიფიქრია იმაზე, რომ შვილის გაჩენა ადრე იყო, დავფეხმძიმდი და გავაჩინე, ავიღე ერთწლიანი აკადემიური, ის დრო გავატარე ბავშვთან, მერე დავბრუნდი ისევ მეორე კურსზე, პარალელურად ვმუშაობდი, მეხმარებოდა დედა, ძალიან რომ არ გადაღლილიყო, მყავდა დამხმარე ძიძაც და მეც ყველა თავისუფალ წუთს ბავშვთან ვატარებდი. ცოტა რომ წამოიზარდა, ყველგან დავდიოდით ერთად და სხვათა შორის, ჩემს შვილს ის პერიოდი ყველაზე ბედნიერ წლებად მიაჩნია. მაშინ ახალი გახსნილი იყო თეატრალური სარდაფი, სადაც დროის დიდ ნაწილს ჩემთან ერთად ატარებდა, არც ერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია და სწორედ მაშინ მოიწამლა თეატრის სიყვარულით. ნიკოლოზი პირველი ქორწინებიდან მყავს, ახლა უკვე 20 წლისაა, ჯარი მოიხადა და მსახიობობაზე ოცნებობს. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში, თუ პატრონი არ გყავს ან იღბალი არ გაქვს, ძნელია ამ პროფესიით "გაქაჩო". ვთხოვ, რომ უცხო ენებზე გააკეთოს აქცენტი და საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად, თუნდაც პოლონეთის ჰოლივუდის სკოლაში, სადაც ორწლიანი სწავლებაა, მაგრამ სანდო წყაროებიდნ გავიგე, რომ შესაძლოა 2016 წელს ამავე სკოლის ფილიალი ჩვენთან გაიხსნას და თუ ასე მოხდა, რასაკვირველია, მირჩევნია აქ ისწავლოს. ყველაფერი უფლის ნებაა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- მეორე შვილი რამდენ ხანში გააჩინეთ?
- 11-წლიანი შესვენების შემდეგ. მეორე ოჯახი 30 წლის ასაკში შევქმენი და სამი შვილი გავაჩინე, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სიყვარულით სავსე ოჯახი გვაქვს.
- მართალია, თქვით, რომ ბავშვები ყოველთვის გიყვარდათ, წინასწარ ფიქრობიდთ, რომ ოთხ შვილს გააჩენდით, თუ უბრალოდ ასე მოხდა.
- მესამე შვილის გაჩენაზე ნამდვილად არ დავფიქრებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მილიონი საშუალება არსებობს, მინდოდა და გავაჩინე. ძალიან გაჭირვებული პერიოდები გვქონდა და ეს არავის უკვირს, დღესაც არ ულხინს ხალხს, მაგრამ ვცხოვრობ ასეთი დევიზით: სხვა ხომ ჩემზე უარესადაა, სხვა ხომ ზრდის ჩემზე მეტ გაჭირვებაში ჩემზე ბევრ შვილს?! თუ უფალი დაუშვებს იმას, რომ შვილი უნდა გაგიჩნდეს, მის ლუკმასაც გამოგიგზვანის. რატომღაც ასეთი იმედით და რწმენით ვარ ხოლმე. ამის მიუხედავად, მეოთხე შვილის გაჩენა ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი, თან მარტო ჭამა და ჩაცმა-დახურვა ხომ არაა? უნდა მისცე კარგი განათლება, ატარო წრეებზე, დააბინავო და ა.შ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ მეოთხე ორსულობა ჩემთვის იყო შოკი და გასაოცარი. მესამე შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე და გადავიკეტე ორივე მილი, რაც იყო აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ მეოთხედ აღარ დავრჩებოდი. ზუსტად ერთი წლის რომ გახდა ანდრია, შემდეგ სასწაულებრივად დავრჩი ორსულად. ჩაჩავას კლინიკა ფეხზე დადგა, ამბობდნენ, 15 წელია ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვქონია, რომ მილებგადაკეტილი ადამიანი დაფეხმძიმებულიყოსო. რეალურად მქონდა გადაკეტილი მილები, არავის მოვუტყუებივარ, მაგრამ მივხვდი ერთ რამეს - 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მამა, მსახიობი გია ლეჟავა გარდამეცვალა, წავიდა გია, მაგრამ 6 მაისს, გიორგობას გაჩნდა ჩემი მეოთხე შვილი – გიორგი, როგორც ჩანს, ეს იყო ჩანაცვლება, უნდა დაბადებულიყო და ასე სასწაულებრივად დაიბადა გიორგი.
- 4 ბიჭის გაზრდა მარტივი არაა, როგორი მეთოდები გაქვთ?
- ოთხივეს სხვადასხვა ენაზე უნდა დალაპარაკება, მაგრამ ოთხივეს ერთნაირად ვზრდი, ერთსა და იმავე ლექციას ვუტარებ ამა თუ იმ საკითხზე. ყველას თავისი ხასიათი აქვს, ზოგი მეტად ჯიუტია, ზოგი – ნაკლებად ამყოლი და ა.შ. ჩემთვის ცემა მეთოდი არ არის, ყველანაირი ძალისხმევის გამოყენებით ვცდილობ, ავუხსნა, ვთხოვო, თბილი და ტკბილი სიტყვით მივაღწიო მიზანს, ვიდრე ბრძანებით, დამონებით და ჩაგვრით. მაგრამ როცა ვერაფერს აგებინებ, ტონის აწევა და უკანალზე პატარაზე მოცხება შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ იგრძნოს, მე უფროსი ვარ და უნდა დაემორჩილოს რაღაც კანონებს, მაგრამ ესეც იშვიათად. რასაც ძალადობა ჰქვია, სახეში გალაწუნება, ქუჩაში რტყმა, საშინლად მაღიზიანებს და ჩემთვის მიუღებელია. ბავშვს ჩვილობიდან მოყოლებული უნდა ჩააგონოს ყველა მშობელმა, რომ ის პიროვნებაა, არავის აქვს უფლება, მას შეურაცხყოფა მიაყენოს, ბავშვს უნდა მიუდგე მისი ასაკის შესაბამისად და უნდა უნდა ელაპარაკო მისთვის გასაგებ ენაზე. მე ამ მეთოდით მოვიგე უფროს ვაჟთან, მისი მეგობრები მთვლიან მეგობრად და არა ძმაკაცის დედად, მეკითხებიან რჩევებს თუნდაც პირად საკითხებზე, ქუჩის ამბებზე და ა.შ. ჩემს შვილს არასდროს უგრძნია თავი შეურაცხყოფილად იმით, რომ ვამოწმებ, ამას ისე ვახერხებ, რომ ვერასდროს ვერ გრძნობს და ვერ ხვდება. ბავშვობიდან მოყოლებული, არც ერთ ასაკში არ დავპირდები ბავშვს იმას, რასც ვერ შევუსრულებ და თუ ვიტყვი, რაც არ უნდა მოხდეს, იმას გავაკეთებ. ვერ ვიტან ტყუილს, ყველაფერს გავიგებ, ტყუილის გარდა. ჩემმა შვილებმა იციან, თუ ერთხელ მაინც გამოვიჭირე ტყუილში, ეს ჩვენს ურთიერთობაზე და მათ შემდეგ ცხოვრებაზე იქონიებს ძალიან დიდ გავლენას. შეიძლება, ერთ ჭერქვეშ ვიცხოვროთ, მაგრამ ის მიხვდება, რომ მე მისთვის კედელი გავხდი. მე შეიძლება შვილი სიგიჟემდე მიყვარდეს, ხორცები დავიჭამო, ისე მინდოდეს მასთან ჩახუტება, მოფერება, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ჩემს მისკენ მობრუნებას. ტყუილსაც გააჩნია, შეიძლება საერთოდ არ ვაპატიო, ჩავაბარგო და გავუშვა. ვთვლი, რომ არ ვიმსახურებ მოტყუებას, მეც და მამამისიც ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომ მათ მივცეთ ის, რაც საჭიროა. ბაჩო შვილებზე გადამკვდარი, იშვიათი მამაა და არც ერთს არ ვაპატიებ, რომ მას გული ატკინონ. 3 წლის ბავშვს ეს შეიძლება ფსიქოლოგიურად გათვითცნობიერებული არ აქვს, მაგრამ იცის, რომ რაც ყველაზე მეტად უყვარს, ის მოაკლდება, თუ ცუდად მოიქცევა. საბოლოო ჯამში შვილებთან ურთიერთობის მეთოდი უნდა იყოს მეგობრული მიდგომა, მოსმენა, ურთიერთგაგება და მართალი სიტყვა. ტყუილს არ უნდა მიაჩვიონ და არ უნდა დაპირდნენ ბავშვს იმას, რასაც ვერ გააკეთებენ.
- ტექნიკური მიღწევების სამყაროში კარგად სწავლისა და კითხვის საკითხს როგორ აგვარებთ?
- ეს მასობრივი პრობლემაა, მაგრამ არა მოუგვარებელი. ჩემს მეორე შვილს ძალიან უყვარს მულტფილმები, ამიტომ თავიდან კითხვა იმ წიგნად ქცეული მულტფილმებით დავიწყეთ, რომელიც უკვე ნანახი ჰქონდა და დაინტერესდა, მერე და მერე კი სხვა რაღაცებზე გადართვაც უფრო მარტივია. იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებული ვარ და ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, ძნელია დავჯდე და ვუკითხო შვილებს, მაგრამ თუნდაც ზაფხულში, შვებულების დროს ვცდილობ, დავიწყო ხმამაღლა კითხვა და მერე რომელიმეს ვთხოვო, დე, დავიღალე და მოდი, ახლა შენ გააგრძელე-თქო. როცა ის კითხულობს, ვინც კითხვა იცის, ვცდილობ, "ვაიძულო" ისეთი გაფორმებით წაიკითხოს, როგორც ამას მე ვაკეთებ, რათა პატარებიც დაინტერესდნენ, ვუხსნი ყველა იმ სიტყვას, რაც მისი ასაკისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, ასე, ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ ბავშვი კითხვას. თუმცა, თუ მასში არ დევს წიგნის სიყვარული, ვერანაირი ძალდატანებით ამას ვერ გააკეთებთ, რასაც დააძალებთ, ის მეტად შეზიზღდებათ, ამიტომ საოცარი ოქროს შუალედის მოძებნაა საჭირო. სწავლაზეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს, არ გინდა? ნუ იმეცადინებ, მაგრამ ჩემთან ორიანი არ მოვიდეს, თორემ მოგაკლდება ის, რაც ძალიან გიყვარს. ვეუბნები, როგორც გინდა ისე გადაანაწილე დრო, ითამაშე კიდეც და ისწავლე, თუ ვერ ასწრებ, კეთილი ინებე და მთელი დრო სწავლას მოახმარე, რომ შემდგომ "კენწეროში გაგიტკბილდეს". ვუხსნი, ხალხს 3 დილომი აქვს და უმუშევარია მაინც, და შენ, რომელიც ელემენტარულსაც კი არ სწავლობ, ხვდები, რა მომავალი გექნება?! დღეს, როცა დასუფთავების სამსახურში მოსაწყობადაც კი ნაცნობობა გჭირდება, არ შეიძლება უსწავლელი დარჩე, რადგან შენ შენი ნიჭითა და სწავლით უნდა გახვიდე ფონს.
არავის არ უნდა ეთაკილებოდეს არანაირი სამუშაო, რომელიც შემოსავლის წყაროს მოიტანს. ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ მე ზუსტად მაშინ, როცა ჩემი პირველი ფილმი "თბილისი ჩემი სახლია" გამოვიდა, რაშიც "ოქროს არწივი" ავიღე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის და ეს იყო ჩემი სავიზიტო ბარათი, სწორედ მაშინ პარალელურად ბარმენ-მიმტანად ვმუშაობდი, რომ ჩემი შვილისთვის არაფერი მომეკლო. მაშინ მე თეატრში 32 ლარი მქონდა. იმ პერიოდში ეს რომ ინტერვიუში ვთქვი, ზოგიერთმა კუდაბზიკა ახლობელმა თუ ნათესავმა დამძრახა, რატომ წერ ასეთ რამეს ინტერვიუში, უხერხულიაო. ვისაც ჩემთან მეგობრობა, ნათესავობა რცხვენია, ნუ იმეგობრებს-მეთქი, ეს იყო ჩემი პასუხი. მე ამაყი ვარ, რომ მყავს ძალიან კარგი მეგობრები და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა, მათ ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ და არ აინტერესებთ ჩემი შემოსავალი, რომელიც ერთ დღეს შეიძლება ძალიან ცოტა იყოს, მაგრამ მეორე დღეს გაიზარდოს. ცხოვრება ასეთია, აღმართს დაღმართი მოჰყვება და პირიქით.
- ხართ მრავალშვილიანი დედა, გაქვთ ოჯახი და კარიერა, როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ოჯახს?
- მე და ჩემმა მეუღლემ ორ წლამდე სამივე შვილი ჩვენ თვითონ გავზარდეთ, თუ რამე ძალიან სასწაული ხდებოდა, იმ შემთხვევაში რამდენიმე საათით შეიძლება გაგვეშვა ბებოსთან, თორე სხვა მხრივ, ყველაზე რთული პერიოდი, 2 წლამდე, ბავშვებთან გავატარეთ. ვთვლი, რომ შვილი უნდა გაზარდონ მშობლებმა და ბებიებმა მიიღონ მონაწილეობა. პარასკეობით ბებოსთან, ჩემი ქმრის დედასთან მიგვყავს და ბავშვებსაც ძალიან უხარიათ, წასასვლელი რომ აქვთ. მე, სამწუხაროდ, დედაც გარდაცვლილი მყავს და მამაც. ჩემმა შვილებმა გადამატანინეს ეს ტრაგედია, პატარები რომ არ მყოლოდნენ, შეიძლება მძიმედ გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან.
ბავშვების გამო ყველაზე მძიმე სიტუაცია გვაქვს მაშინ, როცა მე დაკავებული ვარ ჩემი მეუღლის სპექტაკლშ., ახლა ორ სპექტაკლზე მუშაობს და სწორედ იმ მიზეზით ვთქვი უარი, რომ ჩემი რეჟიმით ხელი არ შევუშალო, მირჩევნია, მან გაიკვალოს გზა თავის საქმეში, მეტი თქვას, მე კი მაქვს ჩემი საქმე და აწყობილი რეჟიმი, ამიტომ ამჯერად ასე ყოფნა ვარჩიეთ. როცა ჩემი სპექტაკლები საღამოობით ინიშნება, ჩემი მეუღლე იტოვებს ბავშვებს, მეც ყველანაირად ხელს ვუწყობ და ასე შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ოჯახს რომ ქმნი და იცი, ვის მიყვები, ვინ მოგყავს, უნდა გაითავისო მისი ყველაფერი, ცხოვრების წესი, ფინანსური მდგომარეობა, ხასიათი და ა.შ., რათა შემდეგი პრეტენზიები და უკმაყოფილება თავიდან აირიდო. მე ხომ ვიცი რისი საშუალება აქვს ჩემს ქმარს, როგორ უნდა ვთხოვო მილიონები, ან რაში უნდა დავადანაშაულო? ჩემზე კარგად ვინ იცის, დღეს რამდენად "ფასდება" ხელოვანი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში?! აქედან გამომდინარე, ყოველი დღის მადლობლები უნდა ვიყოთ, ერთი ნაჭერი პურიც თუ გვაქვს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცაზე უკეთ ვართ და კმაყოფილები ვიყოთ. რომ ვიღვიძებ და ჭერი მახურავს თავზე, როგორ არ ვუთხრა უფალს მადლობა, როცა ვიღაც უსახლკაროდაა, ვიღაცის შვილი ფეხშიშველი დადის, როცა ჩემსას აცვია. ეს ყველაფერი მე ცხოვრებას კი არ მიუმჯობესებს, მაძლიერებს და იმედსა და სტიმულს მაძლევს, რომ ყველაფერი დავძლიო და ცხოვრების ჯიბრზე კარგად ვიცხოვრო.
ციცი ომანიძე