საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის მშობლებმა მის ბავშვობასა და ცხოვრების წესზე ნოდარ მელაძის შაბათის შოუში ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, დედა გიორგის ფეხბურთელოს მომხრე არ იყო და მისთვსი კარგი განათლების მიცემა უნდოდა. მამა კი პირიქით, მხარს უჭერდა შვილის საფეხბურთო მომავალს.
„არ მინდოდა, რომ ფეხბურთელი ყოფილიყო. ვეხვეწებოდი, ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე, ხომ შეგიძლია, მეთქი. ერთხელაც მომიბრუნდა და თავისი დინჯი ხმით მითხრა, დედა, ფეხბურთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო... რაღა უნდა მეთქვა“ - იხსენებს გიორგის დედა, თამუნა ბლიაძე.
„მეკარის მშობლობა ძლიან ძნელია. თავდამსხმელმა ათი შეცდომაც რომ დაუშვას, ერთ გოლს გაიტანს და ხალხს აბედნიერებს, მეკარემ კი, რაც არ უნდა მაგარი ბურთები აიღის, ერთი შეცდომის უფლებაც არ აქვს.“ - ამბობს მამა დავით მამარდაშვილი.
როგორც აღმოჩნდა, გიორგი ძალიან მკაცრად იცავს დღის რეჟიმს. ღამის ათი საათის შემდეგ მასთან დარეკვა და მისი გაღვიძება ოჯახს აკრძალული აქვს.
„როცა მასთან ვალენსიაში ვიყავით, წონის პრობლემა ჰქონდა. საჭმელს არ ვჭამდით სახლში, რომ სუნი არ ყოფილიყო, გვეცოდებოდა, რადგან თითქმის არაფერს ჭამდა. 180 გრამ საკვებზე იყო. იქ რომ ვართ. ფეხის წვერებზე დავდივართ, არ უნდა გავაღვიძოთ, ძილი და რეჟიმი არ უნდა დაერღვეს. ტელევიზორსაც ძალიან დაბალ ხმაზე ვუსმენთ“ - ამბობენ მშობლები.
დედას ძალიან წყინს, როცა სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგი ცივია, ემოციების გამოხატვა არ შეუძლია და არ იღიმება. „რაც სტადიონზე ჩანს, 360 გრადუსით განსხვავებულია სახლში, ხუმარაა, კარგი იუმორი აქვს“ - ამბობს თამუნა ბლიაძე.
რაც შეეხება ესპანეთთან დაპირისპირების პროგნოზებს. მამა ფიქრობს, რომ ანგარიში იქნება 0:0 და პენლები დაინიშნება.
დედა კი პენლების წინააღმდეგია, რადგან ძალიან ღელავს „ვამბობ, რომ ფეხბურთი მომკლავს მე. რასაც მიყურებთ, 10 წლით დაბერებული ვარ უკვე“ - ამბობს თამუნა ბლიაძე.
იხილეთ ინტერვიუ სრულად: