საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ღირსეულად იასპარეზა, არაერთი აღიარება და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა. როგორც ცნობილია, ნაკრების წევრების დიდმა ნაწილმა კარიერა დინამოს აკადემიიდან დაიწყო და განვითარდა. ამიტომაც, ბოლო დღეების განმავლობაში აკადემიის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. დინამოს აკადემიის მენეჯერს, ნანა ბრეგვაძეს ხშირად დასმული შეკითხვებით მივმართეთ:
"აკადემიაში მიღების წინაპირობა არ არსებობს. ნებისმიერ მსურველს ვაძლევთ საშუალებას, ვარჯიში დაიწყოს და საკუთარი მონაცემები გამოავლინოს. აკადემიაში 5-დან 13-14 წლამდე ასაკის ბავშვებს ვიღებთ. მშობელი რეგისტრირდება სპეციალურ ლინკზე და იმის მიხედვით, რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვაქვს მიღება, დარეგისტრირებულ მშობლებს ვუკავშირდებით. მიღებისას, სტანდარტულად, ფორმა 100-ის წარდგენაა საჭირო.
ვარჯიში კვირაში 3-ჯერაა, სექტემბერში გვეცოდინება, ჯგუფები რომელ ასაკობრივ კატეგორიაში დაემატება და ამის შემდეგ დავუკავშირდებით მშობლებს.
5-დან 14 წლამდე ვარჯიში მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვმა შესაძლოა, 1-2 წელიწადში ისეთი კარგი მონაცემები გამოავლინოს, რომ აკადემიაში, უფასო გუნდში გადავიდეს. უფასო გუნდები 10 წლიდანაა, სადაც პროფესიონალურ ვარჯიშებს გადიან. არიან ბავშვები, რომლებიც 5-დან 14 წლამდე ისე მიაღწევენ, რომ სხვაგან ვეღარ აგრძელებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბავშვის მონაცემებზეა დამოკიდებული. მწვრთნელი პირველად ინფორმაციას კოორდინატორს გადასცემს, კოორდინატორი სელექციონერს, შემდეგ გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს. მთელი რგოლია, ვინც განსაზღვრავს, რომ ბავშვს ნამდვილად აქვს სერიოზული მონაცემები და უფასო გუნდში უნდა ითამაშოს. ახლაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მონაცემების მქონე მოთამაშეები გვყავს, აკადემიაში 30-მდე ბავშვი ცხოვრობს.
როცა ბავშვები შესაბამის ასაკობრივ გუნდებში გადადიან, სადაც პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობენ, აქ უკვე, რა თქმა უნდა, სინჯებია. თუმცა, თავიდან, როგორც გითხარით, ყველას აქვს იმის საშუალება, რომ თავიანთი მონაცემები გამოავლინოს. ბავშვები კვირაში 3-ჯერ ვარჯიშზე მოდიან და ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებიან.
აკადემიაში შესაძლოა, დარჩეს ბავშვი, თუ ის რეგიონიდანაა, არის სოციალურად დაუცველი და ვერ ახერხებს სხვაგან ცხოვრებას. ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, ბავშვი აკადემიაში იცხოვრებს თუ არა. ასევე, აკადემიაში შეიძლება დარჩნენ ის ბავშვები, რომლებზეც მწვრთნელი იტყვის, რომ განსაკუთრებული მონაცემები აქვს. მაგალითად, ეროვნული ნაკრების ბევრი ფეხბურთელი პირველივე დღიდან ჩვენთან ცხოვრობდა იმიტომ, რომ თავიდანვე მკვეთრად გამოკვეთილი მონაცემები ჰქონდათ. ჩვენივე მიკროავტობუსით ახლომდებარე სკოლაში მიგვყავდა.
ამ ეტაპზე მიღება ძალიან შეზღუდულია, ვინაიდან გაზრდილი მომართვიანობის გამო ყველა ჯგუფი შევსებულია. შესაძლოა, ჯგუფები კიდევ დავამატოთ და ამის შესახებ სექტემბერში გვეცოდინება." - ამბობს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის მენეჯერი.
თამარ იაკობაშვილი