ულამაზესი ემანუელ ბეარი არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო კინოს ვარსკვლავია და წლების წინ ყველაზე სასურველი, ყველაზე სექსუალური და ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგებში ყოველთვის ხვდებოდა. როგორი იყო მისი ცხოვრების გზა და რას ნანობს დღეს, 60 წლის ასაკში?
ემანეუელი 1963 წლის 14 აგვისტოს დაიბადა ცნობილ კურორტ სენ-ტროპესთან ახლოს, გასინში. მისი მშობლები ცნობილი ადამიანები იყვნენ - მამა, გი ბეარი, ცნობილი პოეტი და კომპოზიტორი გახლდათ, დედა ჟენევიევა გალეა კი ახალგაზრდობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო საფრანგეთში.
ოჯახში მის გარდა იზრდებოდნენ მისი ორი ძმა და ერთი და.
13 წლის იყო, როცა ერთ-ერთ ფილმში რომი შნაიდერის შესრულება ნახა და მას მერე გადაწყვიტა, რომ მსახიობი გამხდარიყო. დაიწყო დამოუკიდებლად სწავლა - ბევრს კითხულობდა, მეცადინეობდა გამოთქმით კითხვაში, ინგლისურში. ზაფხულებს კანადაში ატარებდა, მამის მეგობრის ოჯახში, რომ ინგლისური წარმოთქმა გაეუმჯობესებინა.
უფროს კლასებში საერთაშორისო კოლეჯში სწავლობდა და პარალელურად პარიზში სამსახიობო ოსტატობის კურსებს ესწრებოდა. 20 წლის იყო, როცა პირველად აღმოჩნდა ეკრანზე ფილმში "საიდუმლო სურვილები". პირველი წარმატება, რასაკვირველია, გამორჩეულმა გარეგნულმა მონაცემებმა მოუტანა, თუმცა მალე ყველამ აღიარა, რომ მშვენიერთან ერთად, ემანუელი ძალიან ნიჭიერიც იყო.
მალე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა, რომლის გადაღებაც ყველას უნდოდა, არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ჰოლივუდურ პროექტებშიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმები მისი მონაწილეობით იყო კომედია "ლიფტიდან მარცხნივ", პიერ რიშართან პარტნიორობით, ასევე "ფრანგი ქალი", "საიდუმლო სიყვარული" და ა.შ.
კინოს დაუკავშირდა მისი პირადი ცხოვრებაც. მისი პირველი ქმარი ცნობილი ფრანგი მსახიობი დანიელ ოტეი გახლდათ, რომელიც ფილმის გადაღებებზე გაიცნო. მათი ურთიერთობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. მხოლოდ 1993 წელს იქორწინეს და 1995 წელს უკვე განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ქორწინებაში შეეძინა ემანუელს ქალიშვილი ნელი, რომელიც ამჟამად იურისტია.
შემდეგ რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა მუსიკოს დენი მოროსთან, რომლისგანაც 1996 წელს შეეძინა ვაჟი იოჰანი.
შემდეგ იყო რომანი კინოპროდიუსერ ვინსენტ მეიერთან 2003 წლამდე - სწორედ ამ წელს დაასრულა მეიერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით.
ტრაგედიიდან 5 წელიწადში ემანუელი ისევ გათხოვდა - ამჯერად, ოფიციალურად. მისი რჩეული ცნობილი მსახიობი და რეჟისორი მიხაელ კოენი აღმოჩნდა, მასზე 17 წლით უმცროსი. ემანუელს ასაკის გამო შვილის გაჩენა აღარ შეეძლო, ამიტომ წყვილმა პატარა ეთიოპიელი ბიჭუნა იშვილა.
ამ კავშირს დიდხანს არ გაუძლია - სამ წელიწადში წყვილი დაშორდა. ბოლო წლებში კი ემანუელს რომანტიკული ურთიერთობები აქვს რეჟისორ ფრედერიკ შროდერთან.
ემანუელისთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია მისი გარეგნობა და ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღემდე ნანობს. 27 წლისამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა ტუჩების ფორმის კორექციისთვის. თუმცა ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ქირურგებს კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწიათ. მას მერე ფრანგი ვარსკვლავი ქალებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პლასტიკისგან, თუ უკიდურესი საჭიროება არ აქვთ.
ემანუელი იუნისეფის კეთილი ნების ელჩია, საზოგადო აქტივისტია, იცავს იმიგრანტების უფლებებს და აპროტესტებს ანტიიმიგრაციულ კანონმდებლობას.