ყველა ასაკის ბავშვს მოეწონება ამ ორცხობილების კნატუნი მათაც შეუძლიათ, ვინც უკვე დაიწყო პურის, ორცხობილების და სხვა მსგავსი რამე-რუმეების დაგემოვნება, ანუ უკვე აქვს რამდენიმე კიჭი (7-8 თვიდან), რომ აკნატუნოს, და მათაც, ვინც უფროსია – ყველა ასაკის ბავშვს მოეწონება.
დაგჭირდებათ:
ფქვილი – 300 გრ
წყალი – 150 გრ
ზეთი – 30 მლ
შაქარი – 1 ჩაის კოვზი
მარილი – ¼ ჩაის კოვზი
გამაფხვიერებელი ან სოდა – ¼ ჩაის კოვზი
მომზადება:
ეს ინგრედიენტები ყველას მოეპოვება და მარტივი მოსამზადებელია. უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის შეგიძლიათ შაქარი დაუმატოთ, ცოტა ვანილიც. შემადგენლობაში გამაფხვიერებელიც არის, თუმცა მის გარეშეც აკეთებენ. თუ ხელთ არ გაქვთ სასწორი, ფქვილი დაახლოებით 1,5 ჭიქა დაგჭირდებათ, წყალი – 2/3 ჭიქა, ზეთი – 2 სუფრის კოვზი. ფქვილი შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები დაგჭირდებათ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
მაშ ასე: ფქვილს დაამატეთ შაქარი და მარილი. თანდათან დაამატეთ წყალი, მოურიეთ ჯოვზით. დაუმატეთ ზეთი და ცოტა რომ მომაგრდება ცომი, ხელით მოზილეთ. უნდა გამოვიდეს დაახლოებით პელმენების ცომის მსგავსი ცომი. თუ თხელი გეჩვენებათ, კიდევ დაამატეთ ფქვილი, თუ ძალიან გამაგრდა – წყალი დაუმატეთ.
ცომი ძეხვივით დააგორგლეთ და ფქვილმოყრილ დაფაზე მოათავსეთ. გაჭერით "ძეხვი" პატარა ნაჭრებად.
თითოეული ნაჭერი პატარა სიმრგვალედ გააბრტყელეთ, ოღონდ ძალიან თხელი არ გამოგივიდეთ. მერე ისიც დააგორგლეთ, რომ პატარა გრძელი სოსისებივით გამოვიდეს და ბოლოები ერთმანეთს მიამაგრეთ. თუ არ იქნება იდეალური ფორმის, არა უშავს, ყოველი მეორე უკეთესი გამოგივათ. რომ მოამზადებთ ყველას, ლანგარზე მოათავსეთ, რომელზეც მანამდე საცხობ ქაღალდს დააფენთ და ზეთს წაუსვამთ. 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით და დაახლოებით 25 წუთით აცხვეთ. ოქროსფერი რომ გახდება, გამოიღეთ და დააცადეთ, გაცივდეს. მერე კი აასხით თოკზე ბლითებივით და ბავშვებს გაასინჯეთ.