ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელ პროდუქტებთან და მედიკამენტებთან არ შეიძლება ყავის მალევე მიყოლება და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ზიანი თავიდან აირიდოთ:
- საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ძალიან ხშირია. ლევოთიროქსინს ბევრი პაციენტი იყენებს. ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, მინიმუმ, 1 საათი ყავის დალევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე, ქალბატონები, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებენ, ინტერვალის დაცვა აქაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ყავის დალევა ამ პრეპარატების მოქმედებას ამცირებს. ყურადღებით უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასთმა. რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმს უნდა გაესაუბრონ, მაგრამ ასთმის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის დროს ყავის დალევა მცირე დოზითაც არ შეიძლება. თუ პაციენტი კონკრეტულად რომელიმე ცალკეულ ვიტამინს, განსაკუთრებით, დეფიციტის შესავსებად იყენებს, უმჯობესია, ყავის დალევასა და ვიტამინის მიღებას შორის, მინიმუმ, 1-საათიანი ინტერვალი დაიცვას.
საქონლის წითელ ხორცს, ცხვრის ხორცს, რომელიც რკინით მდიდარია, მაშინვე ყავა არ უნდა მივაყოლოთ. ზომიერი მიღების შემთხვევაში, ყავისგან ბევრ სასარგებლოს ვიღებთ და არანაირი ცუდი ზეგავლენა არ აქვს. მაგრამ, ყავა, დაახლოებით, 2-3 მილიგრამ კალციუმს გამოდევნის. კალციუმი ძვლის სიჯანსაღისათვის მნიშვნელოვანი მინერალია. თუმცა, თუ ჩვენ რძიან ყავას მივირთმევთ, ამით კოფეინის ის ზეგავლენა ნეიტრალდება, რაც კალციუმის შეწოვას ხელს უშლის. მაგრამ, მათთვის, ვისაც რძიანი ყავა არ უყვარს და უყვარს უბრალოდ შავი ყავა, უმჯობესია, დღის განმავლობაში, ხაჭო, რძის პროდუქტები მიიღონ და კალციუმის დანაკლისი შეივსონ. წყალთან ერთად მირთმეული ყავა ეფექტს არ ანეიტრალებს. წყალი ამ შემთხვევაში უფრო გემოვნური თვისებების მატარებელია.