კიევში მომხდარ მორიგ საზარელ ფაქტს (ბავშვთა საავადმყოფოს რუსული რაკეტა მოხვდა) ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა გამოეხმაურა, რომელიც სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაერიდა რუსეთს. ის ბოლო წლებია ქმართან ერთად ჯერ ისრაელში ცხოვრობდა, იქ დაწყებული კონფლიქტის შემდეგ კი კვიპროსზე გადაინაცვლა. ალა ღიად დაუპირისპირდა პუტინის პოლიტიკას, ჯერ ნამდვილად არ გეგმავს დაბრუნებას და რუსეთში მდებარე სასახლის გაყიდვასაც ცდილობს, ჯერჯერობით უშედეგოდ.
ახლა კი სოციალურ ქსელში უკრაინაში მომხდარი საზარელი ფაქტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ღმერთი მოწყალეა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი".
სწორედ ამ პოსტს მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია რუსეთში. რუსეთის სახელმწიფო დუმაში ინიციატივით გამოვიდნენ, პუგაჩოვა უცხოეთის აგენტად გამოაცხადონ და რუსეთის ფედერაციაში არსებული ქონება მთლიანად ჩამოართვან. "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისა და დასავლეთის პროპაგანდისთვის მუშაობის გამო", - განაცხადა დეპუტატმა ალექსეი ჟურავლიოვმა.
რუსეთში ჯიუტად ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოზე შეტევა არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტით განხორციელდა და ეს განგებ მოხდა, პროვოკაციისთვის. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსული ჯარები მხოლოდ იმ სამიზნეებს ურტყამენ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან.