ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძეგადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვმა ყველანაირი ემოცია გამოხატოს და რატომაა ცუდი, როცა მშობელი ცდილობს, შვილს აბსოლუტურად ყველაფერი შეუსრულოს და ყველანაირი სტრესისგან დაიცვას:
- ნეგატიური ემოციების გვეშინია და ვცდილობთ, რომ ჩავახშოთ. ამიტომ, ბავშვს ვეუბნებით: "არ იტირო"... ჩვენ პირიქით ვურჩევთ ხოლმე მშობლებს და ეს რჩევა ცოტა უცნაურია: ბავშვს, არ ვეუბნებით, რომ არ იტიროს, არ ვახშობთ ამ ემოციას, არ გვეშინია და ვახმოვანებთ. მაგალითად, "მე მესმის, რომ შენ გეწყინა", "მესმის, რომ გაბრაზდი." გარდა იმისა, რომ გვეშინია და გვინდა, ეს ემოცია ჩავახშოთ, ოღონდ ეს რეაქცია არ ჰქონდეს, ყველაფერზე წამსვლელები ვართ. შეგვიძლია, შევუსრულოთ ყველაფერი, მის სურვილებს მივყვეთ. ამით დათვურ სამსახურს ვუწევთ. "ბავშვს ნერვები არ მოეშალოს", "არ ატირდეს" - ალბათ, ხშირად გაგვიგია მსგავსი ფრაზები. ბავშვი იმისთვისაა, რომ იტიროს და იმისთვისაა, რომ ამ ტირილით შეგატყობინოს, თავად რა აწუხებს. შენი, მშობლის, ამოცანა კი უნდა იყოს ის, რომ გააგებინო, რომ მისი გესმის. მაგალითად, როცა ბავშვს კანფეტი უნდა, მაგრამ კონკრეტულ დროს ჭამა არ შეიძლება, უნდა ვუთხრათ: "კანფეტი ახლა არა - ჭამის შემდეგ. მე კი მესმის, რომ ახლა გინდა კანფეტი და ისიც მესმის, რომ ტირი და გწყინს." აი, ეს არის სწორი მიდგომა. ბავშვის ემოციას არ უგულებელვყოფთ, მაგრამ სოციალიზაციისთვის, იმისთვის, რომ იმპულსის შეკავება ისწავლოს და ნებელობა გამოიმუშაოს, მის სურვილებზე ყოველთვის არ მივდივართ და ვავარჯიშებთ. მსგავსი მიდგომა ვარჯიშია. საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბავშვი იაპონურად უნდა გავზარდოთ, არაფერი არ უნდა დავუშალოთ, პოზიტიური მშობლობაც ასეა გაგებული. პოზიტიური მშობლობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველაფერი შევუსრულოთ. იმიტომ კი არა, რომ ბოროტები ვართ. იმიტომ, რომ მისმა ტვინმა დაბრკოლებების გადალახვაზე უნდა ივარჯიშოს. უნდა ვასწავლოთ, დაბრკოლებები როგორ გადალახოს. მაგრამ, ცხადია, ეს შეუქცევადი სტრესი არ უნდა იყოს.
მშობლები ხშირად ამბობენ, "ბავშვი სტრესში არ ჩავარდეს", "არაფერზე შეწუხდეს" - ასე არ არის. უნდა ვასწავლოთ, როგორ უნდა შევიდეს სტრესში და იქიდან როგორ უნდა გამოვიდეს. იმიტომ, რომ მას ცხოვრებაში სერიოზული დაბრკოლებები შეხვდება. მერე როცა ბავშვს სხვადასხვა დაბრკოლება ხვდება, ძალიან ბევრი უკან იხევს. მის გადალახვას საერთოდ აღარ ცდილობს და სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ამიტომ, მშობლის როლი ეს არის, რომ შვილს ასწავლოს, როგორ გადალახოს, როგორ გამოხატოს ემოცია. "პატარაა და ვერ გაიგებს." - უფროსების მთავარი შეცდომა სწორედ მსგავსი დამოკიდებულებაა. "პატარაა და ისეთი ემოცია არ ექნება, როგორიც ჩვენ." - ბევრად უფრო ინტენსიურია, ვიდრე ჩვენ. მაგრამ, მისი მართვა არ იცის.