2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. აბიტურიენტები, განრიგის შესაბამისად, სხვადასხვა საგნის ტესტებს წერენ. როგორც წესი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოქვეყნებას ივლისის ბოლოდან იწყებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. თუმცა, საგამოცდო პროცესში ჩართვა მე-11 კლასელებსაც შეეძლოთ. ბევრი მათგანი სასურველ საგანში საკუთარი ცოდნის შესამოწმებლად ერთ ან რამდენიმე გამოცდაზე დარეგისტრირდა.
აბიტურიენტთა ჯგუფებში ხშირად იკითხეს, აისახება თუ არა შედეგების სტატისტიკურ მონაცემებში მე-11 კლასელების მიერ დაფიქსირებული მონაცემები.
შეკითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი პირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა. შესაბამისად, მე-11 კლასელების მონაცემებს უნივერსიტეტში ჩარიცხვებში არ გაითვალისწინებენ. ხოლო, შედეგების ზოგად სტატისტიკაში, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად ქვეყნდება, კონკრეტულ საგანში, რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა, რამდენმა მოიპოვა მაქსიმალური შეფასება თუ სხვა, მათი ქულებიც აისახება.
თამარ იაკობაშვილი