კონდიციონერი ზაფხულის განუყრელი ნაწილია და ბევრი ადამიანისათვის ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, ის შესაძლოა, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს და სხვადასხვა ინფექციისა და დააავდების წყარო გახდეს. რა შემთხვევაში შეიძლება კონდიციონერმა ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან ავირიდოთ, თემაზე "პალიტრანიუსის" ეთერში ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს:
- კონდიციონერი თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთი მიღწევაა, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს და მისი გამოყენება კარგია. თუმცა, არსებობს გარკვეული მიზეზები, რომელთა გამოც კონდიციონერი ჩვენი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა არა სასარგებლო, არამედ მავნებელიც აღმოჩნდეს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ სიტუაციებს, როცა შესაბამის წესებს არ ვიცავთ. პირველ რიგში, კონდიციონერის შემოწმება სპეციალისტის დახმარებით უნდა მოხდეს.
კონდიციონერით შექმნილი პრობლემა მის ბიოფილტრებს უკავშირდება, რომლებსაც წესების შესაბამისად არ ვწმენდთ ან არ ვცვლით. თუ ჩვენ შესაბამის წესებს ვიცავთ, კონდიციონერით რაიმე დაავადების, განსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი დაბალია. მაგრამ, თუ ბიოფილტრები დაბინძურებულია, მას შეუძლია, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს. ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. არის როგორც ბაქტერიული, ვირუსული ინფექციები, ასევე სოკოვანი ინფექციები. დაწყებული ზემო სასუნთქი გზების პრობლემიდან, როგორიც შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ზემო სასუნთქი გზების გამოშრობა, დამთავრებული ფილტვების ანთებით. ასევე, ცნობილია, რომ კონდიციონერს შეუძლია ისეთი დაავადების გამოწვევა, როგორიცაა ლეგიონელოზი. რომელსაც ბაქტერია იწვევს და მძიმე ბაქტერიული პნევმონია ვითარდება. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ძალიან იშვიათია იმიტომ, რომ ლეგიონელას მთავარი წყარო დაბინძურებული წყალია. თუ დაბინძურებული წყალი კონდიცირების სისტემაში მოხვდება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია საფრთხე, რომ ლეგიონელოზი განვითარდეს.
ყველაზე ხშირად კონდიციონერს გრიპის მსგავსი ინფექციების გამოწვევა შეუძლია. გავრცელებას არა მხოლოდ დაბინძურებული ფილტრი უწყობს ხელს, არამედ თავად კონდიცირების სისტემაც. თუ ინფიცირებული ადამიანი ოთახშია და ვირუსს გამოყოფს, შემდეგ თუ ეს კონდიცირების სისტემაში ხვდება, რისკები იზრდება, რომ სხვა ადამიანებიც დაინფიცირდნენ. ამიტომ, თუკი ვირუსული ინფექცია გვაქვს, კონდიციონერის ჩართვას ან თავშეყრის ადგილებს ყოფნას მოვერიდოთ.
თუ ფილტრები არ იწმინდება და არ იცვლება, შეიძლება, კონდიციონერი გახდეს ადგილი, სადაც სხვადასხვა ობის სოკო გაჩნდება. ობის სოკოც შეიძლება, კონდიცირებით გავრცელდეს. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ ან ალერგიულები არიან. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება განუვითარდეთ როგორც ზემო სასუნთქი გზების მძიმე დაზიანება, ასევე უფრო სერიოზული დაავადებებიც.
ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ადამიანისათვის სასარგებლო არ არის. განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისათვის და მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
ასევე, გადაციებამ და დიდი ხნის განმავლობაში დაბალი ტემპერატურის პირობებში ყოფნამ შეიძლება, კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.
კონდიციონერი კარგი საშუალებაა, უბრალოდ უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვათ, ბიოფილტრები გამოვცვალოთ ან გავწმინდოთ იმის მიხედვით, თუ როგორაა ინსტრუქციაში მოცემული.
ყველა სპეციალისტი გვეუბნება, რომ კონდიციონერის ეფექტური მუშაობისთვის დახურული სივრცე უნდა იყოს. მაგრამ, თუ ერთ სივრცეში 3-4 საათი ჩართულია, აუცილებელია ოთახი გავანიავოთ, რათა დაბინძურებული ჰაერი გავიდეს და შედარებით სუფთა ჰაერი შემოვიდეს. ცენტრალური კონდიცირებისას ამ წესის დაცვა რთულია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტექნიკური საკითხების დაცვაა მნიშვნელოვანი. ყველა კონდიციონერს თავისი ინსტრუქცია მოჰყვება, სადაც მითითებულია, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიწმინდოს ფილტრები. თუმცა, საშუალოდ, ყოველი ახალი გამოყენების წინ უნდა შევამოწმოთ.
რაც შეეხება ბავშვებთან კონდიციონერის გამოყენებას, პირველ რიგში, რატომაც ბავშვებთან კონდიციონერის ჩართვას ერიდებიან, ინფექციების გავრცელებაა. ბავშვებს ამ დაავადებების მიმღებლობა უფრო მეტი აქვთ. ასევე, ტემპერატურის კონტროლი მნიშვნელოვანია. მაგრამ, თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გამართული კონდიციონერი გვქონდეს და ამავდროულად, ოთახში შევინარჩუნებთ იმ ტემპერატურას, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხოა, პირიქით, უკეთესია, რომ ნორმალურ ტემპერატურაში გვყავდეს, ვიდრე სიცხეში იყოს, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. არის გამონაკლისებიც, სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადებები, მაგრამ მეტწილად თუ კონდიციონერი გამართულად მუშაობს, არც ერთი ასაკისთვის არ არის ცუდი.
ალექსანდრე გოგინავამ ასევე მიმდინარე დაავადებებზე ისაუბრა და მოსახლეობას რეკომენდაციები გაუზიარა:
- წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ რესპირაციული ინფექციების, განსაკუთრებით გრიპის, სეზონი ცოტა გახანგრძლივდა. თუ წინა წლებში აპრილის შემდეგ ნაკლებად გვხვდებოდა, წელს ივნისის ჩათვლითაც იყო. ამჟამად სხვა რესპირაციული ინფექციები გვაქვს, რომელთა სიმპტომებიც მსგავსია, ახასიათებს ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება. როგორც წესი, მიმდინარეობა მსუბუქია და პაციენტებს სახლში მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდებათ. თუმცა, ქრონიკული და ფონური დაავადებების მქონე ბავშვებში აუცილებელია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მივმართოთ და სწორი რჩევები მივიღოთ. წელს ყივანახველის საკმაოდ ბევრი შემთხვევა გვაქვს და ასევე, სხვა ე.წ. ბატონების გამომწვევი ვირუსების საკმაოდ მაღალი გავრცელებაა. პირველ რიგში, გეგმიური ვაქცინაციაა პრევენცია. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ბავშვებს კალენდარული ვაქცინაცია ჩავუტაროთ, რადგანაც ამ გზით ვაქცინით კონტროლირებადი დაავადებების პრევენციას ხელს შევუწყობთ.
აგვისტო-სექტემბერი არის მნიშვნელოვანი თვეები, როდესაც ნაწლავური ინფექციების რაოდენობა იზრდება. წელსაც მოიმატებს. ნაწლავური ინფექციების გავრცელებს ხელს უწყობს ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა. ამიტომ, ხელები დავიბანოთ ან სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალებით დავიმუშაოთ და ასე მივირთვათ საკვები. მალფუჭებადი პროდუქტების არასწორად გამოყენებამ შესაძლოა, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და ნაწლავური ინფექციები გამოიწვიოს. ამიტომ, საკვები შესაბამის პირობებში შევინახოთ. ასევე, თუ გვაქვს სიმპტომები, ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდოთ.