დღეს მსოფლიო ლაპარაკობს 17 წლის ლამინ იამალზე - ბიჭზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საოცრად გაიბრწყინა. ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა 16 წლისამ დაიწყო თამაში და სულ ახლახან გახდა 17-ის. ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, ხოლო მამამისი ყველაზე ახალგაზრდა მამაა ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელებიდან - ის 35 წლისაა და მისი ტოლი ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა.
ლამინ იამალ ნასრაუი ებანა "ბარსელონის" ვარსკვლავი იყო აქამდე, სადაც 51 მატჩი ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. "ის ისეთებს იზამს, ვერავის ვერ წარმოუდგენია, - ამბობს ივან კარასკო, რომელიც იამალს ბავშვობაში ავარჯიშებდა, - ხანდახან მიფიქრია: "რა უნდა ვასწავლო მას, თუ ის უკვე ისე თამაშობს, რაც ადრე არასდროს მინახავს".
მსოფლიო მოიარა ფოტომ მესისთან ერთად. ამ ფოტოზე მესი 20 წლისაა, იამალი - სულ პაწაწინა. ფოტო 2007 წელს გადაიღო Associated Press-ის ფოტოგრაფმა ჯოან მონფორტმა იუნისეფის კალენდრისთვის, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონის" გასახდელში. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ფოტოზე ორი ლეგენდა იყო აღბეჭდილი. გავიდა სულ ცოტა წელი და იამალი "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა - 15 წლის იყო, ამ კლუბში რომ დაიწყო თამაში.
ლამინ იამალი ბარსელონასთან ახლოს მდებარე პატარა ქლაქ მატაროში დაიბადა და ძალიან უყვარს ეს ადგილი. საფირმო ნიშანი 304, რომელსაც ის თითებით აკეთებს ტრიუმფის მომენტში, იმ რაიონის პატივისცემის ნიშნად არის, რომელშიც გაიზარდა - როკაფონდა 304. ეს რაიონი მიიჩნევა ყველაზე ღარიბ და მივარდნილ უბნად არა მხოლოდ კატალონიაში, არამედ მთელ ესპანეთში და ამ რაიონიდან წამოსული ბიჭის წარმატებები, ძალიან დიდი მოტივაციაა იქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. იქ ძირითადად იმიგრანტები ცხოვრობენ, ისევე, როგორც არიან ლამინის წინაპრები. დედამისი ეკვატორული გვინეიდან არის, მამა - მაროკოელია. მამას უყვარდა ფეხბურთი და ლამინი ამბობდა, რომ სწორედ მამისა და ბიძის თამაშმა შეაყვარა ფეხბურთი. ბავშვობიდან მთელ დღეებს ქუჩაში ატარებდა, ბურთს დასდევდა. მერე კი მამამ, რომელიც იმ დროისთვის უკე გაშორებული იყო ცოლს, თუმცა შვილს ყურადღებას არ აკლებდა, ბიჭუნა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" აკაემიაში მიიყვანა. იქ მაშინვე მიხვდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე და იამალის დატოვება გადაწყვიტეს, თუმცა მამამ მოითხოვა პირობა - თუ იამალი დარჩებოდა, მას იქვე უნდა მიეღო განათლება.
ესპანეთში ამბობენ, რომ იამალის წარმატება არ არის მხოლოდ მისი წარმატება, ეს არის იმედი მთელი იმ თემისთვის, რომელიც წლები მიდიოდა დეგრადირებისკენ და იგნორირებული იყო დანარჩენი მოსახლეობის მიერ. ეს არის იმედი იმ ხალხისთვის, რომელსაც იმედიც გაუქრა ამ ჩაკეტილი წრის გარღვევის.
დღეს იამალი კვლავ დიდ დროს უთმობს სწავლას - ჩემპიონატის დროსაც ემზადებოდა გამოცდებისთვის და ახლა სკოლის დამამთავრებელ საფეხურზეა. თავად ამბობს, რომ სხვა მესი აღარ იქნება და თავს არ მიიჩნევს მესის ტოლად, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ის ახალი მესია.